13 ოქტომბრიდან, საქართველოს ეროვნული მუზეუმის და საქართველოში იტალიის საელჩოს ორგანიზებით გამოფენა – „სიცოცხლე და სიკვდილი – დიდებული პომპეი“ ახლა უკვე თბილისში, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გაიმართება. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება არქეოლოგიური მასალა პომპეის არქეოლოგიური პარკიდან.
გამოფენის მხარდამჭერია თიბისი. ერთობლივად განხორციელებული არაერთი წარმატებული პროექტის შემდეგ, საქართველოს ეროვნული მუზეუმი და თიბისი, საქართველოს ეროვნული საგანძურის პოპულარიზაციის მიზნით, მასშტაბურ, გრძელვადიან თანამშრომლობას აგრძელებენ. თიბისი უკვე მესამე წელია აქტიურად თანამშრომლობს ქვეყნის წამყვან სამეცნიერო, კულტურულ და საგანმანათლებლო ინსტიტუციასთან და ამ პარტნიორობის ფარგლებში არაერთი სასარგებლო ინიციატივა განხორციელდა, რომელიც საზოგადოებას ახალი ცოდნის მიღების და მუდმივი აღმოჩენების კეთების საშუალებას თანამედროვე ფორმატების მეშვეობით აძლევს.
უკანასკნელ წლებში განსაკუთრებით აქტუალურია პომპეისადმი მიძღვნილი გამოფენები, რომლებიც მსოფლიოს თითქმის ყველა წამყვან მუზეუმში გაიმართა. თბილისში, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში წარმოდგენილი არქეოლოგიური მასალა ძველი რომის დიდებული ქალაქის – ახ. წ. 79 წელს, ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად, ფერფლით დაფარული პომპეის მდიდრულ ცხოვრებასა და მის ტრაგიკულ დასასრულს ასახავს.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება კედლის მხატვრობის ნიმუშები, სახლის სხვადასხვა ნაწილში (ატრიუმი, ტრიკლინიუმი, პერისტილი, ლარარიუმი, ბაღი) აღმოჩენილი მრავალფეროვანი არქეოლოგიური მასალა და ოქრომჭედლობის გამორჩეული ნიმუშები. მუზეუმის ვიზიტორი გადაინაცვლებს სამყაროში, რომელიც აცოცხლებს ანტიკური ეპოქის იტალიის ერთი ქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებას ახ. წ. I საუკუნეში. ექსპოზიციაზე ასევე წარმოდგენილი იქნება ვულკანის ამოფრქვევის შედეგად დაღუპულთა თაბაშირის მოდელები.
პომპეი, რომელსაც დაახლოებით სამი საუკუნეა არქეოლოგები იკვლევენ, ნათელ წარმოდგენას გვიქმნის რომის იმპერიის ქალაქების ყოველდღიურ ცხოვრებაზე. პომპეის აღმოჩენებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა თანამედროვე ევროპული ესთეტიკის, დიზაინის, სამზარეულოს და სუფრის ტრადიციების ჩამოყალიბებაში.
სიმბოლურია, რომ პომპეის არქეოლოგიური აღმოჩენები საქართველოში პირველად ვანის განახლებულ მუზეუმში იყო წარმოდგენილი, სადაც დამთვალიერებელს უნიკალური შესაძლებლობა ჰქონდა, ანტიკური სამყაროს ისტორიას გასცნობოდა ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ფუნქციის მქონე რვასაუკუნოვანი ქალაქების – პომპეისა და ვანის – დიდებული წარსულისა და ტრაგიკული დასასრულის ამსახველი ექსპონატების მაგალითზე.
აღნიშნული გამოფენა წარმოადგენს საქართველოსა და იტალიას შორის მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას. 2017-2019 წლებში საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საელჩოს და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ორგანიზებით, თბილისის ორ მთავარ საგამოფენო სივრცეში დამთვალიერებელმა არაერთი საერთაშორისო მასშტაბის გამოფენა იხილა.
პომპეის გამოფენის მხარდამჭერია: იტალიური კომპანია “Glocal Project Consulting”, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, „წინანდლის მამული”, VISA; საინფორმაციო მხარდამჭერია საქართველოს პირველი არხი.
გამოფენა დამთვალიერებელს 13 ოქტომბრიდან 8 ნოემბრამდე უმასპინძლებს.
ვიზიტის დაგეგმვა შესაძლებელია აქ.
მისამართი: თბილისი, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შ. რუსთაველის გამზ. 3.