ფრეიზერის ინსტიტუტის “მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების” 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, რომელიც 2016 წლის პერიოდს აფასებს, საქართველო მეშვიდე ადგილზე იმყოფება 162 ქვეყანას შორის “უმეტესად თავისუფალი” სტატუსით.
ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შედეგი საქართველოს “იურიდიული სისტემისა და საკუთრების უფლების დაცვის” კრიტერიუმში აქვს – 35-ე ადგილი.
აღნიშნული კრიტერიუმი 9 ცვლადის მიხედვით დგება და 2018 წლის რეიტინგში საქართველოს სარეიტინგო ქულა 5 შემთხვევაში გაუარესდა.
კერძოდ, სასამართლოს დამოუკიდებლობის კრიტერიუმში საქართველოს ქულა 4.28-მდე შემცირდა, მოსამართლეთა მიუკერძეობლობის კუთხით 4.03-მდე, საკუთრების უფლების დაცვის კრიტერიუმში 6.13-მდე, ხოლო კრიმინალის გამო ბიზნესის ხარჯის ქვეკრიტერიუმში კი 7.03-მდე; პოლიციის საიმედოობის ქვეკრიტერიუმში კი 6.97-მდე.
საბოლოო ჯამში, საქართველოს ლეგალური სისტემისა და საკუთრების დაცვის კრიტერიუმში 10 სარეიტინგო ქულიდან 6.31 აქვს. საქართველოს ამ კრიტერიუმში 34 ქვეყანა უსწრებს.
აღსანიშნავია, რომ 2018 წლის რეიტინგისგან განსხვავებით, გასულ წელს საქართველოს სარეიტინგო ქულა ყველა ზემოთმოყვანილ კრიტერიუმში გაუმჯობესდა. ასე მაგალითად, თუკი 2010 წელს საქართველოს სარეიტინგო ქულა დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის კრიტერიუმში 3.63 იყო, 2015 წელს ის 5.05-მდე გაიზარდა, დამოუკიდებელი მოსამართლეების კრიტერიუმში კი 3.78-დან 4.74-მდე გაიზარდა.
საკუთრების უფლებისა და სასამართლო სისტემის კრტერიუმში მსოფლიოში პირველ ადგილს ფინეთი იკავებს, თუმცა “ეკონომიკური თავისუფლებით” ფინეთი მსოფლიოში 22-ე ადგილზეა. პირველ ადგილზე მყოფი სინგაპური კი საკუთრების უფლებისა და სასამართლო სისტემის კრიტერიუმით მსოფლიოში მეათე ადგილზეა.