ელექტროძრავიანი სატვირთო მანქანების დრო მოდის. მათ უნდა შეუწყონ ხელი გადაზიდვებისა და ლოგისტიკური სექტორის დეკარბონიზაციას. მნიშვნელოვან გამოწვევად კვლავ შეზღუდული სასვლო მარაგი რჩება. ეს განსაკუთრებით შორმანძილიანი გადაზიდვებისთვის წარმოადგენს პრობლემას. დიზელზე მომუშავე ნახევარმისაბმელიანი მანქანა სავსე ავზით საშუალოდ 3200 კილომეტრს გაივლის, ელექტროძრავიანი მოდელებიდან კი ყველაზე დიდ სასვლო მარაგს (800-მდე კილომეტრს) Tesla Semi გვპირდება. აქ საკვანძო სიტყვაა „დაპირება“ – Semi ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია. ქვემოთ მოყვანილ ინფოგრაფიკაში ჩვენ წარმოგიდგენთ ყველა მომავლის ელექტროძრავიან ნახევარმისაბმელიან მანქანას, შემდეგ კი განვიხილავთ ამ პირველი თაობის სატვირთო მანქანების პოტენციურ კომერციულ გამოყენებას.
მოდელების მიმოხილვა
ქვემოთ მოცემულ ცხრილში ჩამოთვლილია ინფოგრაფიკაში მოყვანილი ყველა მოდელი.
კომპანია | მოდელი | სასვლო მარაგი | დამუხტვის დრო | ჩაბარების სავარაუდო თარიღი |
TESLA | Semi | 480-800 კმ | დასაზუსტებელია | 2023 |
FREIGHTLINER | eCascadia | 400 კმ | 80% 1.5 საათში | 2022 |
VOLVO | VNR Electric | 440 კმ | 80% 1 საათში | 2022 |
KENWORTH | T680E | 240 კმ | 100% 3.3 საათში | დასაზუსტებელია |
PETERBILT | 579EV | 240 კმ | 100% 3.3 საათში | 2022 |
BYD | 8TT | 270 კმ | 100% 2.5 საათში | ექსპლუატაციაშია |
NIKOLA | Tre BEV | 560 კმ | 10-80% 2 საათში | 2022 |
Tesla Semi-ის გამოლებით, ყველა ჩამოთვლილი მოდელი უკვე იყიდება ან წელს უნდა შევიდეს ექსპლუატაციაში. თუმცა ჩვენ ამ ვადებს სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ, რამეთუ ელექტრომობილების ინდუსტრია შეფერხებებით არის ცნობილი.
სასვლო მარაგის კუთხით ყველაზე მაღალ მაჩვენებლებს (490+ კილომეტრს) Tesla და Nikola გვპირდებიან, ხოლო მათი კონკურენტები 240-იდან 275 კილომეტრამდე მაჩვენებლებს ისახავენ მიზნად. სავარაუდოა, რომ ყველაზე ძვირი სწორედ Tesla-სა და Nikola-ს მოდელები ეღირება. დამუხტვის პროცესების შედარება რთულია, რამეთუ ისინი დამოკიდებულია ისეთ ცვლადებზე, როგორიცაა დამტენის სიმძლავრე და ტიპი. მაგალითად, Nikola ამტკიცებს, რომ 240 კვტ სიმძლავრის დამტენის გამოყენებისას Tre BEV 2 საათში 10%-იდან 80%-მდე დაიმუხტება.
დამტენების ტექნოლოგია ასევე სწრაფად ვითარდება. ვარაუდობენ, რომ Tesla ახლო მომავალში 1 მეგავატი (1000 კვტ) სიმძლავრის დამტენს გამოუშვებს, რომელსაც სასვლო მარაგის 30 წუთში დაახლოებით 650 კილომეტრით გაზრდა შეეძლება.
ელექტროძრავიანი სატვირთო მანქანების გამოყენება
მათი შედარებით მცირე სასვლო მარაგიდან გამომდინარე, ელექტროძრავიანი ნახევარმისაბმელიანი მანქანები შორმანძილიანი გადაზიდვებისთვის სავარაუდოდ ნაკლებად გამოიყენება.
ამის ნაცვლად ისინი გადანაწილდებიან რეგიონალურ და ურბანულ მარშრუტებზე, სადაც დანიშნულების ადგილებს შორის გასავლელი მთლიანი მანძილი გაცილებით მოკლეა. არსებობს არაერთი მიზეზი, რატომაც უდგება ელექტროძრავიანი სატვირთო მანქანა ამგვარ მარშრუტებს:
- შესაძლებელია შედარებით მცირე ბატარეების დამონტაჟება, რაც ამცირებს სატვირთო მანქანის ღირებულებას;
- ურბანული მარშრუტები იძლევა რეგენერაციული მუხრუჭების გამოყენების უფრო დიდ შესაძლებლობებს;
- შედარებით ჩუმი და ეკოლოგიურად სუფთა ექსპლუატაცია მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში.
