მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა 2017-2018 წლების მსოფლიო კონკურენტუნარიანობის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 137 ქვეყნის მონაცემს აერთიანებს.
უკვე მეექვსე წელია მსოფლიოს ყველაზე კონკურენტუნარიან ქვეყნად შვეიცარია სახელდება. ის კვლევის 12-ვე სფეროში უმაღლეს შეფასებას იღებს.
მიმდინარე წელს, თავისი შედეგი რეკორდულად გაიუმჯობესა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. ქვეყანამ რეიტინგში მეორე ადგილი დაიკავა, გასული წლის მესამე ადგილის ნაცვლად. ამერიკის შეერთებული შტატები რეიტინგის შედგენის პირველ წელს მეშვიდე პოზიციაზე იყო. მსოფლიოს ნომერ პირველ ეკონომიკას მაღალი შეფასებები აქვს ინოვაციებისა და ეფექტურობის კრიტერიუმებში, თუმცა საშუალო განათლებისა და ჯანდაცვის კატეგორიებში ჩამორჩება.
წლევანდელ რეიტინგში ერთი პოზიციით ჩამოქვეითდა სინგაპური და მან მესამე ადგილი დაიკავა. ქვეყნის მაკროეკონომიკურ კრიტერიუმზე წელს ნეგატიური გავლენა იქონია სამთავრობო ვალის ზრდამ.
რეიტინგის ხუთეულში მოხვდა გერმანია და ნიდერლანდები. მეექვსე ადგილზე მოხვდა ჰონგ კონგი, ხოლო მეშვიდეზე კი შვედეთი. წლევანდელ რეიტინგში გაერთიანებულმა სამეფომ მერვე ადგილი დაიკავა, ხოლო ათეულის ბოლო ორ პოზიციაზე მოხვდა იაპონია და ფინეთი.