ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის საბჭოს წევრი და სემეკის იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი, სალომე ჯანელიძე ევროპაში ენერგეტიკული კრიზისის ძირითად გამომწვევ ფაქტორებზე საუბრობს და დადებით და უარყოფით მხარეებს აფასებს:
„ევროპის ქვეყნების უმეტესობაში ენერგეტიკული ზამთარი დაიწყო, რომელსაც, მიმდინარე ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, მომხმარებლები შიშით ელოდებოდნენ. კრიზისი ერთდროულად რამდენიმე ფაქტორმა გამოიწვია, თუმცა, დიდწილად, რუსეთთან ენერგეტიკული სიახლოვის შედეგია, რომელსაც ჯერ კიდევ 70-იან წლებში, ოსტპოლიტიკის ფარგლებში, გერმანიამ ჩაუყარა საფუძველი. სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის იაფი ენერგია იყო საჭირო, გერმანიის პოლიტიკურ ელიტას კი მიაჩნდა, რომ საბჭოთა კავშირთან წარმატებული ურთიერთობის საწინდარი მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობები გახდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ევროპული ენერგეტიკული მიზნები ყოველთვის ამბიციური იყო, დღეს ექსპერტები თანხმდებიან, რომ რუსულ გაზზე დამოკიდებულებასა და ენერგეტიკულ უსაფრთხოებას არასაკმარისი ყურადღება ეთმობოდა. ამას ადასტურებს მარტივი სტატისტიკაც – 2021 წელს ევროკავშირმა რუსეთიდან მიიღო ბუნებრივი გაზის სრული მოცულობის 45%, გერმანიამ კი – 55%.
ჯერ კიდევ უკრაინაში რუსეთის ომის დაწყებამდე, „გაზპრომმა“ აქტიურად დაიწყო მის მფლობელობაში არსებული ევროპული გაზსაცავების, მათ შორის, გერმანიაში უდიდესი, რეჰდენის საცავის დაცლა. უკრაინის მიმართ სამხედრო აგრესიის შემდგომ შემოღებული დასავლური სანქციების საპასუხოდ კი რუსეთმა ნაცად ტაქტიკას მიმართა და ენერგიის იარაღად გამოყენება დაიწყო. „გაზპრომმა“ ჯერ მკვეთრად შეამცირა ევროპისთვის გაზის მიწოდება „ჩრდილოეთის ნაკადი 1“ მილსადენის მეშვეობით, სექტემბრის დასაწყისიდან კი სრულად შეწყვიტა. 26 სექტემბერს, სავარაუდო საბოტაჟის შედეგად, მნიშვნელოვნად დაზიანდა როგორც „ჩრდილოეთის ნაკადი 1“, ასევე – „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ მილსადენები. ამ უკანასკნელის მშენებლობა 2021 წელს დასრულდა, თუმცა გერმანიამ პროექტის სერტიფიცირება რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე ორი დღით ადრე შეაჩერა.
რუსეთის მიერ მოწყობილ სოლიდარობის გამოცდას ევროპამ დაჩქარებულ ვადებში შემუშავებული ენერგეტიკული სტრატეგიით უპასუხა, რომელიც ითვალისწინებდა ენერგიის დაზოგვას, განახლებადი ენერგიების წახალისებასა და 1 ნოემბრამდე ევროპული გაზსაცავების არანაკლებ 80%-ით შევსებას. რუსეთიდან მილსადენებით მიწოდებული ბუნებრივი გაზის შემცირებული მოცულობების ჩანაცვლება, ძირითადად, გათხევადებული ბუნებრივი გაზით განხორციელდა. ამ მხრივ, ევროპის მთავარი პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატები და კატარი არიან, თუმცა, დაახლოებით 50%-ით გაიზარდა რუსეთიდან მიღებული გათხევადებული ბუნებრივი გაზის ოდენობაც. ევროპის გაზრდილმა მოთხოვნამ გათხევადებულ ბუნებრივ გაზზე უარყოფითად იმოქმედა განვითარებად ქვეყნებზე აზიაში, რომლებიც ვეღარ ახერხებენ მაღალი ფასების გადახდას, რაც, თავის მხრივ, საფრთხეს უქმნის მათი ეკონომიკური განვითარების ტემპებს. ევროპის ზოგიერთი ქვეყანა იძულებული გახდა, ხელახლა აემუშავებინა გაჩერებული, ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურები, რაც, ბუნებრივია, უარყოფითად აისახება გარემოზე. გერმანიამ დროებით გადაავადა ატომური ელექტროსადგურების დახურვის გეგმა, დეფიციტის შესავსებად კი, ბუნებრივი გაზის წარმოება მნიშვნელოვნად გაზარდა ნორვეგიამ, რომელიც დღეს ევროპის მთავარი მიმწოდებელია.
მიუხედავად მიღებული ზომებისა, ევროპული ენერგეტიკული ბაზრები ქაოსმა მოიცვა, რასაც ასევე ხელი შეუწყო ცხელმა ზაფხულმა და საფრანგეთის ატომური ელექტროსადგურების შეკეთების მიზნით სისტემიდან ხანგრძლივმა გათიშვამ. ივლისში ბუნებრივი გაზის ფასები წინა წელთან შედარებით უკვე 700%-ით იყო გაზრდილი. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, უშუალოდ დაადანაშაულა ევროპული ელექტროენერგიის ბაზრების ზღვრული ფასწარმოქმნის პრინციპი, რომლის მიხედვით, ყველა გამყიდველი ბაზარზე იღებს ერთ, წონასწორობის ფასს, რომელიც განისაზღვრება ყველაზე მაღალი საოპერაციო ხარჯების მქონე ელექტროსადგურით. 6 ოქტომბერს ევროსაბჭომ ფორმალურად მიიღო ენერგეტიკული კრიზისის აღმოსაფხვრელად უპრეცედენტო ზომები. ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მიენიჭათ უფლება, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის დროებით დაადგინონ ელექტროენერგიის მიწოდების ფასი, მათ შორის, ღირებულებაზე ნაკლები ოდენობით. განისაზღვრა ელექტროენერგიის მთლიანი მოხმარების 10%-ით ნებაყოფლობით შემცირება და პიკური საათების 10%-ისთვის ელექტროენერგიის მოხმარების 5%-ით სავალდებულო შემცირება. ასევე, ბაზრიდან მიღებულ შემოსავალზე დადგინდა 180 ევრო/მეგავატსაათიანი ზღვარი ელექტროენერგიის ინტრაზღვრული მწარმოებლებისთვის, ე.ი. იმ ელექტროსადგურებისთვის, რომლებიც განახლებად და სხვა ისეთი სახის ენერგიებზე მუშაობენ (ბირთვული ენერგია, ლიგნიტი) რომელთა ღირებულებაც კრიზისის შედეგად არ გაზრდილა. შეზღუდვის დაწესებით თავიდან იქნა აცილებული ზემოგების მიღება ინტრაზღვრული მწარმოებლების მიერ და, ამავდროულად, მოძიებულ იქნა ფინანსები ენერგიის საბოლოო მომხმარებლების დასახმარებლად.
ახლახან ევროკომისიამ წარმოადგინა დამატებითი წინადადებები ბუნებრივი გაზის მაღალი ფასების დასარეგულირებლად. შემოთავაზებულ ღონისძიებებს შორის არის ევროკავშირის მასშტაბით მოთხოვნის აგრეგირება და ერთობლივი შესყიდვა, რამაც უნდა უზრუნველყოს უფრო ხელსაყრელი ფასების მოლაპარაკება და წევრ ქვეყნებს შორის კონკურენციის თავიდან აცილება. შემოთავაზებული ცვლილებები ასევე შეეხება TTF-საც, ბუნებრივი გაზის ყველაზე დიდ სავაჭრო ჰაბს ევროპაში, რომელიც უკვე 20 წელია ფასების მთავარ ნიშნულად გამოიყენება, თუმცა კრიზისის შედეგად დაკარგა მჭიდრო კავშირი სხვა ევროპულ ჰაბებთან. შესაბამისად, იგეგმება გათხევადებული ბუნებრივი გაზის ფასწარმოქმნის ახალი მექანიზმის შემუშავება 2023 წლის მარტამდე, ხოლო დროებით შემოთავაზებულია ფასის კორექტირების მექანიზმის დანერგვა და ფასის დინამიკური ზღვრების დაწესება TTF-ზე განხორციელებული ტრანზაქციებისთვის.
რუსეთის მიერ მონოპოლიური ძალაუფლების ბოროტად გამოყენებით ევროპამ მძიმე გაკვეთილი მიიღო. თუმცა, სანაცვლოდ, რუსეთმა სამუდამოდ დაკარგა მისი ყველაზე დიდი და საიმედო ბაზარი. ორიოდე კვირის წინ მოსკოვმა გერმანიას „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ მილსადენის მეშვეობით ბუნებრივი გაზის მიწოდება შესთავაზა, რაზეც ბერლინიდან მტკიცე უარი მიიღო. ევროპის ენერგეტიკული ბაზრები უკვე შედარებით სტაბილურია. ბუნებრივი გაზის რეზერვები 94%-ით შევსებულია, 24 ოქტომბერს კი TTF-ზე, კრიზისის დაწყებიდან პირველად, ბუნებრივი გაზის ნოემბრის ფიუჩერსების ფასი 1 მეგავატსაათისთვის 100 ევროს ჩამოსცდა. დაანონსდა გათხევადებული ბუნებრივი გაზის ახალი ტერმინალების მშენებლობა, კიდევ უფრო მეტი ყურადღება ეთმობა განახლებადი ენერგიების წახალისებას და ხდება ინვესტიციების მობილიზება შედარებით ახალ ტექნოლოგიებში – მათ შორის, მწვანე წყალბადის პროექტებში. კრიზისმა ასევე ხელი შეუწყო ხელახალი დიალოგის დაწყებას ბირთვული ელექტროსადგურების განვითარების საჭიროებაზე. ზამთარი ჯერ წინ არის, თუმცა, უკვე შეიძლება ითქვას, რომ უინსტონ ჩერჩილის ცნობილი გამონათქვამის შესაბამისად, ევროპამ უსარგებლოდ არ გაფლანგა „კარგი“ კრიზისი და მტკიცე საფუძველი ჩაუყარა რუსეთისგან თავისუფალ ენერგეტიკულ მომავალს“.