მაიკ ბელს სურს დარწმუნდეს, რომ მსოფლიოს უმსხვილესი ჩიპების მწარმოებელი გზას იპოვის ყოველი ახალი მოწყობილობისკენ, რომელიც პერსონალურ კომპიუტერებს, სმარტფონებსა და პლანშეტებს მოჰყვება.
მაიკ ბელს ბაზარზე არსებული არც ერთი სმარტ-საათი არ მოსწონს. და ეს არა იმიტომ, რომ მათში Intel-ის ჩიპი არ დევს. ბელი, 46 წლის ინჟინერი, რომელიც Intel-ის New Devices Group-ს მართავს, შეწუხებულია ფაქტით, რომ სმარტ-საათზე ხალხის უმეტესობის წარმოდგენა სმარტფონის დაპატარავებითა და მისი მაჯაზე ჩამოცმით შემოიფარგლება. “არ მგონია, ხალხის უმრავლესობას მაჯაზე ისეთი საათის ტარება უნდოდეს, რომელიც ტექნოლოგიის შესახებ ყვირის, – ამბობს ბელი. – მათ სურთ ისეთი რამ, რაც საკუთარი თავის გამოხატვის საშუალებას მისცემთ და რაც, ამავე დროს, ტექნოლოგიის გამოყენებით რაღაც ძალიან კარგს აკეთებს”. სატარებელი აქსესუარების ბაზარზე არეულობა სუფევდა, სანამ Apple-მა სექტემბერში თავისი დიდი ხნის ნანატრი საათი არ წარმოადგინა. გასაყიდად გამოსვლის თარიღი 2015 წლის დასაწყისია. ამჟამად, სატარებელი აქსესუარების მთელი კატეგორიისთვის სავარაუდო გაყიდვები იზრდება. 2019 წლისთვის, Jupiter Research-ის თანახმად, მომხმარებლებს ასი მილიონი სმარტ-საათის გამოყენების საშუალება მიეცემათ.
ბელის ამოცანაში შედის იმის უზრუნველყოფა, რომ მსოფლიოში მიკროპროცესორების უმსხვილესმა მწარმოებელმა ყველა ამ სატარებელი აქსესუარისკენ გზა გაიკვალოს. ამჟამად ეს უმეტესწილად გულისხმობს საათებს, სადაც Intel-ი ჩამორჩება. Apple-ი თავის საათში Intel-ს არ გამოიყენებს (Intel-ი არ არის არც Samsung Gear-ის და არც Moto 360 სმარტ-საათებში). ამის მაგივრად, ბელი ისეთ არატექნოლოგიურ კომპანიებზე ფოკუსირებას გეგმავს, რომლებმაც იციან, როგორ შექმნან პროდუქტები, რომლებსაც ხალხი მართლაც ატარებს, მაგრამ, ამავე დროს, ელექტრონულ სქემებთან დაკავშირებით დახმარება სჭირდებათ. ის ძიებას ზოგიერთ ისეთ ადგილებში ახორციელებს, რომლებიც თემატურად საკმაოდ შორსაა, ყოველ შემთხვევაში – ნახევარგამტარების კონსერვატიული მწარმოებელი გიგანტისთვის. სექტემბერში ბელი ნიუ-იორკის მოდის კვირეულის ღონისძიებაზე იოკო ონოსგან ორი ადგილის დაშორებით იჯდა. საბედნიეროდ, მას არ ეცვა თავისი ჩვეული უნიფორმა, რომელიც ფლოსტებისა და Tommy Bahama-ს მოკლემკლავიანი პერანგისგან შედგება. ამჟამად Intel-მა პარტნიორობა ისეთ კომპანიებთან დაამყარა, როგორიცაა მოდის სახლი Opening Ceremony და საათების მწარმოებელი Fossil-ი – (ლუქსის კლასის სმარტ-საათების გამოსაშვებად), ასევე ყურსასმენების მწარმოებელ SMS Audio-თან – ავტონომიურ კვებაზე მომუშავე ყურსასმენებთან დაკავშირებით, რომლებიც თქვენს გულისცემას თვალყურს ადევნებენ. მარტში მან ასევე ფიტნეს-ტრეკერების დამწყები სტარტაპი Basis-ი შეისყიდა, არსებული ინფორმაციის თანახმად – $100 მილიონად.
ბელი, რომელიც Basis-ს მაჯაზე ატარებს, ამბობს: “არსებობს რეალური ზიანი. იგი ისეთ საქონელს მოაქვს, რომელიც არცთუ მაღალი ხარისხისაა, მაგრამ მეტისმეტად რეკლამირებულია. ასეთ შემთხვევაში ხალხი კითხულობს, – ‘სულ ეს არის, რაც სატარებელი აქსესუარების ტექნოლოგიაში არსებობს?’ ჩვენ ამ შეხედულების გაბათილებას ვცდილობთ, რადგან თუ ამაზე მართლაც ბევრს იმუშავებ, შეგიძლია რაღაც ელეგანტური, მოდური, უხილავი და ისეთი შექმნა, რაც შენთვის რაიმე არაჩვეულებრივს გააკეთებს”.
