ავსტრალიელმა ბიზნესმენმა, ქრეიგ რაიტმა საკუთარი თავი ბიტკოინების შემქმნელად გამოაცხადა. ადრე ამ ვალუტის გამომგონებლად სატოში ნაკამოტო ითვლებოდა. რაიტმა განაცხადა, რომ სწორედ ის არის ნაკამოტო.
მთელი ამ დროის განმავლობაში, რაც ბიტკოინი არსებობს, მედია უშედეგოდ ეძებდა ვალუტის გამომგონებელს. 2015 წლის დეკემბერში ჟურნალებმა Wired და Gizmodo მიიღეს რაიტისგან მოპარული დოკუმენტები, რის საფუძველზეც გაჩნდა პირველი ცნობები, რომ რაიტმა შექმნა ბიტკოინი. ამის შემდეგ ავტრალიის სამართალდამცავმა სტრუქტურებმა რაიტის სახლის ჩხრეკის ორდერი გასცეს და დაიწყო გამოძიება გადასახადების გადახდის კანონიერების ნაწილში. ამ ყველაფრის შედეგად, რაიტი დაუკავშირდა სამ მედიასაშუალებას – BBC, The Economist და GQ – და აცნობა, რომ ის სწორედ არის ბიტკოინის შემქმნელი.
“მე მყავს ადვოკატები, რომლებიც ცდილობენ გაარკვიონ, რამდენი უნდა გადავიხადო. არ მინდა ვიყო საჯარო ფიგურა, უკეთესი იქნებოდა ჩემი სახელი არ გამხდარიყო საჯარო. მაგრამ მინდა გავაგრძელო მუშაობა, ვაკეთო ის რასაც ვაკეთებ. არ მჭირდება არც ფული, არც დიდება, არც ჩემით აღფრთოვანება. მინდა, რომ თავი დამანებონ”_ განაცხადა ქრეიგ რაიტმა.