ამერიკის შეერთებული შტატების უმდიდრესი მემკვიდრეების რეიტინგი

ამერიკის შეერთებული შტატების უმდიდრესი მემკვიდრეების რეიტინგი

ცნობილი ამერიკელი მილიარდერების მემკვიდრეები მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში კვლავ მას მერე მოექცნენ, რაც გასულ კვირას, ამერიკის უდიდესი სავაჭრო ქსელის, Walmart-ის დამფუძნებლის შთამომავლის, რობ უოლტონის საინვესტიციო ჯგუფმა ამერიკული ფეხბურთის გუნდი, Denver Broncos-ი $4.65 მილიარდად შეიძინა.

თავისთავად ეს თანხა ამერიკულ სპორტულ გუნდში გადახდილ თანხებს შორის რეკორდული აღმოჩნდა და საჯაროდ გამოჩენის არცთუ  მოყვარულ უოლტონს  სახელი მთელ მსოფლიოში გაუთქვა. თუმცა სემ უოლტონის უფროსი ვაჟი ამ დრომდეც საკმაოდ ცნობილი იყო – გარდა იმისა, რომ ის Walmart-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას 23 წლის განმავლობაში იკავებდა, რობ უოლტონი აშშ-ის რიგით მე-15 ყველაზე მდიდარი ადამიანია, $57.2 მილიარდიანი ქონებით.

ისე კი, ამერიკის შეერთებული შტატების უმდიდრესი ადამიანების სიაში კიდევ არაერთი უოლტონი ხვდება – ისინი Walmart-ის დამფუძნებლების, ძმების, სემისა და ჯეიმს უოლტონების მემკვიდრეები არიან. შვიდი მათგანის პირადი ქონების ღირებულება $10 მილიარდს აღემატება, მათ შორის არიან სემ უოლტონის შვილები, რობი, ჯიმი და ელისი და შვილიშვილი – ლუკასი. Walmart-ს კიდევ ერთი მილიარდერის სახელი უკავშირდება კომპანიის დამფუძნებლის, სემის აწ უკვე გარდაცვლილი ვაჟის, ჯონის მეუღლე კრისტი უოლტონს, რომელიც $7-მილიარდიან ქონებას ფლობს.

თუმცა უოლტონების ოჯახი Forbes-ის უმდიდრესი მემკვიდრეების რეიტინგის ერთადერთი რეზიდენტი არ არის – სიაში, ასევე, ამერიკული სოფლის მეურნეობის გიგანტი კომპანიის Cargill-ის დამფუძნებლის, უილიამ უოლეს კარგილის 12 მილიარდერი მემკვიდრე მოხვდა. საერთო ჯამში, უილიამ კარგილის მემკვიდრეები  ამერიკის უდიდესი კერძო კომპანიის თითქმის 90%-ს ფლობენ.

უოლტონებისა და კარგილების ოჯახების გარდა, ამერიკული Forbes-ის აშშ-ის უმდიდრესი მემკვიდრეების რეიტინგში საწმენდი საშუალებების მწარმოებლის, SC Johnson-ისა და ტკბილეულისა და ცხოველების პროდუქტების, Mars-ის დამფუძნებლების შთამომავლები მოხვდნენ. რაც შეეხება SC Johnson-ის დამფუძნებლის, სემუელ კერტის ჯონსონის ოთხ შვილთაშვილს, რომლებიც კომპანიის საკონტროლო წილის მფლობელები არიან, ისინი ჯამურად $12.4 მილიარდის ქონებას ფლობენ. მსგავსი მდგომარეობაა მარსების ოჯახშიც – Forbes-ის დათვლებით, ფრენკ მარსის შვილიშვილები და შვილთაშვილები $7.4-დან $29.7 მილიარდამდე ქონებას ფლობენ.

საინტერესოა, რომ აშშ-ის უმდიდრესი მემკვიდრეების რეიტინგში ისეთი ადამიანებიც არიან, რომელთაც წინაპრებისგან კომპანიის მმართველობის სადავეების გადაბარების შემდეგ, ბიზნესი საგრძნობლად განავითარეს. ამ ტენდენციის ყველაზე თვალსაჩინო  მაგალითად Koch Industries-ის დამფუძნებლის, ფრედ ჩეის კოხის შვილები შეიძლება ჩაითვალონ, რომელთაც შედარებით მცირე ზომის კომპანია ამერიკის რიგით მეორე უმსხვილეს კერძო კომპანიად აქციეს. ცნობისთვის გეტყვით, რომ ფრედ კოხის უფროსი ვაჟი, ჩარლზი Forbes-ის 400-ის სიაში პირველად 1982 წელს მოხდა, $266-მილიონიანი ქონებით. დღეს მისი ქონება თითქმის $60 მილიარდადაა შეფასებული.

ამერიკის უმდიდრესი მემკვიდრეების რეიტინგში მოხვდა მედიამაგნატი რუპერტ მერდოკიც, რომელსაც მამამისისგან ორი ავსტრალიური გაზეთი ერგო მემკვიდრეობით, მან კი მედიაიმპერია ჩამოაყალიბა, რომელშიც ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი საკაბელო არხი, Fox News-ი შედის.

