ოთხმა მამამ ჩვილების ჯანმრთელობის მონიტორი, Owlet-ი, შექმნა, რომელიც ინვესტორებისა და მშობლების გულს იგებს. აი, ექიმები კი ცალკე თემაა.
გასული სექტემბრის ერთ-ერთ ღამეს სარა ბრენდონმა თავისი ახალშობილი დასაძინებლად დააწვინა. ნახევარ საათში მობილურზე შეტყობინება მიიღო. წითელი სიგნალი იმას მიანიშნებდა, რომ ბრენდონის ვაჟს სუნთქვა შეეწყვიტა. დედას შვილი საწოლში უგონოდ დაუხვდა. მან 911-ს დაურეკა… დროულად. პარამედიკოსებმა ბავშვის გონს მოყვანა შეძლეს.
ბრენდონის ბიჭს Owlet-ის Smart Sock-ი „ეცვა“ – ხელსაწყო, რომელიც გულისცემასა და ჟანგბადის დონეებს აკვირდება. „ექიმებმა და ექთნებმა ერთხმად აღიარეს, რომ სწორედ Owlet-ის ხელსაწყო დაგვეხმარა, ვინაიდან, სხვა შემთხვევაში, ბავშვისთვის შეიძლება, ყურადღება არ მიმექცია“, – ამბობს ოთხი შვილის დედა. მართალია, ექიმები და ექთნები პროდუქტს რეკომენდაციას არ უწევენ, რადგან Food & Drug Administration-ს (FDA) არ აქვს მასზე ნებართვა გაცემული, მაგრამ ბრენდონის ისტორია Owlet-მა კომპანიის ბლოგსა და Facebook-ის რეკლამებში განათავსა. მანვე ურჩია Forbes-ს ბრენდონთან გასაუბრება, რომელმაც განაცხადა, რომ Owlet-ის გარეშე, „პანაშვიდის დაგეგმვა“ მოუწევდა. თუმცა, აღმასრულებელი დირექტორის, კერტ ვერკმენის თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ Owlet-ი ბავშვის სიცოცხლის შენარჩუნებაზე გამოთქვამს პრეტენზიას: „დედამ გადაარჩინა ახალშობილი და სწორედ დედაა გმირი“.
Owlet-მა, რომლის სამიზნესაც შფოთიანი, ტექნოლოგიებში გაწაფული ახალი ათასწლეულის მშობლები წარმოადგენენ, შარშან $299-იანი 150,000 Smart Socks-ი გაყიდა და $19 მილიონის ტოლფასი შემოსავალიც მოიხვეჭა, წელს კი $30 მილიონის მოპოვების გზას ადგას. კომპანიამ $25 მილიონი მოიზიდა და საერთაშორისო დონეზე გეგმავს გაფართოებას.
28 წლის ვერკმენის თქმით, Owlet-ის იდეა მას 2012-ში დაებადა, როცა ცოლთან, შეისთან ერთად, ოჯახის დაგეგმვის პერიოდში, უამრავ ექიმთან მოუწია გასაუბრება. შეის გულის თანდაყოლილი დეფექტი ჰქონდა და წყვილი – იმხანად Brigham Young University-ს (BYU) სტუდენტები – შიშობდა, რომ ეს დეფექტი მათ შვილებსაც მემკვიდრეობით გადაეცემოდა. „მანქანებზე, შინაურ ცხოველებსა და სახლებზე მონიტორინგს ვაწარმოებთ, – ამბობს ვერკემნი, – მაგრამ შესაძლოა, მშობლებმა შუაღამეს გამოიღვიძონ და იფიქრონ, ჩემმა შვილმა სუნთქვა ხომ არ შეწყვიტაო“.
