ნიდერლანდების განვითარების ფინანსურმა კომპანიამ (FMO) ტერაბანკს 20 მილიონი დოლარის გრძელვადიანი დაფინანსება გამოუყო. ბანკმა თანხის ნაწილი 8,500,000 ევროს, ნაწილი კი 34,000,000 ლარის ობლიგაციების სახით მიიღო.
აღსანიშნავია, რომ მოზიდული ფინანსები ძირითადად ტერაბანკის ერთ-ერთი სტრატეგიული სეგმენტის, მცირე და საშუალო ბიზნესების ხელშეწყობასა და განვითარებას მოხმარდება. თანხის 15% კი ახალგაზრდა მეწარმეების მხარდაჭერაზე დაიხარჯება.
„მოხარულები ვართ, რომ ნიდერლანდების განვითარების საფინანსო კომპანიასთან ჩვენი წარმატებული თანამშრომლობა გრძელდება. ამ რესურსს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ტერაბანკის საკრედიტო საქმიანობის გაფართოებისა და მისი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მიმართულების, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისა და განვითარების გაუმჯობესებისთვის“, – აცხადებს ტერაბანკის ფინანსური დირექტორი სოფო ჯუღელი.
ტერაბანკსა და ნიდერლანდების განვითარების ფინანსურ კომპანიას შორის გრძელვადიან ურთიერთობას საფუძველი 2017 წელს ჩაეყარა. მნიშვნელოვანია, რომ იგი საქართველოში ინვესტიციების განხორციელებას, ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტებისა და ქვეყნის კაპიტალის ბაზრების განვითარების მხარდაჭერას კვლავაც აგრძელებს.
ნიდერლანდების განვითარების ფინანსური კომპანია 1970 წელს დაარსდა. იგი საჯარო-კერძო პარტნიორობას წარმოადგენს და კაპიტალის ინვესტიციას აფრიკის, აზიის, ლათინური ამერიკისა და აღმოსავლეთ ევროპის განვითარებადი ქვეყნების კერძო კომპანიებსა და ფინანსურ ინსტიტუტებში ახორციელებს. ინვესტიციები მდგრადი ეკონომიკური, ეკოლოგიური და სოციალური განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.