Balenciaga პირველი დიდი მოდის სახლი გახდა, რომელმაც მილიარდერ ილონ მასკის მიერ Twitter-ის შეძენის შემდეგ, პლატფორმის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაცია თავდაპირველად მოდის ჟურნალისტმა რობერტ უილიამსმა Business of Fashion-ში გაავრცელა.
თავად Balenciaga-ს სოციალური ქსელის დატოვების კონკრეტული მიზეზი არ დაუსახელებია. თუმცა, სავარაუდოდ, ბრენდის გადაწყვეტილება ბოლო ცვლილებებსა და Twitter-ის ახალი მფლობელის სიტყვის თავისუფლებისადმი დამოკიდებულებას უკავშირდება. პლატფორმაზე ანგარიშის წაშლამდე, Balenciaga-ს გამომწერების რიცხვი 1 მილიონს აღწევდა.
აღსანიშნავია, რომ ილონ მასკის მიერ Twitter-ის შესყიდვას, სიტყვის თავისუფლების შესახებ მისი განცხადებების გამო, სხვადასხვა კომპანიისა და მომხმარებლების მხრიდან შეშფოთება უკვე მოჰყვა. იმ მომხმარებელთა შორის, რომელთაც Twitter-ი დატოვეს, არის მოდელი ჯიჯი ჰადიდიც. მან საკუთარი ანგარიში ოქტომბერში გააუქმა.
ცნობისთვის, კომპანიის შიდა მოხსენების თანახმად, კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდგომ Twitter-ის უმსხვილესი მომხმარებლების რაოდენობა პლატფორმაზე მნიშვნელოვნად შემცირდა. პლატფორმამ მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა იმ მომხმარებლებისა, რომლებიც განსაკუთრებით აქტიურად წერდნენ ისეთ ცნობილ ადამიანებზე, როგორებიც, მაგალითად, კარდაშიანები არიან. კომპანიაში ამ ტიპის დანაკარგებს Instagram-სა და TikTok-ზე მომხმარებელთა მიგრაციას უკავშირებენ.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, ილონ მასკმა Twitter-ი $44 მილიარდად შეისყიდა. პირველივე დღეს მასკმა კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი პარაგ აგრავალი, მთავარი ფინანსური ოფიცერი ნედ სიგალი და იურიდიულ საკითხთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვიჯაია გადი თანამდებობიდან გადააყენა.