ამერიკის შეერთებული შტატების ოცი, უფრო ზუსტად კი – ოცდასამი უმდიდრესი მემკვიდრის ქონების ჯამური ღირებულება $586 მილიარდს უტოლდება (17 ივნისის მონაცემებით). საინტერესოა, რომ Forbes-ის მონაცემებით, ოცდასამი უმდიდრესი მემკვიდრის ქონება 701 ამერიკელი მილიარდერის ჯამური ქონების 13.5%-ს შეადგენს.

აშშ-ის უმდიდრესი მემკვიდრეების რეიტინგს Forbes Georgia უცვლელად გთავაზობთ.

#1 (ფრე): ჩარლზ კოხი

ქონების მოცულობა: $59.6 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: Koch Industries

ფოტო: Stand Together

ჩარლზმა და მისმა აწ უკვე გარდაცვლილმა ძმამ, დევიდმა 1940 წელს დაფუძნებული Koch Industries-ი მათი მამისგან, ფრედ კოხისგან მემკვიდრეობით რომ მიიღეს, კომპანია ნავთობის გადამუშავებით იყო დაკავებული. თუმცა მალევე, ძმების ერთობლივი ძალისხმევითა და ბიზნესის დივერსიფიკაციით, Koch Industries-ი ამერიკის რიგით მეორე უმსხვილეს კერძო კომპანიად იქცა. თავად ჩარლზ კოხი, რომელიც საკუთარ თავს მტკიცე ლიბერტარიანელად თვლის და რესპუბლიკელ საპრეზიდენტო კანდიდატებს ხელგაშლილად აფინანსებს, Koch Industries-ს 1967 წლიდან უძღვება.  

#1 (ფრე): ჯულია კოხი

ქონების მოცულობა: $59.6 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: Koch Industries

ფოტო: Rabbani and Solimene Photography / Getty Images

ჯულია კოხი პლანეტის ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანად მისი მეუღლის, დევიდ კოხის  გარდაცვალებისშემდეგ იქცა, 2019 წელს. ჯულია კოხს და მის სამ შვილს, დევიდ უმცროსს, მერი ჯულიასა და ჯონს Koch Industries-ის 42%-იანი წილი ერგოთ მემკვიდრეობით. დღეს 60 წლის ჯულია კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია და ამ როლში კომპანიის საქველმოქმედო ფონდს ხელმძღვანელობს.

#3: ჯიმ უოლტონი

ქონების მოცულობა: $58.3 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: Walmart

ფოტო: Reuters

სემ უოლტონის უმცროსი ვაჟი – ჯიმი, მამამისის მიერ 1962 წელს დაარსებული Walmart-ის 13%-იან წილს ფლობს. თავის დროზე მან სამეთვალყურეო საბჭოს წევრის რანგში ათწლეულზე მეტი დაყო,  ვიდრე ამ როლს მის ვაჟს, სტიუარტს გადააბარებდა 2016 წელს. დღეს 74 წლის სემ უოლტონი მისი ოჯახის საკუთრებაში არსებულ ბანკს, Arvest Bank-ს ხელმძღვანელობს – ეს ბანკი $26 მილიარდის აქტივებს ფლობს.

#4: ელის უოლტონი

ქონების მოცულობა: $57.5 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: Walmart

რაც უნდა უცნაური იყოს, სემ უოლტონის ერთადერთი ქალიშვილი, ელისი, Walmart-ის ერთ-ერთი უმსხილესი მეწილეა, მაგრამ კომპანიაში მაღალ აღმასრულებელ თანამდებობაზე არასდროს უმუშავია. ამერიკის უდიდესი სავაჭრო ქსელის მართვის ნაცვლად, ელის უოლტონი ცხენოსნობითა და ხელოვნების კოლექციონირებით არის დაკავებული.

#5: რობ უოლტონი

ქონების მოცულობა: $57.2 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: Walmart

ფოტო: Rick T. Wilking / Getty Images

Walmart-ის დამფუძნებლის უფროსი ვაჟი, რობ უოლტონი კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ 1992 წელს, მამამისის გარდაცვალების შემდეგ დაინიშნა – კომპანიის მართვის სადავეებთან რობ უოლტონის მოსვლის წელს, ქსელი ორი ათასი მაღაზიითა და 271 ათასი თანამშრომლით იყო წარმოდგენილი. Walmart-ის კოლოსალურ ზრდაში უმნიშვნელოვანესი როლი სწორედ რობ უოლტონმა ითამაშა: 2015 წელს კომპანია 11 ათას მაღაზიას და 2.3 მილიონ თანამშრომელს აერთიანებდა. მოგვიანებით, Walmart-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმდჯომარედ რობ უოლტონის სიძე, გრეგ პენერი დაინიშნა, ხოლო თავად რობი – სამეთვალყურეო საბჭოს წევრად დარჩა.