ვერკმენი პულსის ოქსიმეტრიის შესახებ ინფორმაციის მოძიებას შეუდგა – სამედიცინო ტექნოლოგიისა, რომელსაც სასიცოცხლო ნიშნების მონიტორინგის მიზნით, საავადმყოფოებში იყენებენ. მალე მას კურსელები შეუერთდნენ BYU-დან – ჯორდან მონრო, ზეკ ბომსტა და ჯეიკ კოლვინი, და Owlet-ი დააარსეს; ეს სახელი ღამის სიფხიზლით ცნობილ ბუსთან (Owl) ასოციაციების გამო შეირჩა. კომპანიის ოთხივე დამფუძნებელს ან ჰყავდათ უკვე პატარა ბავშვები, ან ელოდნენ მათ, ჰოდა, 2013 წლის მაისისთვის ოთხივემ მიატოვა სამსახური თუ სწავლა და Owlet-ზე კონცენტრირდა.
იმ დეკემბერს, როცა Owlet-ი სტარტაპ-აქსელერატორმა Techstars-მა მიიღო, დამფუძნებლები, ოჯახებთან ერთად, ნიუ-იორკში გადავიდნენ. საწყისი კაპიტალის მაძიებელთა კონკურსებში მონაწილეობამ მათ ერთგვარი საჯაროობა მოუტანა, რამაც, თავის მხრივ, $290,000 ტოლფას ინვესტიციებსა და 2,000 წინასწარ შეკვეთას მისცა დასაბამი. Techstars-ის პროგრამაში მონაწილეობის დროს ვერკმენი Owlet-ს „ბავშვის ახალ მანქანის სავარძლად“ ფუთავდა, უსაფრთხოების ხელსაწყოდ, რომელიც ათასობით სიცოცხლეს გადაარჩენდა. მაგრამ მალე ფული იმ პროტოტიპის შექმნაში დაეხარჯათ, რომელმაც არ ივარგა.
ნულს მიახლოებული საბანკო ანგარიშით, 2014 წლის თებერვალს, დამფუძნებლები კუინსში, სადილზე შეიკრიბნენ, რათა ემსჯელათ, როდემდე შეძლებდნენ უფულოდ მუშაობას. ორი თვის თავზე ისინი Azimuth Ventures-ის მიერ წაძღოლილმა $18-მილიონიანმა საწყისმა საინვესტიციო რაუნდმა იხსნა. Techstars-ის შემდეგ, Owlet-ის გუნდი იუტაში დაბრუნდა – ისინი სოლტ-ლეიკ-სიტის სამხრეთ გარეუბანში, ლეჰიში დაფუძნდნენ და პროდუქტის განვითარება განაგრძეს.
2015-ის ოქტომბერში Owlet-მა Smart Sock-ი გამოუშვა. მომდევნო თვეებში მათი Facebook-ის ვიდეორეკლამებმა, განაცხადით, რომ Owlet-ი #თქვენთანააროცაგჭირდებათ, ვირუსული სახე მიიღო, მილიონობით ნახვა და ასიათასობით მოწონება და გაზიარება დაიმსახურა; მშობლები Owlet-ის „წინდას“ ყიდულობდნენ და მის შესახებ ინფორმაციას ავრცელებდნენ. უარყოფითი გამოხმაურებებიც ჰქონდათ (უმეტესობა იმდროინდელ ფასს, $249-ს აპროტესტებდა), მათ რიცხვში, ცნობები იმის თაობაზე, რომ სიგნალი ხშირად ტყუილუბრალოდ ირთვებოდა, და იმის თაობაზეც კი, რომ სენსორი დამწვრობებს აჩენდა.
დამწვრობის რისკის აღმოფხვრისა და „წინდის“ დახვეწის მიზნით, Owlet-მა $22 მილიონი მოიზიდა. მან გააფრთოვა ხელსაწყოს Bluetooth-ის დიაპაზონი და ალგორითმი ისე შეცვალა, რომ ყალბი სიგნალები მინიმუმამდე დაეყვანა. გასულ მარტს კომპანიამ Smart Sock 2 გამოუშვა. Buybuy Baby-სა და Amazon-ზე დისტრიბუციის დახმარებით, გაყიდვებმა დაგეგმილს გადააჭარბა. ამასთან, დამფუძნებლებმა რეკლამაში ტონი შეამსუბუქეს: „სიგნალი“ „შეტყობინებად“ აქციეს, „სუნთქვა“ კი „გულისცემად და ჟანგბადის დონეებად“. კომპანიის სავაჭრო განცხადებაში აღნიშნულია, რომ პროდუქტი არ ისახავს მიზნად, „განკურნოს ან პრევენცია მოახდინოს არც ერთი დაავადების თუ ჯანმრთელობის მდგომარეობისა, მათ შორის, და არა მხოლოდ, ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომის (SIDS)”.
