ბაქო-თბილისი-ანკარის მარშრუტზე შესაძლოა ჩქაროსნული სამგზავრო მატარებელი ამოძრავდეს

ბაქო-თბილისი-ანკარის მარშრუტზე შესაძლოა ჩქაროსნული სამგზავრო მატარებელი ამოძრავდეს

აზერბაიჯანის რკინიგზის სამგზავრო ტრანსპორტირების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბაქო-თბილისი-ანკარის მარშრუტზე შესაძლოა მალე ჩქაროსნულმა სამგზავრო მატარებელმა დაიწყოს მოძრაობა. ამის შესახებ ამავე დეპარტამენტის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა აზერბაიჯანულ გამოცემა APA-Economics-თან ინტერვიუში ისაუბრა.

მისივე ინფორმაციით, ჩქაროსნული მატარებელი შესაძლოა Stadler Rail Group-ის მიერ წარმოებული ძილისთვის განკუთვნილი ვაგონებით იყოს აღჭურვილი. აზერ ფარაჯოვის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილების იმპლემენტაცია სახმელეთო საზღვრის გახსნის შემთხვევაში მოხერხდება.

შეგახსენებთ, პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველო-აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარი მხოლოდ ტვირთების გადაზიდვისთვისაა გახსნილი. სამგზავრო დანიშნულებით აზერბაიჯანი-საქართველოს სახმელეთო საზღვრის გახსნა, ბოლო ინფორმაციით, 1-ელ ოქტომბერსაა დაგეგმილი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ საზღვრის გახსნა უკვე რამდენჯერმე გადაიდო პანდემიასთან დაკავშირებული საბაბით.