უსაფრთხოების ბალიშებთან დაკავშირებული დეფექტის გამო, BMW 1.36 მილიონ ერთეულ ავტომობილს უკან გაიწვევს. გერმანული ავტომწარმოებლის გადაწყვეტილება 2003-2017 წლებში ჩინეთში წარმოებულ და იმპორტირებულ ავტომობილებს შეეხება.
ავტომობილების უკან გაწვევასთან დაკავშირებით განცხადება ჩინეთის ბაზრის მარეგულირებელმა ადმინისტრაციამ გაავრცელა. თავად ავტომწარმოებელს ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია. განცხადების თანახმად,BMW Brilliance Automotive – ჩინეთში დაარსებული ერთობლივი საწარმო – ადგილობრივი წარმოების 598,496 ერთეულ ავტომობილს, ხოლო BMW China Automobile Trading-ი 759,448 იმპორტირებულ მანქანას გაიწვევს უკან.
გაწვევა Takata-ს უსაფრთხოების ბალიშებით აღჭურვილ მოდელებს ეხება. ჩინეთის ბაზრის მარეგულირებელი ადმინისტრაციის განცხადებით არსებობს შანსი, რომ ავარიისას უსაფრთხოების ბალიშები აფეთქდეს და მგზავრთა სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დააყენოს. დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში, BMW საჭის უსაფრთხოების ბალიშს უსასყიდლოდ შეცვლის.
ცნობისთვის, Takata-ს უსაფრთხოების ბალიშებთან დაკავშირებული დეფექტის გამო, მიმდინარე თვეში ავტომობილები უკან გაიწვია Mazda-მ და Ford-მა. ავტომწარმოებლებმა მძღოლებს ავტომობილების შემოწმებისკენაც მოუწოდეს. Takata-ს უსაფრთხოების ბალიშების გაუმართაობის გამო, BMW-მ 394,000 მანქანა გასულ თვეს აშშ-შიც გაიწვია.