Statista-ს მონაცემებით, 2022 წლის მესამე კვარტალში, Meta-ს ძირითად პლატფორმაზე 2.93 მილიარდი ყოველდღიური აქტიური მომხმარებელი დაფიქსირდა. შესაბამისად, კომპანიის ოთხი მთავარი პროდუქტის, Facebook-ის, WhatsApp-ის, Instagram-ისა და Messenger-ის ყოველდღიურ აქტიურ მომხმარებელთა რიცხვი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.2%-ით გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, Facebook-ის ისტორიაში პირველად დაფიქსირებული კლების შემდეგ, ყოველდღიურად აქტიურ მომხმარებელთა რიცხვი კვლავ მატებას განაგრძობს და მესამე კვარტალის მონაცემებით, 1.98 მილიარდს აღწევს.
ცნობისთვის, 2021 წლის მაისის მდგომარეობით, Facebook-ი იყო ყველაზე ხშირად გამოყენებული სოციალური მედიის საიტი შეერთებულ შტატებში, სოციალურ მედიაში დაფიქსირებული ვიზიტების საერთო რაოდენობის 71.8%-ით. მეორე ადგილზე მოხვდა Pinterest-ი, 12.4%-ით, შემდეგ კი Twitter-ი და Instagram-ი, შესაბამისად, 9.15%-ითა და 3.82%-ით.
მიუხედავად, მაგალითად, Instagram-ზე, ცნობილი სახეებისა და ბრენდების გვერდებზე კონტენტის მრავალფეროვნებისა, არანაკლები პოპულარობით მომხმარებელში Facebook-ის გვერდები სარგებლობს. პლატფორმაზე არსებული თოთხმეტი გვერდის მოწონების რაოდენობა 100 მილიონს აჭარბებს, მათ შორისაა თავად Facebook-ის გვერდი, ასევე Samsung-ი და ჩინეთის ახალი ამბების ორი სააგენტო CGTN-ი და China Daily. 100 მილიონზე მეტი მიმდევარი ჰყავთ მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებს, კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის.
Facebook-ის გვერდების რეიტინგი, რომელთა მოწონებების რაოდენობა პლატფორმაზე 100 მილიონს სცდება, ასე გამოიყურება:
- Facebook – 178,471,131 მოწონება
- Samsung – 161,924,101 მოწონება
- Cristiano Ronaldo – 155,151,664 მიმდევარი
- Mr Bean – 132,508,925 მიმდევარი
- CGTN-ი – 119,334,123 მიმდევარი
- Shakira – 117,707,167 მიმდევარი
- Real Madrid – 112,724,050 მოწონება
- Will Smith – 112,239,953 მიმდევარი
- Coca-Cola – 108,948,275 მოწონება
- Leo Messi – 107,472,731 მიმდევარი
- VIN Diesel – 106,838,539 მიმდევარი
- China Daily – 104,953,856 მიმდევარი
- FC Barcelona – 103,677,174 მოწონება
- Rihanna – 102,838,974 მიმდევარი
(შენიშვნა: რეიტინგში გვერდებიდან, რომელთაც მოწონების ფუნქცია არ აქვთ, გამომწერთა რაოდენობაა აღებული)