Forbes: ყველაზე გულუხვი ამერიკელი ფილანთროპები 2025 წლისთვის

Forbes: ყველაზე გულუხვი ამერიკელი ფილანთროპები 2025 წლისთვის

Forbes-მა 2025 წლისთვის ამერიკელი ფილანთროპი მილიარდერების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც ქვეყნის 25 ქველმოქმედი გააერთიანა. 2024 წლის 30 დეკემბრის მონაცემებით, რეიტინგში შემავალი პირების მიერ ცხოვრების განმავლობაში ქველმოქმედებისთვის გაღებული თანხა $241 მილიარდს უტოლდება – ეს კი $30 მილიარდით მეტია გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

შედეგად, გამოდის, რომ მათ მიერ საქველმოქმედო მიზნებისთვის გაცემული თანხა, წინა წელთან შედარებით, 14%-ითაა გაზრდილი, მაშინ როდესაც ამ მილიარდერთა კოლექტიური ქონების ზრდამ 18.5% შეადგინა. ჯამში, 25 უმსხვილესი ფილანთროპის კომბინირებული ქონება, 2023 წლის $1.35 ტრილიონიდან $1.6 ტრილიონამდე გაიზარდა. სხვა მხრივ რომ შევხედოთ, ამერიკის უმსხვილესმა ფილანთროპებმა შემოწირულების სახით მათი კოლექტიური ქონების 14% გაიღეს, რაც ყველაზე დაბალი პროცენტია 2021 წელს რეიტინგის შედგენის დღიდან.

ამერიკის უმსხვილეს ფილანთროპთა სიაში, ზედიზედ უკვე მეხუთე წელია, ინვესტორი და Berkshire Hathaway-ის თავმჯდომარე უორენ ბაფეტი ლიდერობს. ბაფეტის მიერ სიცოცხლის განმავლობაში ქველმოქმედებისთვის გაცემულმა თანხამ $62 მილიარდი შეადგინა, რაც მისი ქონების 30%-ია. მხოლოდ გასულ წელს ბაფეტმა ჯამში $5.3 მილიარდი გაიღო – მეტი, ვიდრე ნებისმიერმა სხვა მილიარდერმა. ცნობისთვის, 94 წლის ინვესტორი, ბილ და მელინდა გეიტსებთან ერთად, The Giving Pledge-ის ინიციატივის ფუძემდებელია, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე, ქველმოქმედებისთვის ქონების თითქმის სრულად გაღებას გულისხმობს. ამჟამად ბაფეტი, $146 მილიარდით, მსოფლიოს მერვე უმდიდრესი ადამიანია.

მაშინ როდესაც გაღებული თანხის მოცულობით ერთპიროვნული ლიდერი ბაფეტია, სიმდიდრესთან ქველმოქმედების პროცენტული შეფარდებით პირველ ადგილს ჯორჯ სოროსი იკავებს. ამ უკანასკნელმა, სიცოცხლის განმავლობაში, ფილანთროპიისთვის მილიარდერთა შორის ქონებიდან ყველაზე მეტი, 76% გაიღო. მილიარდერის ფონდის, Open Society Foundations-ის დაფინანსებები უმეტესად მიმართულია დემოკრატიის მხარდასაჭერად ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. სოროსის ერთ-ერთი ბოლო ქველმოქმედება კი ავღანეთში ბავშვების განათლების მხარდაჭერას მოიცავდა.

ყოველწლიურად დონაციების მოცულობას ამერიკელი ფილანთროპი მაქკენზი სკოტიც ზრდის. აღსანიშნავია, რომ თავად მილიარდერი მისი ქველმოქმედების შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროებს და ამ გადაწყვეტილებას მიმღებ ორგანიზაციებს უტოვებს. მისი ბოლო შემოწირულებები მოიცავდა $10 მილიონს ჯორჯიაში დაფუძნებული Access to Capital for Entrepreneurs-ისთვის, რომელიც მცირე ბიზნესებს ეხმარება და $15 მილიონს Coastal Enterprises-ისთვის – ორგანიზაცია სასოფლო დასახლებების ეკონომიკურ განვითარებას უწყობს ხელს. უმსხვილეს ფილანთროპთა შორის მოხვდა სკოტის ყოფილი მეუღლე, Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსიც.

ყველაზე გულუხვი ამერიკელი ფილანთროპები 2025 წლისთვის

უორენ ბაფეტი 

სიცოცხლის განმავლობაში გაღებული თანხა: $62 მილიარდი; 2024 წელს: +$5.3 მილიარდი

ქონება: $146.7 მილიარდი

სიმდიდრესთან ქველმოქმედების წილი: 30%

ფოტო: ngcbgroup.com
ბილ და მელინდა გეიტსები

სიცოცხლის განმავლობაში გაღებული თანხა: $47.7 მილიარდი; წელს: +$5.2 მილიარდი

ქონება: $108.6 მილიარდი, $30.3 მილიარდი

წილი: 26%

ფოტო: Getty Images
ჯორჯ სოროსი

სიცოცხლის განმავლობაში გაღებული თანხა: $23 მილიარდი; წელს: +$1.7 მილიარდი

ქონება: $7.2 მილიარდი

წილი: 76%

ფოტო: opensocietyfoundations.org
მაიკლ ბლუმბერგი

სიცოცხლის განმავლობაში გაღებული თანხა: $21.1 მილიარდი; წელს: +$3.7 მილიარდი

ქონება: $104.7 მილიარდი

წილი: 17%

ფოტო: REUTERS
მაქკენზი სკოტი

სიცოცხლის განმავლობაში გაღებული თანხა: $19.25 მილიარდი; წელს: +$2.6 მილიარდი

ქონება: $33.6 მილიარდი

წილი: 36%

ფოტო: Michael Kovac/Getty Images
ჯიმ და მერილინ საიმონები

სიცოცხლის განმავლობაში გაღებული თანხა: $9.4 მილიარდი; წელს: +$3.4 მილიარდი

ქონება: $31 მილიარდი

წილი: 23%

ფოტო: NYT
მარკ ცუკერბერგი და პრისცილა ჩანი

სიცოცხლის განმავლობაში გაღებული თანხა: $5.1 მილიარდი; წელს: +$620 მილიონი

ქონება: $232.8 მილიარდი

წილი: 2.1%

ფოტო: Getty Images
სტივ ბალმერი 

სიცოცხლის განმავლობაში გაღებული თანხა: $4.99 მილიარდი; წელს: +$1.24 მილიარდი

ქონება: $130.1 მილიარდი

წილი: 3.7%

ჯეფ ბეზოსი

სიცოცხლის განმავლობაში გაღებული თანხა: $4.1 მილიარდი; წელს: +$660 მილიონი

ქონება: $251 მილიარდი

წილი: 1.6%

ფოტო: AFP
ფილ და პენი ნაიტები

სიცოცხლის განმავლობაში გაღებული თანხა: $3.98 მილიარდი; წელს: +$380 მილიონი

ქონება: $34.1 მილიარდი

წილი: 10%

ფოტო: Getty Images