2 მარტს Forbes-მა გამოაქვეყნა მილიარდერთა განახლებული, 2015 წლის რეიტინგი.
Forbes-ი უკვე 29 წელია აქვეყნებს მილიარდერთა ყოველწლიურ შემაჯამებელ რეიტინგს და ტრადიციისამებრ სია მზარდია – წელს რეიტინგში 1826 მილიარდერი მოხვდა (290-ით მეტი შარშანდელთან შედარებით, საიდანაც 71 ჩინეთიდანაა). რეიტინგში შესულ მილიარდერთა ჯამური კაპიტალი 7.05 ტრილიონი დოლარია ($6.4 ტრილიონი 2014 წელს). რეკორდულია ასევე ახალგაზრდა მილიარდერთა რაოდენობა – წელს სიაში მოხვდა 46 მილიარდერი, რომელთა ასაკიც 40 წელს არ აღემატება.
ბილ გეიტსი კვლავ სიის სათავეშია, მისი ქონება გასულ წელს $3.2 მილიარდით გაიზარდა და ამჟამად $79.2 მილიარდს შეადგენს. გეიტსი უკანასკნელი 21 წლის მანძილზე მე-16-ჯერ არის პლანეტის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგის ლიდერი. მექსიკელი მაგნატი, კარლოს სლიმ ჰელუ წელსაც მეორეა, უორენ ბაფეტმა კი ამანსიო ორტეგას გაუსწრო და მესამეზე გადაინაცვლა. საერთოდ, გასული წელი ბაფეტისთვის ყველაზე მოგებიანი აღმოჩნდა – მისი კაპიტალი $14.5 მილიარდით გაიზარდა და $72.7 მილიარდი შეადგინა. მარკ ცუკერბერგი პირველად მოხვდა სიის ოცეულში, მან 5 საფეხურით ზემოთ აიწია და ამჟამად მე-16-ე ადგილზეა, $33.4 მილარდით.
საქართველოდან რეიტნგში კვლავ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილია. $5.2 მილიარდით ის 291-ე ადგილზეა (270-ე 2014 წელს).
ერთადერთი მონაცემი, რომლითაც წლევანდელი რეიტინგი შარშანდელს ჩამოუვარდება, არის სიის წევრთა კაპიტალის საშუალო მაჩვენებელი – $3.86 მილიარდი (60 მილიონი დოლარით ნაკლები 2014 წელთან შედარებით).
მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა ათეული ასე გამოიყურება:
1. ბილ გეიტსი – $79.2 მილიარდი
2. კარლოს სლიმ ჰელუ – $77.1 მილიარდი
3. უორენ ბაფეტი – $72.7 მილიარდი
4. ამანსიო ორტეგა – $64.5 მილიარდი
5. ლარი ელისონი – $54.3 მილიარდი
6. ჩარლზ კოხი – $42.9 მილიარდი
7. დევიდ კოხი – $42.9 მილიარდი
8. კრისტი უოლტონი – $41.7 მილიარდი
9. ჯიმ უოლტონი – $40.6 მილიარდი
10. ლილიან ბეტანკური – $40.1 მილიარდი
Forbes-ის მილიარდერთა 2015 წლის სრული რეიტინგი იხილეთ ბმულზე.