გრანთ თორნთონს და საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ სეუ-ს შორის მნიშვნელოვან  თანამშრომლობას ჩაეყარა საფუძველი

გრანთ თორნთონს და საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ სეუ-ს შორის მნიშვნელოვან  თანამშრომლობას ჩაეყარა საფუძველი

საერთაშორისო აუდიტორული და ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანია გრანთ თორნთონი აგრძელებს უნივერსიტეტებთან ინტენსიურ კოლაბორაციას და ამჯერად თანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტთან (სეუ) გააფორმა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს გრანთ თორნთონის მმართველმა პარტნიორმა ვახტანგ ცაბაძემ და შპს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სეუ-ს  ვიცე-რექტორმა აკადემიური მიმართულებით გიორგი ღავთაძემ.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს 31 მაისს მოეწერა ხელი და  შეთანხმების ფარგლებში გრანთ თორნთონი მონაწილეობას მიიღებს უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების განვითარება-გაუმჯობესებაში და  უმაღლესი და პროფესიული განათლების განვითარებაში;  უნივერსიტეტისა და კერძო კომპანიის თანამშრომლობის მსგავსი მოდელი დიდ შესაძლებლობას ქმნის სტუდენტების პროფესიული განვითარების ხელშესაწყობად. გრანთ თორნთონი სეუ-ს სტუდენტებისთვის უზრუნველყოფს სემესტრულად ე.წ. Bootcamp-ის ორგანიზებას, რომლის ფარგლებშიც პროექტისთვის შერჩეული სტუდენტები გაივლიან ერთთვიან პროგრამას კომპანიის კონკრეტულ დეპარტამენტში, რომ მიიღონ ინფორმაცია ბიზნესის მართვის პრაქტიკულ ასპექტებზე. აღნიშნული გამოცდილება მაქსიმალურად გაზრდის სტუდენტების კარიერული წინსვლის შესაძლებლობებს სხვადასხვა მიმართულებით.

სტუდენტებისთვის გამართულ პრეზენტაციაზე გრანთ თორნთონის წარმომადგენლებმა ასევე განიხილეს სტაჟირების შესაძლებლობები,  დარგობრივი მიმართულებები და გაუზიარეს პრაქტიკული რეკომენდაციები კარიერულ დაგეგმვასთან დაკავშირებით. გრანთ თორნთონს და საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს გაიარონ სტაჟირება და დაიკავონ გრანთ თორნთონში არსებული ვაკანტური პოზიციები.

როგორც ჩვენთან საუბრისას გრანთ თორნთონის მმართველმა პარტნიორმა ვახტანგ ცაბაძემ განაცხადა,  საგანმანათლებლო სფეროში კომერციული სექტორის აქტიური ჩართულობა, მნიშვნელოვნად გაზრდის სტუდენტების მოტივაციას.

– “განათლება ჩვენი ქვეყნისთვის დღეს ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად მიმაჩნია. გრანთ თორნთონმა 2022 წლის დასაწყისიდან დაიწყო კამპანია, სახელწოდებით „Be a Changemaker”, რომლის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია პროფესიული ცოდნისა და კვალიფიკაციის გადაცემა როგორც დამწყები, ასევე პროფესიონალი პირებისთვის. კამპანიის მიზანია აამაღლოს ცნობიერება ბიზნესის მართვისა და მეწარმეობის თავისებურებებთან დაკავშირებით ახალგაზრდებში, რაც გულისხმობს აკადემიური ღონისძიებების, ტრენინგებისა და სემინარების ჩატარებას სკოლებში და სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში. ამიტომ მგონია, რომ ასეთი თანამშრომლობა უნივერსიტეტებთან არის ჩვენი წვლილის შეტანა ქვეყნის მომავლის გაუმჯობესებაში. უნივერსიტეტში მიღებულ თეორიულ ცოდნასთან ერთად, სტაჟირებისას მიღებული პრაქტიკული გამოცდილება აუცილებლად დაეხმარება მონდომებულ ახალგაზრდებს ბევრად უფრო სწრაფ პროფესიულ ზრდაში. ჩვენ კი, ეს თანამშრომლობა საშუალებას გვაძლევს მონაწილეობა მივიღოთ ისეთი სასწავლო პროგრამების შექმნაში, რომლებიც ბიზნესის რეალური საჭიროებებისთვის მორგებულ ცოდნას მისცემს სტუდენტებს და შესაბამისად ბიზნესს მიაწვდის მეტად შესაფერისი მომზადების მქონე კადრებს” – განაცხადა გრანთ თორნთონის მმართველმა პარტნიორმა ვახტანგ ცაბაძემ.

შპს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სეუ-ს  ვიცე-რექტორი აკადემიური მიმართულებით გიორგი ღავთაძე

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ,  საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში, აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან – დამსაქმებლებთან, მთლიანად პროგრამისა და განსაკუთრებით მისი ცალკეული კომპონენტის პრაქტიკული ნაწილის გაძლიერების მიზნით, რაც სტუდენტებსა და შედეგებზე კიდევ უფრო მეტად ორიენტირებულს ხდის ჩვენს ძალისხმევას.

ამჯერად, ასეთი თანამშრომლობის ინიციატივით მოგვევლინა კომპანია „გრანთ თორთონი“, რომელმაც გამოთქვა მზაობა საკუთარ თავზე აიღოს და კომპანიის რესურსების გამოყენებით მოახდინოს ინტეგრირება „ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის“  ზოგიერთი აკადემიური პროგრამით გათვალისწინებული კონკრეტული სასწავლო კურსების შედეგების მიღწევაში.

განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ სეუ-ს სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ სტაჟირება გაიარონ  და მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება „გრანთ თორთონში“, რაც მათთვის პროფესიული გამოცდილების დაგროვებისა და წარმატებული კარიერის ფორმირების საწინდარი იქნება.