Forbes: მაღალშემოსავლიანი უნარები, რომელთაც 2024 წელს უნდა დაეუფლოთ

Forbes: მაღალშემოსავლიანი უნარები, რომელთაც 2024 წელს უნდა დაეუფლოთ

სამუშაო ბაზარი მუდამ იცვლება, ინდუსტრიები კი ვითარდება, რის შედეგადაც, კომპანიების მხრიდან ახალ ტალანტებზე მოთხოვნაც სწრაფადვე იმატებს. უნარები, რომლებიც ერთ დროს მოთხოვნადი იყო, ახლა შესაძლოა უკვე მოძველებული იყოს და გადამზადებას საჭიროებდეს. ამერიკულმა Forbes-მა სწორედ ის მაღალშემოსავლიანი უნარები გამოავლინა, რომელთა დაუფლებაც შესაძლოა დასაქმებულთათვის სამომავლოდ კარიერული და შემოსავლების ზრდის წინაპირობად იქცეს.

წარმოგიდგენთ 2024 წლის ყველაზე შემოსავლიან და მოთხოვნად უნარებს, რომელთა დაუფლებაც, ამერიკული Forbes-ის ანალიზით, შემოსავლების ზრდასთან ერთად, ბაზარზე კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებაშიც დაგეხმარებათ:

მონაცემთა ანალიზი

მონაცემთა ანალიტიკური უნარები, სხვადასხვა სიტუაციასა და კარიერულ ეტაპზეა გამოყენებადი, მათ შორის ლიდერობისა და მენეჯმენტის პოზიციებზე. თუმცა მონაცემთა ანალიტიკოსის როლის შეთავსება, მხოლოდ ერთი მიმართულებით სპეციალიზაციითაც შესაძლებელია. ეს უნარი ითვალისწინებს რთული მონაცემების ვიზუალიზაციას, მოდელირებასა და ინტერპრეტაციას, რათა ისინი უფრო მარტივად აღქმადი გახდეს გადაწყვეტილების მიმღებ პირთათვის. მონაცემთა ანალიზი ორგანიზაციებს კარგად ინფორმირებული სტრატეგიების შემუშავებაში ეხმარება.

პროექტის მენეჯმენტი

პროექტის მენეჯმენტიც იმ უნარებს შორისაა, რომელთაც სხვადასხვა ინდუსტრიაში მოღვაწე ორგანიზაციები, გლობალურად, აქტიურად მოითხოვენ. პროექტის მენეჯერებზე მოთხოვნა 2032 წლისთვის 6%-ით გაიზრდება. ეს მოიცავს საფუძვლიან ორგანიზაციულ და მეთოდურ უნარებს, რისკის მენეჯმენტს, ურთიერთობის გამყარების უნარებსა და გუნდური მუშაობის, თანამშრომლობისა და კომუნიკაციის ძლიერ უნარებს.

UX/UI დიზაინი

საზოგადოებაში, სადაც ტექნოლოგიები წამყვან როლს თამაშობს, ერთნაირად აუცილებელია როგორც მომხმარებელთა გამოცდილების შესწავლა, ასევე ინტერაქციის დიზაინზე ზრუნვა. შესაბამისად, მათთვის, ვისაც ციფრული პროდუქტები აინტერესებს, UX/UI დიზაინი ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი მიმართულებაა. სამყაროში, სადაც Statista-ს 2023 წლის ოქტომბრის მონაცემებით, ინტერნეტს გლობალურად 5.3 მილიარდამდე ადამიანი იყენებს, აღნიშნული უნარი უზრუნველყოფს კლიენტებისა და მომხმარებლების კმაყოფილების შენარჩუნებას საჯარო და კერძო სექტორის ორგანიზაციებში, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ზოგადად ბიზნესში.

ციფრული მარკეტინგი

UX/UI დიზაინის მსგავსად, ციფრული მარკეტინგიც ონლაინგამოცდილებაზეა ფოკუსირებული და ამავდროულად, პოტენციური მომხმარებლის მოზიდვის მიზანსაც ემსახურება. ციფრული მარკეტინგისთვის აუცილებელია ისეთი უნარები, როგორიცაა: ვიდეოს რედაქტირება, გრაფიკული დიზაინი, სოციალური მედია და ინფლუენსერ-მარკეტინგი, ბლოგების შექმნა და ა.შ. ონლაინსივრცეშიც მრავლადაა კურსები, რომლებიც დაინტერესებულ პირებს აღნიშნული უნარების გაუმჯობესებაში დაეხმარება.

AI (ხელოვნური ინტელექტი)

ხელოვნური ინტელექტი ყველაზე მაღალშემოსავლიანი უნარების სიაში 2024 წელსაც რჩება. AI მძლავრი ტექნოლოგიაა, რომელიც უკვე აქტიურად გამოიყენება თითქმის ყველა ინდუსტრიასა და ორგანიზაციაში და განვითარების მაღალი პოტენციალიც აქვს. McKinsey & Company-ის ანგარიშით, ხელოვნური ინტელექტის ეკონომიკური სარგებელი $2.6 ტრილიონიდან $4.6 ტრილიონამდე გაიზრდება.

ლიდერობა

„ლიდერის უნარები“ ფართო ტერმინია, რომელიც თავის თავში აერთიანებს ანალიტიკურ აზროვნებას, ცნობისმოყვარეობას, მუდმივ სწავლასა და განვითარებას, გამძლეობას, მოტივაციასა და თვითშემეცნებას. 2023 წლის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის „მომავლის სამსახურების ანგარიშში“ აღნიშნული თვისებები იმ „აღმავალ უნარებს“ შორის დასახელდა, რომლებიც ორგანიზაციებისთვის დღეს პრიორიტეტულია.

ვებდეველოპმენტი

აშშ-ის შრომის სტატისტიკის ბიუროს მონაცემებით, ვებდეველოპმენტის სამუშაოებზე მოთხოვნა მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში 16%-ით გაიზრდება. ვებდეველოპმენტის შესწავლა ონლაინკურსებისა და ბუთქემფების საშუალებითაც შესაძლებელია.

გაყიდვები

გაყიდვების მიმართულებით მუშაობა ძლიერ ინტერპერსონალურ კომუნიკაციების უნართან ერთად, სტრესულ გარემოსა და მკაცრი დედლაინის პირობებში მუშაობასაც მოითხოვს. მზარდი შემოსავლის გარდა, რომელსაც უმეტესად მაღალი საკომისიო განაპირობებს, გაყიდვები კარიერული განვითარების შესაძლებლობასაც იძლევა, მათ შორის გაყიდვების მენეჯმენტისა და ხელმძღვანელობის მიმართულებით.