„განკითხვის დღე“ – არჩევნები ტფილისში

„განკითხვის დღე“ – არჩევნები ტფილისში

„დედამიწის ზურგზედ არ მოიძებნება იმისთანა ახირებული ქალაქი, როგორიც ტფილისია. არა, უკაცრავად, თვით ტფილისი კი არა, მისი პატრონები…. იგი სწორედ გულივერია და ზედ ასხედან კაცუნები, ლილიპუტები და სწოვენ სისხლსა. დიდ არს მოთმინება შენი ტფილის-ქალაქო, დიდ არს!“

ჩვენი ქალაქის გამგეობის ორ­­შაბათის სხდომაზე თითქმის არცერთი ისეთი საგანი არ გა­ნუხილავთ, რომელთაც რაიმე შესამჩნევი, საზოგადო მნიშვნელობა ჰქონდესთ“.

„ჩვენი ქალაქის გამგეობას როგორ­­ღაც დუშაშში ვერ მოუდის საქმე“.

ძველი ქართული პრესის ფურცლებზე ლამის ყოველდღიურ რეჟიმში კიცხავდ­­ნენ ქალაქის ხელმძღვანელ ორგანოებსა და ქალაქის საბჭოს ხმოსნებს.

„კარგი იქნებოდა ქალაქის გამგეო­ბას ამ საქმისთვის სასტიკი ყურადღე­ბა მიექცია“, „არ იქნება ურიგო რომ ქალაქის გამგეობამ იზრუნოს და ამ საგანს ღირსეული ყურადღება მიაქ­­ციოს“, – ხშირად წაიკითხავდით XIX საუკუნის ბოლო მეოთხედის ქართულ გაზეთებში. ეს არცაა გასაკვირი, მათზე ხომ უამრავი რამ იყო დამოკიდებული, ქალაქისა და მოსახლეობის ბედიცა და უბედობაც ხშირად სწორედ მათ „გადაწყვეტილებებზედ ეკიდა“.

„ცნობის ფურცელი“, სურათებიანი დამატება, 1902 წ.

მათ საქმიანობას განსაკუთრებით მწვავედ კარიკატურის ენით აკრიტიკებ­­დნენ. ეს ეხებოდა როგორც ზოგადად ქალაქის ხელმძღვანელ ორგანოებს, ისე კონკრეტულ პირებს. ამასთანავე, ყუ­რადღების ცენტრში ექცეოდა არათუ მიმ­­დინარე გამოწვევები, არამედ ქალაქის ხელმძღვანელობას უკვე მოუშორებელ ჭირად ქცეული, გადაუჭრელი პრობლემე­ბის გამოც მკაცრად კიცხავდნენ.

ხმოსნების დაცინვა და გაკიცხვა განსაკუთრებით აქტუალური არჩევნე­ბის წინა პერიოდში ხდებოდა, როდესაც ადამიანები, რომლებიც კენჭს იყრიდ­­ნენ, ამომრჩევლებს ათას რამეს ჰპირდებოდნენ.

თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით საგულისხმო ტექსტი გვხვდება 1897 წლის გაზეთ „ივერიის“ ერთ-ერთ ნომერში. შინაარსის გათვა­ლისწინებით, რედაქტორის ეს წერილი დღესაც, საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგაც ინარჩუნებს რელევანტურობას.

აი, ხსენებული ტექსტიც:

„ხვალ განკითხვის დღეა. განკითხ­­ვის დღეა იმისი თუ ვინ უნდა მოუაროს, ვინ უნდა უპატრონოს ტფილისს ამ ოთხს წელიწადს და ვინ უნდა იზრუნოს და ისაქმოს ადამიანურის გულის ტკივილი­თა და გულ-მოდგინებით ჩვენის კეთილ-დღეობისათვის, ჩვენის ავ-კარგიანო­ბისათვის.

აქამდე თუ ხმოსნების ამორჩევას საბჭოსათვის ყურს არ ვათხოვებდით და გულ-გრილად ვეკიდებოდით, დიდი შეცოდება იყო ჩვენ-მიერ ტფილისისა და მისთა მკვიდრთა წინაშე. ეხლა სულ სხვა დროა.

ტფილისი ჩვენი მშობელი ქალაქია, ყველანი ვინც აქა ვშობილვართ, აქა ვცხოვრობთ, აქა ვტრიალებთ, – რა მილე­თისაც გინდ იყოს კაცი, – მისი შვილები ვართ და სამსახური უნდა გავუწიოთ ერთ ნაირის გულის-ცემითა, ერთ ნაირის ნატვრითა, რომ ჩვენი დედა-ქალაქი გა­მოკეთდეს, მოფაქიზდეს, მოჯობინდეს, მოჯამრთელდეს.

„ცნობის ფურცელი“, სურათებიანი დამატება, 1902 წ.

