Forbes-მა ამერიკის შეერთებული შტატების 400 უმდიდრესი ადამიანის 2023 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა. მიმდინარე წლის სიაში აშშ-ის უმდიდრეს ადამიანთა საშუალო ასაკი 70 წელია, 40 წლამდე ასაკის მილიარდერთა რაოდენობა კი უკანასკნელ ორ ათწლეულში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა და მხოლოდ 1%-ს უტოლდება.
ამჟამად ამერიკის ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი Walmart-ის მემკვიდრე, 37 წლის ლუკას უოლტონია. ლუკასმა ქონება 2005 წელს, მამამისის, ჯონ უოლტონის გარდაცვალების შემდეგ მიიღო. გასულ წელს უოლტონი სიის მხოლოდ მეხუთე ყველაზე ახალგაზრდა წევრი იყო, თუმცა დანარჩენმა ოთხმა რეიტინგში პოზიციები სხვადასხვა მიზეზის გამო დაკარგა. მათ შორის იყვნენ ბობი მერფი და ევან შპიგელი, Snapchat-ის დამფუძნებლები, რომელთაც კომპანიის აქციების ფასის ვარდნასთან ერთად Forbes 400-ის სიაც დატოვეს და აწ უკვე გაკოტრებული კრიპტობირჟა FTX-ის დამფუძნებლები სემ ბანკმენ-ფრიდი და გარი ვანგი, რომლებიც თაღლითობის ბრალდებით, სასამართლოს წინაშეც წარდგნენ.
Forbes-ის მიმდინარე წლის რეიტინგის 40-წლამდელთა სიის სხვა წევრებს შორისაა რეიტინგის ახალწვეული ჯოშ კუშნერი, ივანკა ტრამპის სიძე, რომელმაც ქონების უდიდესი ნაწილი ვენჩურული კაპიტალის წყალობით დააგროვა. 2023 წლის ახალგაზრდა მილიარდერთა სიაში მოხვდნენ Meta-ს მარკ ცუკერბერგი და Asana-ს დასტინ მოსკოვიცი. Facebook-ის თანადამფუძნებლები, სიაში პირველად მოხვედრისას, შესაბამისად 24 და 26 წლის ასაკისანი იყვნენ, ახლა კი ორივე მათგანი 39 წლისაა. ცუკერბერგი წლევანდელ ახალგაზრდა მილიარდერებს შორის ყველაზე მაღალი, $106-მილიარდიანი წმინდა ქონებით გამოირჩევა.
გარდა ამისა, Forbes-ის მიმდინარე წლის ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერთა რეიტინგში მოხვდა უძრავი ქონების გაქირავების პოპულარული პლატფორმა Airbnb-ის სამივე დამფუძნებელი, ბრაიან ჩესკი, ნათან ბლეჩარჩიკი და ჯო გებია. კომპანიის აქციები გასულ წელთან შედარებით 28%-ითაა გაზრდილი, რის შედეგადაც, გებიას და ჩესკის ქონებას თითო-თითო მილიარდი დოლარი, ხოლო ბლეჩარჩიკის ქონებას თითქმის $2 მილიარდი შეემატა.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ FTX-ის დამფუძნებლებისგან განსხვავებით, მიმდინარე წლის რეიტინგში ვხვდებით Airbnb-ის ყოფილ პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერსა და კრიპტობირჟა Coinbase-ის დამფუძნებელ ბრაიან არმსტრონგს, რომელიც აქციების 26%-ის ზრდის შედეგად, გასულ წელთან შედარებით, წელს $1 მილიარდით მდიდარია.
საერთო ჯამში, წლევანდელი სიის თერთმეტი ყველაზე ახალგაზრდა, 42 წლამდე ასაკის წევრის წმინდა ქონება, სულ ცოტა, $3.6 მილიარდს შეადგენს – $700 მილიონით მეტს $2.9-მილიარდიან ნიშნულთან შედარებით, რაც საჭირო იყო 2023 წლის რეიტინგში მოსახვედრად. კოლექტიურად, აშშ-ის ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერები კი $196 მილიარდის ქონებას ფლობენ.
ამერიკის ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერები:
- ლუკას უოლტონი: $24.2 მილიარდი. ასაკი: 37. სიმდიდრის წყარო: Walmart
- ჯოშ კუშნერი: $3.6 მილიარდი. ასაკი: 38. სიმდიდრის წყარო: ვენჩურული კაპიტალი
- დასტინ მოსკოვიცი: $12.2 მილიარდი. ასაკი: 39. სიმდიდრის წყარო: Facebook
- მარკ ცუკერბერგი: $106 მილიარდი. ასაკი: 39. სიმდიდრის წყარო: Facebook
- ნათან ბლეჩარჩიკი: $9.5 მილიარდი. ასაკი: 40. სიმდიდრის წყარო: Airbnb
- ბრაიან არმსტრონგი: $3.7 მილიარდი. ასაკი: 40. სიმდიდრის წყარო: კრიპტოვალუტა
- სკოტ დუნკანი: $7.4 მილიარდი. ასაკი: 40. სიმდიდრის წყარო: მილსადენები
- ლინსი სნაიდერი: $6.7 მილიარდი. ასაკი: 41. სიმდიდრის წყარო: In-N-Out Burger
- სანჯიტ ბისვასი: $3.6 მილიარდი. ასაკი: 41. სიმდიდრის წყარო: სენსორული სისტემები
- ბრაიან ჩესკი: $10 მილიარდი. ასაკი: 42. სიმდიდრის წყარო: Airbnb
- ჯო გებია: $8.9 მილიარდი. ასაკი: 42. სიმდიდრის წყარო: Airbnb