„ჰამასი“ და ისრაელი ცეცხლს 4 დღით შეწყვეტენ | რა ვიცით შეთანხმების შესახებ?

„ჰამასი“ და ისრაელი ცეცხლს 4  დღით შეწყვეტენ | რა ვიცით შეთანხმების შესახებ?

თითქმის 40-დღიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ისრაელმა და „ჰამასმა“ ცეცხლის დროებით შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს. შეთანხმება შეტაკებების ოთხი დღით შეწყვეტას და ამ პერიოდის განმავლობაში კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ითვალისწინებს. გავრცელებული ინფორმაციით, „ჰამასი“ ისრაელის ციხეებიდან 150 პალესტინელის გამოხსნის სანაცვლოდ 50 მძევლის გათავისუფლებას დათანხმდა.

ოთხი დღის განმავლობაში ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებაც აღდგება. მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევის პროცესში მსოფლიო აქტორები იყვნენ ჩართულნი. თუმცა მოლაპარაკებებში კატარისა და აშშ-ის წვლილი სხვებზე მეტად გამოიკვეთა.

ისრაელის ხელისუფლების ინფორმაციით, 7 ოქტომბერს  ისრაელის კონტროლირებად ტერიტორიაზე „ჰამასის“ შეჭრის შედეგად ტერორისტულმა ორგანიზაციამ მძევლად ისრაელის 200-მდე მოქალაქე აიყვანა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ცეცხლის ოთხი დღით შეწყვეტისას „ჰამასი“ ორმოცდაათ ქალსა და ბავშვს გაათავისუფლებს. მან ასევე დასძინა, რომ ყოველი დამატებითი ათი გათავისუფლებული მძევლისთვის, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება თითო დღით გახანგრძლივდება. თუმცა ისრაელის პრემიერ-მინისტრს პალესტინელი პატიმრების შესახებ არ უსაუბრია. განცხადება გაავრცელა „ჰამასმა“ და განმარტა, რომ ციხეებიდან გათავისუფლებულ ას ორმოცდაათ პალესტინელს შორის ქალები და ბავშვები იქნებიან.

ცეცხლის დროებით შეწყვეტის შეთანხმების ამოქმედების ზუსტი დრო ცნობილი მომდევნო 24 საათის განმავლობაში გახდება. აშშ-ის ოფიციალური პირების ინფორმაციით, გათავისუფლებულ მძევლებს შორის აშშ-ის სამი მოქალაქეც იქნება.

ისრაელის მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მძევლებისა და პატიმრების გაცვლის პროცედურა მას შემდეგ დაიწყება, რაც პატიმრების გათავისუფლების უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებისათვის ისრაელის მოქალაქეებისათვის მიცემული 24 საათი ამოიწურება.