რეგიონალური მარშრუტის ერთ-ერთი მაგალითია კონტეინერების გადაზიდვა ლოს-ანჯელესის პორტიდან ლოს-ანჯელესის სატრანსპორტო ცენტრის ინტერმოდალურ დაწესებულებამდე (LATC). აღნიშნულ პუნქტებს შორის მანძილი 45 კილომეტრს შეადგენს. LATC არის ადგილი, სადაც კონტეინერები მატარებლებზე იტვირთება.
ელექტროძრავიანი ნახევარმისაბმელიანი მანქანა, რომლის სასვლო მარაგი 300 კილომეტრს აღემატება, ზემოაღნიშნულ ორმხრივ მარშრუტს სამჯერ შეასრულებს, სანამ მას დამუხტვა დასჭირდება. მანქანის დამუხტვა შესაძლებელია როგორც ღამით, ასევე არასამუშაო საათებში დღის შუალედში.
წყალბადის ალტერნატივა შორმანძილიანი გადაზიდვებისთვის
მსუბუქი ავტომობილების სეგმენტში, ბატარეასა და წყალბადის საწვავზე მომუშავე მანქანებს შორის ბატარეიანი ელექტრომობილი დომინანტურ ტექნოლოგიად იქცა. რაც შეეხება შორმანძილიან გადაზიდვებს, ამ შემთხვევაში შესაძლოა, უპირატესობა წყალბადს ჰქონდეს.
არსებობს რამდენიმე მიზეზი, რატომაც შესაძლოა წყალბადი მოგებიანი იყოს მძიმე ტვირთის შორ მანძილზე გადასაზიდად. ესენია:
- წყალბადის სათბობი ელემენტის შევსებას ნაკლები დრო ესაჭიროება, ვიდრე ბატარეის დამუხტვას. თუმცა დამუხტვის დროის მხრივ სიტუაცია გაუმჯობესებისკენ მიდის.
- სათბობი ელემენტის კონფიგურაცია ჩვეულებრივ უფრო მსუბუქია, ვიდრე ბატარეა. ამძრავის ნაკლები წონა ნიშნავს მეტ ტვირთგამტარიანობას.
- წყალბადზე მომუშავე სატვირთო მანქანას ბევრად მაღალი სასვლო მარაგი შეიძლება ჰქონდეს.
ეს ბოლო პუნქტი ჯერ არ არის დამტკიცებული, თუმცა შეგვიძლია მოვიყვანოთ Nikola-ს მაგალითი. კომპანია წყალბადზე მომუშავე სატვირთო მანქანების ორი მოდელის განვითარების პროცესშია – ესენია Tre FCEV (სასვლო მარაგი: 500 კმ) და Two FCEV (სასვლო მარაგი: 1450 კმ).
გასათვალისწინებელია, რომ ეს მხოლოდ სავარაუდო ციფრებია, და რომ კომპანიას წარსულში თაღლითობაში ედებოდა ბრალი.
ვინ იყენებს დღეს ელექტროძრავიან სატვირთო მანქანებს?
მიუხედავად იმისა, რომ ელექტროძრავიანი სატვირთო მანქანების მხოლოდ რამდენიმე მოდელი არის ხელმისაწვდომი, მათ არაერთი კომპანია უკვე იყენებს.
2020 წლის იანვარში Anheuser-Busch-მა შეიძინა 100 ერთეული 8TT. ჩინური BYD Motors-ის მიერ წარმოებული მოდელი ერთერთი პირველი ელექტროძრავიანი სატვირთო მანქანაა, რომელმაც პრაქტიკაში იპოვა გამოყენება. ლუდსახარში კომპანია მათ იყენებს კალიფორნიის მასშტაბით სავაჭრო ობიექტებისთვის (მაგ. სურსათის მაღაზიებისთვის) პროდუქტების მისაწოდებლად.
კიდევ ერთი ამერიკული კომპანია, რომელიც ელექტროძრავიან ნახევარმისაბმელიან მანქანებს იყენებს, არის Walmart-ი. საცალო ვაჭრობის გიგანტმა როგორც eCascadia, ისე Tre BEV გამოსცადა. აღნიშნული მანქანების მეშვეობით ხდება მიმწოდებლებისგან ტვირთის მიღება და შემდეგ კონსოლიდაციის ცენტრებში გადაზიდვა.