Apple-ისა და Palm-ის ყოფილმა აღმასრულებელმა, ბელმა, New Devices Group-ში, 2013 წლის სექტემბერში მისი ჩამოყალიბების შემდეგ, თითოეული თანამშრომელი გულდასმით შეარჩია. სან-ფრანცისკოში არსებობს დიზაინის სტუდია, რომელსაც ჰანს მორიტცი მართავს. იგი თითქმის ათი წლის განმავლობაში მზის სათვალეების მწარმოებლის, Oakley-ს, დიზაინის სფეროს ხელმძღვანელი იყო. სამეცნიერო განყოფილებას სტივენ ჰოლმსი მართავს, რომელიც Nike-დან დაიქირავეს, სადაც ის მისი ფიტნეს-ტრეკერის, FuelBand-ის შექმნაზე მუშაობდა. Intel-ი მის ბიუჯეტზე ან თანამშრომლების რაოდენობაზე არ საუბრობს, მაგრამ ბელი ამბობს, რომ ის მცირე მასშტაბებს ინარჩუნებს და მას, როგორც “ძალიან კარგად დაფინანსებულ სტარტაპს”, ისე მართავს.
Intel-ის მუშაობა SMS Audio-ს ყურსასმენებზე სავარაუდო სტრატეგიულ გეგმას წარმოადგენს. ის დაიწყო იმით, რომ ბელმა თავის სამეცნიერო ჯგუფს ბრძანება მისცა, მოეტანათ მისთვის ტექნოლოგიის სხვადასხვა ნაწილი, რომლებსაც შეეძლოთ Intel-ის სატარებელ აქსესუარებში ემუშავა. ერთ დღეს რამდენიმე ინჟინერმა მას გულისცემის რიტმის დასაფიქსირებელი ოპტიკური სენსორით აღჭურვილი ყურსასმენების პროტოტიპი აჩვენა, მაგრამ მათ დიდი ყუთი ჰქონდათ, რომელიც ბატარეასა და ბლუთუს-რადიოს შეიცავდა. ბელის მოთხოვნით ინჟინრებმა ყურსასმენებს ბატარეა და ბლუთუსი მოაშორეს. რამდენიმე თვის შემდეგ ისინი ისეთი ყურსასმენების ნაკრებით დაბრუნდნენ, რომლებიც კვებას იღებდნენ და მონაცემებს სმარტფონის ყურსასმენების ჯეკის მეშვეობით გადასცემდნენ. Intel-ის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა, ბრაიან კრზანიჩმა ეს ყურსასმენები CES-ზე – სამომხმარებლო ელექტრონიკის დიდ გამოფენაზე – 2014 წლის იანვარში აჩვენა და SMS Audio-ს ყურადღებაც მიიქცია, რომელსაც კალათბურთელი კარმელო ენტონი და რეპერი 50 Cent უჭერენ მხარს. ამ მომენტიდან დაწყებული, ორმა კომპანიამ ამ პროდუქტზე ერთობლივი მუშაობა დაიწყო. Intel-მა მეცნიერული მხარე შემოიტანა, ხოლო SMS Audio-მ იცოდა, სწორი ფერებისა და სადენების სიგრძის შერჩევა, ყურსასმენების მორგება და სათანადო ხარისხის ხმის მიღება.
“ეს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა იყო, ყუთზე წარწერის ჩათვლით, მაგრამ სინამდვილეში ეს მათი პროდუქტია, – ამბობს ბელი. – ჩვენ ილუზიები არ გვაქვს, რომ ამ სივრცეში, ბრენდის გარეშე, ამის გაკეთებას შევძლებდით”. SMS Audio-ს პრეზიდენტი, ბრაიან ნოუი ამბობს: “Intel-მა საცდელი სახელოსნო კორპორაციის შიგნით შექმნა. ვისაც არ უნდა მიეღო ეს გადაწყვეტილება, ის შესანიშნავია”.
ამ ბოლო დროს პერსონალური კომპიუტერების გაყიდვების საოცარი ზრდის მიუხედავად, რომლებიც მისთვის კვლავ შემოსავლის უმსხვილეს ხაზს წარმოადგენს, Intel-ს არ შეუძლია მომავალ დიდ ბუმს ისე გამოაკლდეს, როგორც ის ადრეულ ეტაპზე მობილური ტექნოლოგიების ათვისებას გამოაკლდა. მისი საერთო შემოსავალი მესამე კვარტალში, გასულ წელთან შედარებით, 9%-ით $9,2 მილიარდამდე გაიზარდა, მეტწილად მონაცემთა შენახვის ცენტრების სწრაფად მზარდ ბიზნესში მისი მონოპოლიის გამო. მობილური ტექნოლოგიის სფეროში Intel-ი მასიურ ფულად თანხებს კვლავ კარგავს: $1 მილიარდი მის უკანასკნელ ფინანსურ კვარტალში და $3,15 მილიარდი საერთო ჯამში 2013 წლისთვის. ერთი ნათელი წერტილია საგნების ინტერნეტის ბიზნესგანყოფილება, რომელიც ჩიპებსა და პროგრამულ უზრუნველყოფას სამრეწველო გამოყენებისთვის ყიდის და, რომელიც, გასულ კვარტალში, $530 მილიონი შემოსავლით, 14%-ით გაიზარდა.
