აშშ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ, $300-მილიონიან პაკეტს გაუგზავნის

აშშ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ, $300-მილიონიან პაკეტს გაუგზავნის

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინის დახმარების ახალი პაკეტი წარადგინა. რამდენიმეთვიანი შეჩერების შემდეგ ამერიკა უკრაინას $300 მილიონის ღირებულების შეიარაღებას გაუგზავნის. შეგახსენებთ, რომ უკრაინისათვის დახმარების გამოყოფის საკითხი შტატებში შიდაპოლიტიკურ, პარტიათაშორის კრიზისსა და დაპირისპირებაში გადაიზარდა. რესპუბლიკელი და დემოკრატი სენატორები საკითხის შესახებ ერთმანეთს ღიად უპირისპირდებიან, დახმარების დასამტკიცებლად კი სენატისა და კონგრესის თანხმობაა საჭირო.

აშშ-ის პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, ჯეიკ სალივანის განცხადებით, აღნიშნული თანხა პენტაგონის მიერ დაზოგილი და გამოთავისუფლებული ხარჯებიდან გამოიყო და ის მეტწილად საარტილერიო სისტემა HIMARS-ისა და მისი ჭურვების მობილიზებას მოხმარდება.

პენტაგონის პრესმდივნის განმარტებით, ახალი სამხედრო დახმარების პაკეტი ზემოთ აღნიშნული სისტემების გარდა საზენიტო და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების რაკეტებსაც მოიცავს. გენერალ პეტ რაიდერის განცხადებით, პენტაგონის მიერ კონტრაქტებისაგან გამოთავისუფლებული სახსრებით უკრაინისათვის დახმარების გამოყოფა ერთჯერადი ნაბიჯია და მას რეგულარული სახე არ ექნება.

ცნობისათვის, ბოლო თვეების განმავლობაში უკრაინისათვის სამხედრო და ფინანსური დახმარების გამოყოფა თითქმის ყველა დასავლურმა სახელმწიფომ შეამცირა. უკრაინის პრეზიდენტი პარტნიორებისაგან ძალისხმევის გაძლიერებას მოითხოვს. მიუხედავად იმისა, რომ ყველა თანხმდება, რომ უკრაინა რუსეთს დასავლური სამხედრო დახმარების გარეშე ვერ დაამარცხებს, საკითხზე კონსენსუსის მიღწევა ვერ მოხერხდა.

დასავლური სახელმწიფოები რუსეთისათვის ფინანსურ ინსტიტუტებში გაყინული აქტივების უკრაინის დახმარებისათვის გამოყენებასაც განიხილავენ. თუმცა აღნიშნულის შესრულების სამართლებრივ საფუძველს ეძებენ, რათა საერთაშორისო ნორმების დარღვევა თავიდან აირიდონ.