ასეა თუ ისე, Owlet-ი მაინც ასაჯაროებს იმ მშობელთა განცხადებებს, რომლებიც ამბობენ, რომ ხელსაწყო შიშის შესამსუბუქებლად იყიდეს. ამას წინათ კომპანიამ Facebook-ზე ერთი ბლოგერი დედის, ეშლი უილსონის პოსტი გააზიარა, რომელიც წერდა, რომ Owlet-ის წყალობით, მას უკვე ღამე დაძინება შეეძლო: „ახლახან მეგობარმა ტრაგიკულად დაკარგა შვილი SIDS-ით… თავს ვალდებულად ვთვლი, Owlet-ის Smart Sock-ის შესახებ ინფორმაცია გავავრცელო“.
მსგავსი რეკლამები (ამ პოსტის სანაცვლოდ, კომპანიამ უილსონს „წინდა“ აჩუქა), წესით, თანხვდენაში უნდა მოდიოდეს Federal Trade Commission-ის (FTC) წესდებასთან. „თუ კომპანია სხვის მოსაზრებებს თავის გვერდზე აქვეყნებს, – ამბობს FTC-ის იურისტი მაიკლ ოსტეიმერი, – ის ამ ადამიანის მოსაზრებებს იღებს და საკუთარ რეკლამად იყენებს და, ამდენად, ამ მოსაზრებებზე თავადაა პასუხისმგებელი“.
„FTC-ის წესების თანახმად, შენს პროდუქტზე ტყუილები არ უნდა თქვა, – გახლავთ ვერკმენის პასუხი, – ჩვენ კი მაქსიმალურად ვაკონტროლებთ, რომ არაფერი მოვიტყუოთ“.
რადგან Owlet-ი Smart Sock-ს სამედიცინო ხელსაწყოს სახით არ ყიდის და არ აცხადებს პრეტენზიას, რომ მას სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია, კომპანია თვლის, რომ FDA-ის რეგულაციის საკითხს არ წარმოადგენს და რომ არ ხდება მასზე რეკომენდაციების გაცემა American Association of Pediatricians-ის მიერ. მეტიც, ასოციაციის 2016 წლის ანგარიშში, რომელიც ჩვილების უსაფრთხო ძილს ეხება, „SIDS-ის რისკების შემცირების მიზნით“, მსგავსი ხელსაწყოების გამოყენება არ არის რეკომენდებული.
Owlet-ის თქმით, ისინი გეგმავენ, „წინდის“ სამედიცინო ვერსია შექმნან, მისი გამოკვლევისთვის FDA-ს მიმართონ და გაზაფხულზე მეტი კაპიტალი მოიზიდონ. კომპანიის არაერთი ინვესტორი, მათ შორის, Toms Shoes-ის დამფუძნებელი ბლეიკ მიკოსკი, თავადაც მშობელია. „მომწონს ის ფაქტი, თანადამფუძნებლები ახალგაზრდა მამები რომ არიან“, – ამბობს მიკოსკი.
ექიმების კურთხევითა თუ მის გარეშე, Owlet-ი წინ მიიწევს. სექტემბერში მან Connected Care-ი გამოუშვა – ხელსაწყო, რომელიც გაკვალავს ჟანგბადის დონეებს, გულისცემასა და ძილის ხარისხს გარკვეული პერიოდის მანძილზე, რომელიც თვეში $7.99 ჯდება და რომელსაც, კომპანიის თქმით, აქვს უნარი, მშობლები ჯანმრთელობის ავბედითი პრობლემების შესახებ გააფრთხილოს. მიაქცევენ თუ არა მშობლები ამ გაფრთხილებებს ყურადღებას, არ არის ნათელი.