2018 წელს საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა 1098,9 ათასი ტონა შეადგინა, რაც 3,1 ათასი ტონით აღემატება 2017 წლის მაჩვენებელს (1095,8 ათასი ტონა).
2018 წელს ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 542,0 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა – 556,9 ათასი ტონა. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემებით, გასულ წელს ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი ოდენობა განხორციელდა რუსეთიდან – 292,2 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 26,6%-ს შეადგენს. მიმდინარე წელს რუსეთი არის საწვავის სტაბილურად ყველაზე მსხვილი მომწოდებელი ქვეყანაში, რომელმაც ჩაანაცვლა რუმინეთი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში საწვავის ყველაზე მსხვილი მომწოდებელი იყო.
მათ შორის, 2018 წელს ბენზინის იმპორტის ყველაზე დიდი ოდენობა განხორციელდა რუსეთიდან – 217,4 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 40,1%-ს შეადგენს, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი ოდენობა განხორციელდა აზერბაიჯანიდან – 174,5 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 31,3%-ს შეადგენს.
“მიმდინარე წელს ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი უმნიშვნელოდ, თუმცა მაინც გაიზარდა გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რეალურად საწვავის მოხმარება არ გაზრდილა, ის მცირედით შემცირდა კიდეც, ვინაიდან 2016 წლის დეკემბერში განხორციელდა საშუალოდ 70 ათასი ტონით მეტი პროდუქტის იმპორტი წინა წლების ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით, რომელიც მოხმარებაში გავიდა უკვე 2017 წლის პირველ თვეებში. აღნიშნული დაკავშირებული იყო საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეტანილ ცვლილებასთან, რომელიც ეხებოდა საწვავზე აქციზის გადასახადის ზრდას, რომელიც ძალაში შევიდა 2017 წლის 1 იანვრიდან. ზოგადად, საწვავის იმპორტი და მოხმარება კვლავინდებურად მაღალ მაჩვენებელზეა, რასაც ხელს უწყობს სატრანსპორტო პარკის ყოველწლიური ზრდა”, – განმარტავენ ნავთობიმპორტიორთა კავშირში.
ცნობისთვის, საწვავის იმპორტი წლების მიხედვით შეადგენდა: 2015 წელი – 1036,0 ათასი ტონა, 2016 წელი – 1229.6 ათასი ტონა, 2017 წელი – 1095,8 ათასი ტონა, 2018 წელი – 1098,9 ათასი ტონა.