ღმერთმა არა დაიშურა-რა ჩვენის დედაქალაქისათვის. ჰაერი, წყალი, ად­­გილი – ყველაფერი, რითაც ბუნება მოსა­წონებლად ჰქმნის ადამიანის საცხოვ­­რებელს, იმოდენად კარგი გვაქვს, რომ ბევრი უცხოელი შემოგვნატრის. თუ რამ ცუდია აქ, და ბევრი რამაც არის ცუდი, სულ იმისი ბრალია, რომ დედა-ქალაქს შვილობას არ ვუწევთ, გულ დადებით არ ვექცევით, სიყვარულით არ ვპატრო­ნობთ.

კანონმა ნება მოგვცა ჩვენს დედა-ქა­ლაქს ჩვენვე მოვუაროთ, ჩვენვე ვუპატ­­რონოთ ამ მხრით. ჩვენც საკმაო ხარჯს ვიხდით, რომ ეს პატრონობა, ეს მოვლა ყინულზე დაწერილი თამასუქი არ იყოს, ხარჯიც ტყუილ-უბრალოდ არ იქსაქსე­ბოდეს, საქმე ჩვენდა საკეთილდღეოდ კეთდებოდეს და კეთილი დღე და დღე ემატებოდეს ჩვენს მშობელს ქალაქსა.

ყველამ ერთად რომ პატრონობა და მოვლა მოვინდომოთ, შეუძლებელია. კა­ნონმა ეს კარგად იცოდა და დაგვიწესა უკეთესნი კაცნი რიცხვით ოთხმოცი ამო­ირჩიეთ თქვენ შორის და იმათ მიანდეთ ეგ პატრონობა და მოვლაო. და აი ხვალ ამისი განკითხვაა. რომ ჩაუფიქრდეთ, თქვენვე იტყვით ჩვენთან ერთად, რომ ეს სახუმარო საქმე არ არის.

ერთი გულმრუდობით აქეთ თუ იქით წასული კენჭი შემძლებელია იმისთანა კაცები დასვას საბჭოში, რომ მერე თქვე­ნი მშობელი ქალაქი, თქვენ თვითონ, თქვენი ოჯახი, თქვენი ცოლ-შვილი თავ­სა და პირს იხოკდეს, – ეს რა ღმერთი გაგვიწყრა, როგორ ამოვირჩიეთ ეს ჩვე­ნი წამწყმედელნი და დამღუპავნიო!

„ცნობის ფურცელი“, სურათებიანი დამატება, 1902 წ.

იცოდეთ, დიდი ცოდვა-მადლი თანა სდევს არჩევანსა და ვიდრე ხელი კენ­­ჭის ჩასაგდებად დაიძროდეს, თქვენს ნამუსს, თქვენს სინდისს, თქვენს გულს, თქვენს ჭკუას რამდენჯერმე დაეკითხეთ – ვინ არის ღირსეული და ვინ არა განურ­­ჩევლად დიდისა და პატარისა.

იცოდეთ, თქვენ გინდათ კაცი, რო­მელსაც თქვენი სიკეთე, თქვენი სიყვა­რული, თქვენთვის გულშემატკივრობა სულელობად არ მიაჩნია. თქვენ გინდათ კაცი, რომელსაც უნდა ებრალებოდეს თქვენი თავი, თქვე­ნი ცოლ-შვილი და თქვენის ოფლით მონაგარს ფულს, ხარჯად თქვენ მიერ გაცემულს, თქვენს კეთილად ცხოვრე­ბას, თქვენს მშვიდობით და უშიშრად ყოფნას ახმარებდეს, რამოდენადაც ყო­ველივე ეს შესაძლებელია.

თქვენ გინდათ კაცი, რომ მდიდარს განგებ არ აკლებდეს ქალაქის ხარჯსა და ხმა ამოუღებელს შეუძლებელს გან­­გებვე არ უმატებდეს და რაც მდიდარს დააკლეს, ღარიბს არ ახდევინონ.

თქვენ გინდათ კაცი, რომ თქვენი მიყრუებული უბნები ტალახისა და ტლა­პოებისაგან არა ჰყარდეს და მარტო მდიდართა ქუჩები არა ჰლაპლაპებდეს სიფაქიზითა.

თქვენ გინდათ კაცი, რომ ხორაგი, საჭმელ-სასმელი ქალაქის ბაზარში კარ­­გი და საღი იყოს და თქვენ არ გახდენ­­დნენ, არ გაფუჭებდნენ და ამ მხრით უშიშარ იყვნეთ.

თქვენ გინდათ კაცი, რომ პურს, ღვინოს, საჭმელ-სასმელს ჩარჩები თუ სხვა ვინმე განგებ მამასისხლად არა ჰხდიდნენ და ამით თქვენ და თქვენს ცოლ-შვილს არ უძვირებდნენ საჭირო საზრდოსა და საკვებავსა.

თქვენ გინდათ კაცი, რომ ქალაქის მო­ხელეებს ხელსა და კალთას არ აფარებდ­­ნენ, როცა იგინი არ ვარგანან და ტყუილ-უბრალოდ სჭამენ თქვენის ოფლით მონაგარს ფულსა ჯამაგირების სახითა.

„ცნობის ფურცელი“, სურათებიანი დამატება, 1903 წ.

