Forbes Georgia პროექტს 30 Under 30-ს იწყებს. ჩვენ შევადგინეთ ქართველი ოცდაათწლამდელი წარმატებული ახალგაზრდების ასეული, ვის შერჩევაშიც სხვადასხვა სფეროს ექსპერტები დაგვეხმარნენ.
პროექტი მიზნად ისახავს იმ ადამიანების სიის შედგენას, რომლებმაც წარმატებას 30–წლამდელ ასაკში უკვე მიაღწიეს. ამ სიაში მოხვედრილი ახალგაზრდები სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობენ, თუმცა მათ გარკვეული თვისებები აერთიანებთ – ისინი არიან გაბედულები, ენერგიულები, შემოაქვთ სიახლე და აქვთ თავიანთი ხედვა.
წარმოგიდგენთ რჩეულებს ხელოვნების და კულტურის სფეროში:
გურამ მაცხონაშვილი, 28
მწერალი.
მარი ბექაური, 28
მწერალი.
სალომე დუმბაძე, 26
მხატვარი.
ანდრო ერაძე, 25
ფოტოგრაფი.
დათა თავაძე, 28
თეატრის რეჟისორი.
კატო კალატოზიშვილი, 29
თეატრის მსახიობი.
ლადო ლომიტაშვილი, 24
ფოტოგრაფი.
ნიკა ქუთათელაძე, 28
კონცეპტუალური არტისტი.
მიშა ჩარკვიანი, 28
თეატრის რეჟისორი.
დათო ჯიქია, 22
მუსიკოსი, მწერალი.
———-
ხელოვნების და კულტურის სფეროს ჟიური:
ლაშა ბუღაძე, მწერალი.
დავით ბუხრიკიძე, კულტურის კრიტიკოსი.
ირინა პოპიაშვილი, გალერისტი.
———-
ფოკუსში: დათა თავაძე, 28. სამეფო უბნის თეატრი, რეჟისორი.
თეატრი შეხვედრის ადგილია. დათა თავაძის სპექტაკლებში ძველი ხვდება ახალს, ისტორიული პიესები ითარგმნება და ჩვენს დღევანდელობას ესადაგება. სამეფო უბნის თეატრის სამსახიობო დასთან და დრამატურგთან ერთად ის იკვლევს თანამედროვე საზოგადოების ყოფას და ამით მაყურებელთან ურთიერთობას უშუალობას ანიჭებს. მისთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს კომუნიკაცია ორმხრივი იყოს და სპექტაკლის მსვლელობისას საზღვრები გაქრეს, რათა ორივე მხარეს ამბავი და ემოცია გაცოცხლდეს.
“ტროელ ქალებში” დათა სხვადასხვა ეპოქაში ომგამოვლილი ქალების ტრაგედიებს ძველი ბერძენი დრამატურგის, ევრიპიდეს პიესასთან თანხვდენით მოგვითხრობს. სპექტაკლში “ტკივილი არის ახალგაზრდობა” პირველი მსოფლიო ომის შემდეგ მცხოვრები პერსონაჟების ისტორიები 90- იანი წლების საქართველოს გვახსენებს. სპექტაკლში “პრომეთე” ახალგაზრდა მამაკაცის სხეული ქვეყნის 25–წლიანი დამოუკიდებლობის ისტორიის აღმწერია, “ფრეკენ ჟული” კი გვიჩვენებს, თუ რა რთულია ტრადიციულ საზოგადოებაში ემანსიპირებული ქალის არსებობა. თუმცა მთავარი კავშირი, რომელსაც დათა თავაძის სპექტაკლები ამყარებს, არის არა წარსულსა და აწმყოს შორის, არამედ თავად წარმოდგენასა და მაყურებელს შორის.
იმედი ვიქონიოთ, რომ დათა თავაძე, სამეფო უბნის თეატრის მსახიობებთან, დრამატურგთან და მხატვართან ერთად კიდევ ბევრჯერ მოგვცემს ჩვენი საზოგადოების ემოციური წარსულის გამოკვლევისა და, ამასთან ერთად, მის შეცვლილ სახესთან შეხვედრის საშუალებას.