გასული კვირის პარასკევიდან ლარი სწრაფად უფასურდება. დღეს ოფიციალური კურსი დოლარის მიმართ 2.18-ია, თუმცა ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე 2.22-სა და 2.23-ს შორის მერყეობს. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის თებერვლიდან 11 ივნისადმე ლარს გამყარების ტენდენცია ჰქონდა და ეროვნულმა ბანკმა კურსის გამყარების ტემპის შესანელებლად მარტ-ივნისში 258 მლნ დოლარი შეისყიდა, რეფინანსირების განაკვეთი კი 8%-დან 7%-მდე შეამცირა, შეამცირა ლარში რეზერვირების ნორმაც.
ერთ მხრივ, საქართველოს ეკონომიკას სჭირდება ლარის მასის ზრდა (ეკონომიკური ზრდის დაფინანსებისთვის) და მეორე მხრივ, ჯერ-ჯერობით ლარის კურსმა ვერ მიაღწია წონასწორობის მყარ ნიშნულს და მონეტარული პოლიტიკის შერბილებას (რაც გამოიხატა ბოლო 2 თვეში ლარის მასის 300 მლნ-ით ზრდაში) მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ლარის კურსზე.
ლარის კურსზე მოქმედ საგარეო ფაქტორებს რაც შეეხება, უცნობია ივნისში რა ტენდენციები გვაქვს ამ მიმრთულებით (სტატისტიკა ივლისიდან გამოქვეყნდება). სავარაუდოდ, დოლარის მნიშვნელოვანი მოცულობით გადინებას აქვს ადგილი.