ელექტროენერგიის წყაროების განაწილება ევროპაში ქვეყნების მიხედვით

ელექტროენერგიის წყაროების განაწილება ევროპაში ქვეყნების მიხედვით

ბოლო წლების განმავლობაში ენერგორესურსები და ელექტროენერგია უკლებლივ ყველა ევროპული სახელმწიფოსათვის მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს. ამის მიზეზი კი რეგიონის რუსული ენერგორესურსების იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებაა. მსოფლიოში არსებული ტენდენცია სახელმწიფოებს წიაღისეული საწვავიდან ენერგიის განახლებად წყაროებზე გადასვლისაკენ უბიძგებს. ამისდა მიუხედავად, ევროპული სახელმწიფოებისათვის ელექტროენერგიის გამომუშავების ძირითად წყაროს კვლავ წიაღისეული საწვავი წარმოადგენს. აღნიშნულ სტატიაში კი სწორედ ევროპულ სახელმწიფოებში ელექტროენერგიის წყაროების განაწილებაზე გესაუბრებით. მონაცემები 2021 წლის სურათს ასახავს და Electricity Maps-ისა და IEA-ს ანგარიშებს ეფუძნება.

დასაწყისისთვის აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში განახლებადი ენერგიის წყაროები საერთო განაწილების სულ უფრო დიდ წილს იკავებს. შედარებისათვის, 2011 წელს ევროკავშირში ელექტროენერგიის გამომუშავების 49% სწორედ წიაღისეულ საწვავზე (ნავთობი, ბუნებრივი აირი, ქვანახშირი) მოდიოდა. განახლებადი ენერგიის წყაროების წილი კი მხოლოდ 18% იყო. ათი წლის შემდეგ ვითარება საგრძნობლად შეიცვალა და ამ ორი ზოგადი კლასიფიკაციის მქონე წყაროს განაწილება ერთმანეთს დაუახლოვდა. 2021 წლის მონაცემებით, ევროკავშირში ელექტროენერგიის გამომუშავების 32% განახლებადი ენერგიის წყაროებზე მოდის, 36% კი – წიაღისეულ საწვავზე.

ამის დამსახურება ქარის, მზისა და ჰიდროწყაროების გამოყენების ზრდაა. მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელს დიდი წილი არ უკავია, ის ევროპაში ელექტროენერგიის გამომუშავებისათვის ყველაზე გამოყენებადი წყაროა.

ცალკე გამოყოფას მოითხოვს ბირთვული ენერგია და მისი წილი ელექტროენერგიის გამომუშავებაში. ის სრულიად დამოუკიდებელ წყაროს წარმოადგენს და ევროპაში მასზე მრავალი სახელმწიფოს ენერგომოხმარებაა დამოკიდებული. თუმცა, კლების ტენდენცია ბირთვული ენერგიის წყაროს გამოყენებაშიც შეიმჩნევა. თუკი საუკუნის დასაწყისში მასზე ელექტროენერგიის გამომუშავების 33% მოდიოდა, 2021 წელს ამ მაჩვენებელმა 25% შეადგინა. მიუხედავად ამისა, არსებობენ ცალკეული ევროპული სახელმწიფოები, რომლებიც თითქმის სრულად ბირთვულ ენერგიაზე არიან დამოკიდებულნი. საფრანგეთი, შვეიცარია, ბელგია, ფინეთი, სლოვენია, სლოვაკეთი და უნგრეთი სწორედ ასეთ სახელმწიფოებს წარმოადგენენ. საინტერესოა, რა ვითარებაა ამ კუთხით დანარჩენ სახელმწიფოებში.

მაგალითისათვის, გერმანია კვლავ რჩება ქვანახშირზე მეტწილად დამოკიდებულ სახელმწიფოდ. ქვეყნის ელექტროენერგიის გამომუშავების 31%, 2021 წლის მონაცემებით, სწორედ ქვანახშირზე მოდიოდა. თუმცა, ამის პარალელურად, გერმანიაში განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებაც მიმდინარეობს. 2021 წელს ქარისა და მზის ენერგიის წილმა ქვეყნის ელექტროენერგიის გამომუშავებაში ჯამურად 33% შეადგინა (23% ქარი, 10% მზე).

სანაცვლოდ, იტალია, გაერთიანებული სამეფო და ნიდერლანდები ელექტროენერგიის გამომუშავებისათვის ძირითადად ბუნებრივ აირს იყენებენ. საერთო გამომუშავებაში წილების განაწილება კი შემდეგია: იტალია – 42%, ნიდერლანდები – 40%, გაერთიანებული სამეფო – 38%.

განახლებად ენერგიაზე გადასვლის პროცესის წარმატების ნაწილში ესპანეთი საუკეთესო მაგალითია. 2017-2021 წლებში ქვეყნის ელექტროენერგიის გამომუშავების 29% ბუნებრივ აირზე მოდიოდა. 2022 წელს კი ეს მაჩვენებელი 14%-მდე დაეცა, ქარის ენერგიის წილმა კი 32% შეადგინა.

Visual Capitalist-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფოგრაფიკაში საქართველოც გვხვდება. საქართველოსთვის ელექტროენერგიის გამომუშავების ძირითადი წყაროს დასადგენად ხუთი წლის (2017-2021) მონაცემები აიღეს. ჰიდრორესურსები ქვეყნისათვის ელექტროენერგიის გამომუშავების ძირითად წყაროს წარმოადგენს.

მსგავსი ტენდენციების გაგრძელების შემთხვევაში, ევროპული სახელმწიფოებისათვის ძირითადი წყარო განახლებადი ენერგორესურსები სულ რამდენიმე წელიწადში გახდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *