ეროვნული ბანკის ახალი მონეტა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას მიეძღვნა

ეროვნული ბანკის ახალი მონეტა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას მიეძღვნა

ეროვნულმა ბანკმა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას, სადაც საქართველო წელს საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარსდგება, 5 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტა მიუძღვნა.

წელს საქართველო ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყანაა. საქართველოს ეროვნული ბანკი ეხმიანება ამ მნიშვნელოვან მოვლენას და მის აღსანიშნავად 5 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტა – “ქართული წიგნი” გამოუშვა.

პრეზენტაცია დღეს ეროვნულ ბანკში გაიმართა. ახალი მონეტა საზოგადოებას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ წარუდგინა. 

“ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი წიგნის ბაზრობაა, რომელსაც ყოველწლიურად ათიათასობით უცხოელი დამთვალიერებელი და მონაწილე ჰყავს და უამრავი საერთაშორისო ჟურნალისტის და კრიტიკოსის ყურადღების ცენტრში ექცევა. აღნიშნულის ფარგლებში, ყოველწლიურად ერთ კონკრეტულ ქვეყანას საშუალება ეძლევა მთელი წლის განმავლობაში, გერმანიის სხვადასხვა ქალაქში, წარმოადგინოს მთელი თავისი ინტელექტუალური რესურსი (ლიტერატურა, თეატრი, მუსიკა, ფერწერა, კინო, ფოლკლორი, სამზარეულო და სხვ.) და 2018 წელს ეს პატივი ჩვენს ქვეყანას – საქართველოს მიენიჭება. საქართველოს ეროვნული ბანკი, ეხმიანება ამ მართლაც ეროვნულ ღონისძიებას – ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით წარდგენას. მოხარული ვარ, რომ მაქვს პატივი წარმოგიდგინოთ საქართველოს ეროვნული ბანკის მორიგი პროექტი, საკოლექციო დანიშნულების ვერცხლის ახალი მონეტა, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ძალზედ მნიშვნელოვან და საამაყო მოვლენას მივუძღვენით”, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს საკანონმდელო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, ეროვნული ბიბლიოთეკის, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები, დიზაინის შესარჩევი კომისიის წევრები და საპატიო სტუმრები – ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწეები.

მონეტის რეალიზაცია მიმდინარე წლის 10 სექტემბრიდან დაიწყება და მისი შეძენა შესაძლებელი იქნება როგორც ეროვნული ბანკის საკასო ცენტრსა და ყვარლის ფულის მუზეუმში, ისე ეროვნული ბანკის ვებგვერდზე განთავსებული ონლაინ მაღაზიის მეშვეობით. მონეტის სარეალიზაციო ფასი 75 ლარია.

ავერსი: კომპოზიცია ეფუძნება გელათის ოთხთავის (XII საუკუნე) ერთ-ერთ მინიატურას, სადაც ლუკა მახარებელია გამოსახული. სივრცის მარჯვენა ნაწილი ქართული ხელნაწერი წიგნის ნუსხური ტექსტის სტილიზებულ ფრაგმენტს უკავია, რომლის პირველი, საზედაო ასო წითელი და ლურჯი ფერებითაა გაფორმებული. ტექსტის ქვემოთ მითითებულია ლათინური და ასომთავრული წარწერები – “Romae MDCXXIX” და “ႲႴႨႪႨႱႨ  ႹႶႧ”, რაც პირველნაბეჭდი ქართული წიგნების გამოცემის ადგილსა და დროს აღნიშნავს (შესაბამისად, “რომში, 1629” და “ტფილისი, 1709”) . მონეტას მარცხნივ წრიულად გასდევს წარწერა: “საქართველო 2018 Georgia”.

რევერსი: კომპოზიციას ერთად კრავს ზედა მარცხენა ნაწილში გამოსახული ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაში საქართველოს მონაწილეობის ამსახველი ლოგო და ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი “5”, რომლის ქვედა ნაწილში ლარის სიმბოლოა “₾” დატანილი, ცენტრში კი – სტილიზებული ასოებით შესრულებული ეროვნული ვალუტის აღმნიშვნელი სიტყვა “ლარი”. მონეტას წრიულად მარცხნიდან მარჯვნივ გასდევს წარწერა ლათინური ასოებით: “Georgia Made by Characters. Guest of Honour. Frankfurter Buchmesse 2018” (“ანბანით მოთხრობილი საქართველო, საპატიო სტუმარი, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა 2018”).