Forbes: მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქალები 2024 წელს

Forbes: მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქალები 2024 წელს

ამერიკულმა Forbes-მა მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქალების ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა. გამოცემის მიერ შედგენილი სიის სათავეში, ზედიზედ უკვე მესამე წელია, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენია. პოლიტიკური სფეროს წარმომადგენლები ლიდერობენ რეიტინგის პირველ ხუთეულშიც, რაც გასაკვირი არაა, გეოპოლიტიკური პროცესებით დატვირთულ 2024 წელს თუ გავიხსენებთ.

ურსულა ფონ დერ ლაიენი, მიმდინარე წელს, ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე მეორე ვადით აირჩიეს. ლაიენი და Forbes-ის რეიტინგის მეორეადგილოსანი, ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი კრისტინ ლაგარდი, ერთობლივად, ევროკავშირის $18-ტრილიონიანი ეკონომიკის მომავალს განსაზღვრავენ და გადაწყვეტილებებს იღებენ ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიც, მაგალითად, ხელოვნური ინტელექტის რეგულაციები და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული პოლიტიკაა.

მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქალების 2024 წლის სიაში მესამე პოზიციაზე იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონია, რომელიც ევროპის რიგით მესამე უმსხვილეს ეკონომიკას ხელმძღვანელობს, ხოლო მას მექსიკის პირველი პრეზიდენტი ქალი, კლაუდია შეინბაუმი მოჰყვება.

პოლიტიკის მიღმა, ბოლო წლებში, ქალების გავლენის მნიშვნელოვანი ზრდა შესამჩნევია სხვადასხვა სფეროზეც. მაგალითისთვის, Forbes-ის რეიტინგში, 25-ე ადგილზე SpaceX-ის პრეზიდენტი და COO გვინი შოტველია – ქალი, რომელმაც კომერციულ კოსმოსში $210-მილიარდიანი კომპანიის ჩამოყალიბებაში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა. რეიგინგის მეხუთე პოზიციაზე კი ავტოინდუსტრიაში ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა, General Motors-ის აღმასრულებელი დირექტორი მერი ბარაა.

გამოცემის რეიტინგის ათეულში ამერიკის უმსხვილესი ფილანთროპები, მაქკენზი სკოტი და მელინდა ფრენჩ გეიტსიც არიან წარმოდგენილნი.

Forbes-ის მიმდინარე წლის რეიტინგში ვხვდებით ამერიკელ მომღერალ ტეილორ სვიფტსაც (23-ე ადგილი). სვიფტის THE ERAS TOUR-ი, რომელმაც წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში მსოფლიოს უმსხვილესი ქალაქები მოიცვა, პირველი საკონცერტო ტურნეა, რომელმაც $1 მილიარდზე მეტი გამოიმუშავა.

საერთო ჯამში, Forbes-ის რეიტინგი მსოფლიოს 100 გავლენიან ქალს აერთიანებს – პოლიტიკის, ეკონომიკის, ტექნოლოგიების, ფინანსების, შოუბიზნესის სფეროებიდან. კოლექტიურად, რეიტინგში შემავალი ქალები $33 ტრილიონის ეკონომიკურ ძალას ფლობენ და მილიარდობით ადამიანზე ახდენენ გავლენას.

მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქალების TOP-10
  1. ურსულა ფონ დერ ლაიენი – პოლიტიკა, ევროკომისიის პრეზიდენტი
© picture alliance / Panama Pictures
        2. კრისტინ ლაგარდი – პოლიტიკა, ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი
© REUTERS/Kai Pfaffenbach
      3. ჯორჯა მელონი – პოლიტიკა, იტალიის პრემიერ-მინისტრი
© REUTERS/Guglielmo Mangiapane
      4. კლაუდია შეინბაუმი – პოლიტიკა, მექსიკის პირველი პრეზიდენტი ქალი
© MORENA
      5. მარი ბარა – ბიზნესი, General Motors-ის CEO
© Reuters
      6. აბიგაილ ჯონსონი – ფინანსები, Fidelity Investments-ის აღმასრულებელი დირექტორი
© Barry Chin/The Boston Globe
       7. ჯული სვითი – ბიზნესი, Accenture-ის CEO
© Gavin John/Bloomberg
       8. მელინდა ფრენჩ გეიტსი – ქველმოქმედება, ამერიკელი ფილანთროპი
© Reuters
      9. მაქკენზი სკოტი – ქველმოქმედება, ამერიკელი ფილანთროპი
© Michael Kovac/Getty Images
       10. ჯეინ ფრეიზერი – ფინანსები, Citigroup-ის აღმასრულებელი დირექტორი
citigroup.com
citigroup.com