Apple-სა და Google-ს შორის, ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიისთვის ბლოკბასტერულ შეთანხმებაზე, მოლაპარაკებები მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიას iPhone-ში, საკუთარი მოწყობილობების AI-შესაძლებლობების განსავითარებლად, Gemini-ის გამოყენება სურს.
ანონიმურ წყაროთა ცნობით, კომპანიებს შორის მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს. შეთანხმების შემთხვევაში, რამდენიმე ახალ ფუნქციას, რომელიც Apple-ის პროგრამულ უზრუნველყოფას მიმდინარე წელს დაემატება, Google-ის გენერაციული ხელოვნური ინტელექტის მოდელები უზრუნველყოფს. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ, Apple-მა მოლაპარაკებები, OpenAI-ისთან, მის მოწყობილობებში კომპანიის მოდელების გამოყენებასთან დაკავშირებითაც გამართა.
წლების განმავლობაში, Alphabet-ი Apple-ს მილიარდობით დოლარს უხდიდა, რათა კომპანიის ვებბრაუზერ Safari-ში, როგორც iPhone-ზე ასევე სხვა მოწყობილობებზე, მთავარ საძიებო სისტემად სწორედ Google-ი დარჩენილიყო. რაც შეეხება მიმდინარე მოლაპარაკებებს, ამ ეტაპისთვის მონაწილე მხარეებს შეთანხმების დეტალები, პირობები და ბრენდინგთან დაკავშირებული საკითხები არ გადაუწყვეტიათ.
გარიგება Gemini-ის მნიშვნელოვან უპირატესობას მისცემს მილიარდობით პოტენციურ მომხმარებელთან. თუმცა, შესაძლოა შეთანხმებამ კომპანიები ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის ფარგლებში, შემოწმების ობიექტადაც აქციოს.
გასული წლის დასაწყისიდან, Apple-ი საკუთარ ენობრივ მოდელზე, კოდური სახელწოდებით Ajax-ზე მუშაობდა. კომპანიის დანაყოფი ჩეთბოტის, Apple GPT-ის განვითარებასაც ცდილობდა თუმცა, ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ Apple-ისთვის Google-სა და ბაზრის სხვა მოთამაშეებთან კონკურენციის გაწევა რთული იქნება, რის გამოც მისთვის პარტნიორობა ყველაზე შედეგიანი ვარიანტია.