მზარდი საბინაო კრიზისის მოსაგვარებლად, ბარსელონა ბინების მოკლევადიან გაქირავებას აკრძალავს. აღნიშნული ღონისძიებით, ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მონახულებადი ქალაქი, ქირის მზარდ ფასებთან გამკლავებას შეეცდება და საცხოვრებლებს ადგილობრივებისთვის უფრო ხელმისაწვდომს გახდის.
მიღებული რეგულაციით, კატალონიური ქალაქი მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში შეწყვეტს, არსებული 10,000 ტურისტული საცხოვრებლისთვის კი აღარ განაახლებს ლიცენზიების გაცემას. 2029 წლიდან კი ბარსელონაში ტურისტებისთვის მოკლე ვადით საცხოვრებლის მიქირავება სრულად აიკრძალება. ცნობისთვის, ბარსელონას ახალი ლიცენზიები 2014 წლის შემდეგ არ გაუცია და საქმეთა ნაწილი კვლავ სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინშია.
ბინების გაქირავებაზე გარკვეული ტიპის შეზღუდვები მოქმედებს ბერლინსა და ნიუ-იორკშიც, თუმცა, როგორც დასავლური გამოცემები წერენ, ესპანეთის ქალაქის გადაწყვეტილება შესაძლოა ყველაზე მკაცრ პოზიციად შეფასდეს ისეთი პლატფორმების მიმართ, როგორიცაა მაგალითად, Airbnb.
ბარსელონის მერის განცხადებით, ახალი რეგულაციები „გარდამტეხი წერტილია“ ქალაქში საცხოვრებლების ხელმისაწვდომობის კრიზისის მოსაგვარებლად. ეს საკითხი კი განსაკუთრებით სენსიტიური ახალგაზრდებისთვისაა. მისივე თქმით, შედეგები მყისიერად არ დადგება, თუმცა გრძელვადიან პერიოდში საჭირო რეფორმების საფუძვლად იქცევა.