სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი უჩვენებს, თუ რამდენად ძვირდება/იაფდება სამრეწველო პროდუქციის წარმოება საქართველოში. აღნიშნული ინდექსი მიმდინარე წლის მაისში წინა თვესთან (აპრილთან) შედარებით არ შეცვლილა, ხოლო 2016 წლის მაისთან შედარებით 9.4%-ით არის გაზრდილი. 2010 წელთან შედარებით კი დღეს პროდუქციის წარმოება 34%-ით მეტ დანახარჯს მოითხოვს.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის წარმოება 9.1%-ით გაძვირდა. მათ შორის, საკვები პროდუქტების (სასმელების ჩათვლით) და თამბაქოს წარმოება გაძვირდა 8.5%-ით, ლითონის მზა ნაწარმის წარმოება 31%-ით, რეზინისა და პლასტმასის ნაწარმი 7%-ით, ელექტროენერგიის, წყლის და აირის წარმოება და განაწილება 7.8%-ით. ტექსტილისა და ტექსტილის ნაწარმის წარმოება 24.6%-ით გაიაფდა.