თქვენ გინდათ კაცი, რომ ბუნებითად კეთილი ჰაერი თქვენის დედა-ქალა­ქისა არ იშხამებოდეს უწმინდურების სიმყრალითა და არა გშხამვიდეს თქვენ, თქვენს ოჯახს, თქვენს წვრილ-შვილსა.

თქვენ გინდათ კაცი, რომ წყალი უვ­­ნებელი და მოუწყვეტელი გქონდეთ და ამასთანაც რაც შეიძლება იეფი.

თქვენ გინდათ კაცი, რომ, რაკი ხო­რაგს თუ სასმელს ბაზარში ჰყიდულობთ, დახათრიჯამებული იყვნეთ, რომ წამხ­­დარს და მოწამლულს არ შემოგაპარებენ.

თქვენ გინდათ კაცი, რომ თქვენს წვრილ-შვილებს სწავლა-განათლების გზა და სახსარი მისცეს, გული კეთილს შეუჩვიოს, ჭკუა სჯასა და მოსაზრებასა, რამდენადაც შესაძლოა.

თქვენ გინდათ კაცი, რომ თითქმის ორ მილიონამდე ყოველ წლივ შემოსა­ვალი ქალაქისა, თქვენგანვე ხარჯად აღებული, თქვენვე და თქვენს ქალაქს საეროდ ჰხმარდებოდეს გამოზოგვითა და ცოდნითა და არა აქეთ-იქით იქსაქ­­სებოდეს გულ-დაუდებლობით და უთავ-­­დარიგობითა.

ერთი სიტყვით, ბევრი სხვაც არის, მაგრამ ყველას ჩამოთვლა შორს წაგ­­ვიყვანს. ესეც საკმაოა, თუ ღმერთმა გვა­გონა და ამაებს მაინც ხვალ შესაფერი კაცები ამოვურჩიეთ.

ამიტომა ვთქვით ზევით, რომ ხვა­ლინდელი დღე სახუმარი დღე არ არის. სიმძიმე და სიდიდე იმ მოვალეობისა, რომელსაც ხვალ კისრად ვღებულობთ და ასე თუ ისე ავასრულებთ, წინ უნდა წა­იმძღვაროს ყველამ და ისე მივიდეს კენ­­ჭის მისაცემად. აქ ვინც უმტყუვნებს და უღალატებს იმას, რაც სინიდისი, ნამუსი, კაცური-კაცობა ამხელს, იგი უმტყუვნებს, იგი უღალატებს თავისს თავს, თვისის ცოლ-შვილის, ოჯახის ბედნიერებას და კეთილდღეობას.

„ცნობის ფურცელი“, სურათებიანი დამატება, 1901 წ.

ვისაც ხელი მიგიწვდებათ, ყველანი უნდა მიხვიდეთ არჩევანზე და თქვენი მოქალაქური, კაცად-კაცური მოვალეობა გადუხადოთ თქვენს მშობელს ქალაქსა.

იცოდეთ, რომ ვისაც ხვალ ჩააბარებთ საბჭოში ხმოსნობას, იმას აბარებთ მთელის ოთხის წლის თქვენს საერთო სვე-ბედსა, თქვენის ოჯახობის საერთო კეთილსა და ბოროტსა. ოთხი წელიწადი ბევრის რისამეა შემძლებელი, ავიც შეიძ­­ლება ბევრი მოგვაყენოს კარს და კარგიც.

გულს ნუ გაიმრუდებთ, სულს ნუ წა­იწყმედავთ! იცოდეთ, ეს დიდი საქ­­მე თქვენს ნამუსს, თქვენს სინიდისს, თქვენს პატიოსნებას აბარია.

ახსენეთ ღმერთი და ღვთისა და მარ­­თლის სახელით შეუდგით არჩევანების დიდს საქმეს და მარჯვენას თქვენისას ის არ აქმნევინოთ, რასაც გული და სინი­დისი არ გეუბნებათ“.

ამგვარი ამაღელვებელი მოწოდებე­ბისა და არჩევნებში მონაწილე კანდი­დატების დაპირებების მიუხედავად, თფილისი იქნებოდა, ტფილისი თუ თბი­ლისი, ქალაქში ფუნდამენტურად არა­ფერი იცლებოდა, რადგან ყოველთვის მოიძებნებოდნენ ადამიანები, და მათი რიცხვი არცთუ მცირე იყო, რომლებსაც მიაჩნდათ, რომ ტფილისის საბჭო მთელ წელს წყლის ნაყვას ანდომებდა, არა­ერთ ხმოსანს საბჭოს კრებაზე დასას­­წრებად ძალით მიერეკებოდნენ, ვერ ძრავდნენ ქალაქის საქმეებს – ამ მძიმე ტვირთს, ტფილისის საქალაქო საქმეები კი კუს სისწრაფით კეთდებოდა, არადა, „არჩევნების დროს მხურვალე ბრძოლა იყო, საქმეს ჩვენსავით ვერავინ მოუვ­­ლისო, მაგრამ…“

„ცნობის ფურცელი“, სურათებიანი დამატება, 1902 წ.