დიდი ხნის განმავლობაში, მობილურ სამყაროში Intel-ის წინააღმდეგ ჩამოყალიბებული აზრი მდგომარეობდა იმაში, რომ მას არ შეეძლო მდგარიყო ისეთი კომპანიების გვერდით, როგორიცაა Qualcomm-ი და ARM Holdings-ი, რომლებიც უფრო დაბალი ენერგომოხმარების ჩიპებს აწარმოებენ. მობილური მოწყობილობები და სატარებელი აქსესუარები დაბალ ენერგომოხმარებას აფასებენ – და ეს ჩიპები უფრო დაბალი რენტაბელურობით იყიდება, ვიდრე სერვერული ჩიპები, რომლებსაც Intel-ი ყიდის. Qualcomm-ის პროცესორებმა, Snapdragon-ის, Samsung-ის, Motorola-ს, LG-სა და Timex-ის ახალი სმარტ-საათების უმეტეს ნაწილში დიდი აღიარება მოიპოვეს. ბელი და მისი გუნდი დაბალი ენერგომოხმარების მქონე ჩიპებისა და ჩაშენებული პროგრამული უზრუნველყოფის ახალ ნაკრებებზე მუშაობენ. მათი დანერგვა Intel-ის ყველა პარტნიორისთვის ასევე შესაძლებელია. ის იმედოვნებს, რომ 2015 წელს ექნება ისეთი რამ, რასაც მსოფლიოს წარუდგენს.
მაღალი, გაწეწილი ვარცხნილობის მქონე და, როგორც წესი, ფლოსტებში ჩაცმული ბელი ნულიდან დაწყებისა და შემდეგ ჩვენი დროის უმსხვილესი სამომხმარებლო პროდუქტების შექმნის ხელოვნებაში უდიდესი გამოცდილების მქონეა. Apple-ში თავისი 17-წლიანი ყოფნის პერიოდში, iPhone-ზე, iMac-ზე, AirPort Express-სა და Apple TV-ზე მუშაობისას, ის მისი აღმავლობის უშუალო მოწმე გახლდათ. მან Apple-ი 2007 წელს იმ იმედით დატოვა, რომ ფინანსურ კრიზისში აღმოჩენილ Palm-ში მდგომარეობას გამოასწორებდა. “ეს იყო ყველაზე ძნელი რამ, რაც კი ოდესმე გამიკეთებია”, – ამბობს ბელი Apple-დან წასვლასთან დაკავშირებით თავისი გადაწყვეტილების შესახებ. სამწუხაროდ, მან მეორედ წარმატებას ვერ მიაღწია. 2010 წელს Palm-მა დამარცხება აღიარა და Hewlett-Packard-ის მიერ $1,2 მილიარდად იქნა შესყიდული.
Palm-ის გაყიდვის შემდეგ, ბელი Intel-ში გადავიდა მობილურ პროექტზე სამუშაოდ, რომლის ხასიათიც, მისი გაუქმების მიუხედავად, კვლავ საიდუმლოდ რჩება. ის მობილური ჩიპების განყოფილების სამართავად გადავიდა, სანამ 2013 წლის მაისში კრზანიჩმა ის New Devices Group-ის ხელმძღვანელად არ დანიშნა, მას შემდეგ, რაც Intel-ის სამეთვალყურეო საბჭომ მთავარ აღმასრულებელ დირექტორს დაავალა იმაში დარწმუნებულიყო, რომ Intel-ი ტექნოლოგიის სფეროს შემდეგ დიდ ბუმში, რაც არ უნდა მომხდარიყო, მონაწილეობას მიიღებდა. ამჟამად ბელი თავისი განყოფილების შემოსავლიანობაზე არ ღელავს – თუმცა გარკვეულ მომენტში, ეს მისი მიზანია. ის მეტისმეტად დაკავებულია ისეთ მეთოდებზე მუშაობით, როგორიცაა ინტელექტუალური ასისტენტები ღრუბელში (ქსელში) და მუდმივად სადღაც ახლოს მყოფი უსადენო დატენის სასწაული. მათი საშუალებით ადამიანები ტექნოლოგიასთან ურთიერთობას შეძლებენ: “მე ყოველდღე ვფიქრობ კიდევ 15 რამეზე, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, მაგრამ ჩვენ ფოკუსირება უნდა მოვახდინოთ”.