#6: მაქკენზი სკოტი

ქონების მოცულობა: $30.7 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: Amazon

მაქკენზი სკოტი მილიარდერად 2019 წელს, მის ყოფილ მეუღლესთან, პლანეტის ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანთან, Amazon-ის დამფუძნებელ ჯეფ ბეზოსთან განქორწინების შემდეგ იქცა.  განქორწინების შემდეგ ჯეფ ბეზოსმა ყოფილ მეუღლეს Amazon-ის საკუთარი წილის მეოთხედი გადასცა. თავად მაქკენზი, მას მერე, ერთ-ერთ უმსხვილეს ფილანთროპად იქცა ისტორიაში და დღემდე, საკუთარი ქონების თითქმის მეოთხედი ქველმოქმედებას უკვე მოახმარა.

#7 (ფრე): ჯონ მარსი

ქონების მოცულობა: $29.7 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: ტკბილეული, ცხოველების საკვები

86 წლის ჯონ მარსს, მის დას, ჟაკლინს და აწ უკვე გარდაცვლილ ძმას, ფორესტ უმცროსს ტკბილეულის მსოფლიო გიგანტის, Mars-ის 33%-იანი წილები მათი მამის გარდაცვალების შემდეგ, 1999 წელს ერგოთ. თუმცა ჯონი და ფორესტ უმცროსი კომპანიის მართვაში 1975 წლიდან იყვნენ ჩართულნი, როგორც კომპანიის თანაპრეზიდენტები.

#7 (ფრე): ჟაკლინ მარსი

ქონების მოცულობა: $29.7 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: ტკბილეული, ცხოველების საკვები

ფრენკ მარსის ერთადერთი ქალიშვილი, ჟაკლინი, Mars-ის ტკბილეულისა და ცხოველების პროდუქტების კომპანიას ოცი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, ხოლო 2016 წელს პენსიაზე გავიდა. საინტერესოა, რომ მსხვილი ბიზნესის გარდა, ჟაკლინ მარსი ცხენოსნობის სფეროშიც საკმაოდ მნიშვნელოვანი ფიგურაა – ის შტატ ვირჯინიაში ფერმას ფლობს, რომელზეც არაერთი ოლიმპიური ჩემპიონი ვარჯიშობს.

#9: მირიამ ადელსონი

ქონების მოცულობა: $25.1 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: სამორინეები

მირიამ ადელსონმა სათამაშო ბიზნესის იმპერია მისი მეუღლის, შელდონის გარდაცვალების შემდეგ, მემკვიდრეობით მიიღო. დღეს, 76 წლის ადელსონი ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე განთავსებული Las Vegas Sands-ის 52%-იან წილს ფლობს – ეს კომპანია სინგაპურისა და მაკაოს სამორინეებს განაგებს. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს Las Vegas Sands-ის აქციათა ფასი 40%-ით გაუფასურდა.

#10: ლეონარდ ლოდერი

ქონების მოცულობა: $20.7 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: Estée Lauder

ესტე და ჯოზეფ ლოდერების 89 წლის ვაჟი, ლეონარდი 1946 წელს დაარსებული კოსმეტიკური გიგანტის, Estèe Lauder-ის 20%-იან წილს ფლობს. საინტერესოა, რომ მისი მშობლების მიერ დაარსებული კომპანიის საფონდო ბირჟაზე განთავსებამდე, ლეონარდი კომპანიის აღმასრულებელი ხელმძღვანელის თანამდებობას სამი ათწლეულის განმავლობაში იკავებდა. 

#11: ებიგეილ ჯონსონი

ქონების მოცულობა: $18 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: სიმდიდრის მენეჯმენტი

#12: რუპერტ მერდოკი

ქონების მოცულობა: $17.7 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: მედია

#13: ლუკას უოლტონი

ქონების მოცულობა: $14.6 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: Walmart

#14: ლორენ პაუელ ჯობსი

ქონების მოცულობა: $13.9 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: Apple, Disney

#15: დონალდ ნიუჰაუსი

ქონების მოცულობა: $12.1 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: მედია

#16: კარლ კუკი

ქონების მოცულობა: $9.4 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: სამედიცინო მოწყობილობები 

#17: ჰერბერტ კოლერ ჯუნიორი

ქონების მოცულობა: $8.8 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: წყალგაყვანილობის გარნიტურა

#18 (ფრე): პოლინ მაკმილან კინათი

ქონების მოცულობა: $8 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: Cargill

#18 (ფრე): ნ უოლტონ კრონკე

ქონების მოცულობა: $8 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: Walmart

#20 (ფრე): პამელა მარსი

ქონების მოცულობა: $7.4 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: ტკბილეული, ცხოველების საკვები

#20 (ფრე): ვიქტორია მარსი

ქონების მოცულობა: $7.4 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: ტკბილეული, ცხოველების საკვები

#20 (ფრე): ვალერი მარსი

ქონების მოცულობა: $7.4 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: ტკბილეული, ცხოველების საკვები

#20 (ფრე): მარიკე მარსი

ქონების მოცულობა: $7.4 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: ტკბილეული, ცხოველების საკვები

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *