2003 წლის 7 მარტს FIFA-მ გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატი სამხრეთ ამერიკაში ჩატარდებოდა, პირველად 1978 წლის შემდეგ და მეხუთედ ტურნირის 84-წლიან ისტორიაში. თავდაპირველად, ბრაზილიის გარდა, მასპინძლობის სურვილი არგენტინამ და კოლუმბიამაც გამოთქვეს, თუმცა შემგდომში არგენტინას არც შეუტანია ოფიციალური განაცხადი, ხოლო კოლუმბიამ 2007 წლის აპრილში გაიტანა თავისი შეთავაზება და უკონკურენტოდ დარჩენილმა ბრაზილიელებმა მასპინძლობის უფლება მოიპოვეს.
წესების თანახმად, მასპინძელ ქვეყანას ჩემპიონატის მატჩებზე დასასწრები ბილეთების ყველაზე დიდი წილი მიაქვს. წელსაც ასეა. სულ გასაყიდად 1.5 მილიონზე მეტი ბილეთია გამოტანილი, აქედან 906 433 ბილეთი ბრაზილიელებისთვის არის გათვალისწინებული, ანუ ბილეთების საერთო რაოდენობის 57%. ასეთი დიდი კვოტა ორგანიზატორ ქვეყანას აქამდე არასდროს ჰქონია. ბრაზილიელთა წილი 623%-ით მაღალია აშშ-ის მოქალაქეებისთვის გათვლილ რაოდენობაზე – ისინი 125 465 ბილეთს მიიღებენ. ათეულში ასევე შედიან: კოლუმბია (60 231 ბილეთი), გერმანია (55 666), არგენტინა (53 809), ინგლისი (51 222), ავსტრალია (40 446), საფრანგეთი (34,971), ჩილე (32,189) და მექსიკა (30,238).
საინტერესოა ბილეთების არნახულად მაღალი ფასიც. ჯგუფური ეტაპის 48 თამაშიდან, მეორად ბაზარზე, სწორედ ბრაზილიელების მონაწილეობით გასამართი 3 მატჩის ბილეთები იყიდება ყველაზე ძვირად. 12 ივნისს, მსოფლიო ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში, ბრაზილია და ხორვატია დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ამჟამად „შავ ბაზარზე“ ამ მატჩის ბილეთის საშუალო ფასია $2 252, ხოლო ბრაზილია – მექსიკა (17 ივნისი) ამ მომენტისთვის მსოფლიო ჩემპიონატის ყველაზე „ძვირი“ თამაშია (მეორე ნახევარფინალისა და ფინალის შემდეგ) – სტადიონზე მოსახვედრად $2 854 უნდა გადაიხადოთ. საერთო ჯამში, მეორად ბაზარზე, ჯგუფური ეტაპის მატჩებზე დასასწრები ბილეთების საშუალო ფასი 704 აშშ დოლარია. მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ მატჩზე დასასწრები ბილეთის საშუალო ფასი სავარაუდოდ 4 153 დოლარი იქნება. ვერაფერს ვიტყვით, ძვირი სიამოვნებაა.