უცხოეთში დასაქმებულთა მიერ საქართველოში გადმორიცხული თანხები კლებას განაგრძობს. 2015 წლის ივნისში წინა წლის ივნისთან შედარებით ფულადი გზავნილები 26 მლნ დოლარით (21%-ით) შემცირდა. იანვარ-ივნისში კი ჯამში 159 მილიონი დოლარით (23%-ით) შემცირდა.
უცხოეთში დასაქმებულთა ფულადი გზავნილების კლება ძირითადად რუსეთიდან გადმორიცხვების შემცირებამ განაპირობა. მიმდინარე წლის ივნისში, წინა წლის ივნისთან შედარებით, რუსეთიდან გადმორიცხვები 23.9 მილიონი დოლარით (35%-ით) შემცირდა. გზავნილების შემცირების მიხედვით მეორე-მესამე ადგილებზეა საბერძნეთი და იტალია, საბერძნეთიდან 4.6 მილიონი დოლარით (25%-ით) შემცირდა, ხოლო იტალიიდან 1.5 მილიონი დოლარით (16%-ით). 1.8 მილიონი დოლარით (27%-ით) გაიზარდა გზავნილები აშშ-დან.
ფულადმა გზავნილებმა შემცირება გასული წლის ოქტომბრიდან დაიწყო და ლარის გაუფასურების ერთ-ერთი მიზეზი გახდა. ბოლო 9 თვეში გზავნილები 226 მილიონი დოლარით არის შემცირებული.