Credit Suisse ბიძინა ივანიშვილს სასამართლოში უჩივის

Credit Suisse ბიძინა ივანიშვილს სასამართლოში უჩივის

შვეიცარიული ბანკი Credit Suisse ქართველ მილიარდერსა და ქვეყნის ყოფილ პრემიერმინისტრს, ბიძინა ივანიშვილს ლონდონის სასამართლოში უჩივის. საქმის არსებითი განხილვა დღეს, 29 აპრილს დაიწყება.

ბანკმა სასამართლოში სარჩელი მას შემდეგ შეიტანა, რაც მოპასუხე მხარემ, ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მრჩეველმა კომუნიკაციების მიმართულებით, შვეიცარიის საბანკო რეგულატორის (FINMA) 2017 წლის კონფიდენციალური ანგარიში გაასაჯაროეს. FINMA-ს მომზადებული ანგარიში პატრიკ ლესკადრონის თაღლითობასა და აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ბანკის ქმედებებს ეხებოდა.

The Wall Street Journal-ის ცნობით, Credit Suisse-მა აღნიშნული თაღლითური სქემის შესახებ ბევრად ადრე გაიგო, ვიდრე საქმე სასამართლომდე მივიდოდა – სწორედ აღნიშნული საკითხი იყო განხილული FINMA-ს მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელიც 2021 წლის თებერვალში ვებგვერდზე CSVictims.com გამოქვეყნდა. Bloomberg-ის ცნობით, აღნიშნულ პორტალს PR-სააგენტო Metigen მართავს.

სწორედ Metigen-სა და ივანიშვილს უჩივის Credit Suisse ლონდონის სასამართლოში. მოსამართლემ საწყის ეტაპზე გაითვალისწინა ბანკის თხოვნა და FINMA-ს აღნიშნული ანგარიშის გამოქვეყნება დროებით აკრძალა. თუმცა, სასამართლოს გარკვეული კითხვები ჰქონდა იურისდიქციის გავრცელებაზე მომჩივანი მხარის ადვოკატთან. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ ვებ-გვერდი csvictims.com ინგლისურენოვანია, ბიძინა ივანიშვილი არ არის ბრიტანეთის მოქალაქე, ამიტომაც, ცოტათი ბუნდოვანია როგორ შეიძლება შეზღუდოს სასამართლომ მისი აქტივობები ქვეყნის გარეთ.

ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილი პატრიკ ლესკადრონის კლიენტი იყო, მოგვიანებით მან Credit Suisse-ს სინგაპუში, ახალ ზელანდიასა და ბერმუდაში უჩივლა და მათგან $800 მილიონიანი ზარალის ანაზღაურებას ითხოვდა. Bloomberg-ის შეფასებით, ივანიშვილი ლესკადრონის ყველაზე დიდი მსხვერპლი იყო. თავად ივანიშვილს კი შეუძლებლად მიაჩნდა, ამგვარი სქემა ბანკში მხოლოდ ლესკადრონისთვის ყოფილიყო ცნობილი. „მე ვმართავდი ბიზნესს ველურ რუსეთში და ურთიერთობა მქონდა ქართულ ბანკებთან, თუმცა Credit Suisse-ის მსგავსი შემთხვევა არასდროს მქონია“ – განაცხადა მილიარდერმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

ცნობისთვის,  Credit Suisse Group AG-ის ყოფილი ბანკირი პატრიკ ლესკადრონი ჟენევის სასამართლომ დამნაშავედ სცნო თაღლითობაში და მას 5 წელი მიუსაჯა 2018 წელს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ის 10 თვეში საპატიმროდან გაათავისუფლეს – მან შარშან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.