The Fund for Peace-ის მიერ ყოველწლიურად მზადდება არამდგრადი სახელმწიფოების ინდექსი, რომელიც აანალიზებს პოლიტიკურ რისკს, რათა წინასწარ გააფრთხილოს პოლიტიკოსები და საზოგადოება შესაძლო კონფლიქტის შესახებ. ინდექსი ზომავს სტაბილურობის ან არსებული დაძაბულობის დონეს.
2017 წლის რეიტინგში საქართველო 79-ე ადგილს იკავებს, მსოფლიოს 178 ქვეყანას შორის. საქართველოს სარეიტინგო ქულა 120-დან 76.5-ია. 2016 წელს საქართველოს ქულა 78.9 იყო. რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოსთვის რისკები შემცირებულია. 2016 წელს საქართველო ინდექსში 72-ე ადგილს იკავებდა. ბოლო ათ წელში საქართველო ყველაზე ცუდ პოზიციას 2008 წლის ომის შემდეგ, – 2009 წელს იკავებდა და 33-ე ადგილზე იყო. 2008 წლის შემდეგ საქართველოს პოზიცია ყოველწლიურად უმჯობესდება. სხვადასხვა რისკების გათვალისწინებით ქვეყნები 4 კატეგორიად არის დაყოფილი – მდგრადი, სტაბილურული, საფრთხის შემცველი და არამდგრადი. საქართველო საფრთხის შემცველი ქვეყნების სიაშია.
ბოლო 5 წელში საქართველოს ქულა 8.3 ქულით შემცირდა.
ინდექსი 12 კრიტეტიუმით დგება, რომელიც 3 ძირითად ჯგუფში – სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური – არის გაერთიანებული.
თითოეულ კრიტერიუმში ქვეყნის სარეიტინგო ქულა 10-ით ფასდება, რაც უფრო ნაკლებია ქვეყნის ქულა მით უფრო ნაკლებ რისკს შეიცავს ის. საქართველოს სარეიტინგო ქულა სხვადასხვა ინდიკატორებში შემდეგია:
ეკონომიკური ინდიკატორები – 6.4 ქულა. აღნიშნული კრიტერიუმი აერთიანებს ეკონომიკური უთანასწორობის დონეს ქვეყანაში, ადამიანურ კაპიტალსა და მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს.
სოციალური ინდიკატორები – 6.4 ქულა. კრიტერიუმი აერთიანებს ქვეყნის დემოგრაფიულ მაჩვენებლებს და ქვეყანაში მიგრანტების და ემიგრანტების რაოდენობას.
პოლიტიკური ინდიკატორები – 6.4 ქულა. აღნიშნულ კრიტერიუმში შედის სახელმწიფოს ლეგიტიმურობის, ადამიანის უფლებებისა და საჯარო სერვისების შეფასება.
2017 წლის ინდექსით, მსოფლიოში ყველაზე მდგრადი სახელმწიფო ფინეთია და ის “არამდგრად სახელმწიფოთა” შორის ბოლო – 178-ე პოზიციაზეა. მას მოსდევს ნორვეგია და შვეიცარია. ინდექსით მსოფლიოში ყველაზე არამდგრადი ქვეყანა სუდანია.