ირანის პარლამენტმა უცხოური გავლენის შეზღუდვის შესახებ კანონპროექტი წარადგინა

ირანის პარლამენტმა უცხოური გავლენის შეზღუდვის შესახებ კანონპროექტი წარადგინა

ფოტო: thisisbeirut.com.lb

 

ირანის გაზეთ „შარღის“ ცნობით, ირანის პარლამენტმა კანონპროექტის ზოგადი პრინციპები დაამტკიცა, რომლებიც ისლამური რესპუბლიკის მიმართ მტრულად განწყობილ მედიასთან ინტერვიუებისა და სხვა სახის კომუნიკაციის კრიმინალიზაციას ითვალისწინებს. საუბარია აშშ-ის ან ისრაელის მედიასააგენტოებთან და ორივე ქვეყნის მიერ დაფინანსებულ მედიასაშუალებებთან ინტერვიუებსა და კომუნიკაციაზე.

პარლამენტის სასამართლო და იურიდიული კომიტეტის წევრმა, ოსმან სალარიმ, განაცხადა, რომ ცალკეული დებულებები კანონპროექტისა, რომელიც მიზნად ისახავს უცხოური დაზვერვის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლას, ჯერ არ განხილულა და დამტკიცებულა.

შემოთავაზებული კანონპროექტის თანახმად, ზემოთ აღნიშნულ მედიასაშუალებებთან ინტერვიუები ან დისკუსიებში მონაწილეობა აიკრძალება, ხოლო დარღვევები სასჯელის სახით ექვსი თვიდან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კანონპროექტის თანახმად, სხვა უცხოურ მედიასთან ინტერვიუებისთვის დაზვერვის სამინისტროსთვის შეტყობინება იქნება საჭირო, ხოლო უცხოურ საელჩოებთან, უცხოური ორგანიზაციების ოფისებთან ან სხვა არაირანულ ინსტიტუტებთან კონტაქტი შეტყობინებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილობითი ნებართვის გარეშე ისჯება ჯარიმით და გარკვეული სოციალური უფლებების ჩამორთმევით.

შემოთავაზებული კანონპროექტი ასევე ამკაცრებს სასჯელებს უცხოელების მითითებით ან ზედამხედველობით ჩადენილი ეკონომიკური დანაშაულებისთვის, კრძალავს ინფორმაციის მიწოდებას უცხოელებისთვის დაზვერვის სამინისტროს თანხმობის გარეშე და ზღუდავს სამეცნიერო თანამშრომლობას დამტკიცებული სიის მიღმა უცხოურ ინსტიტუტებთან.

უცხოური დაზვერვის სამსახურების მითითებით შემუშავებული პოლიტიკური ან საკანონმდებლო წინადადებების გამოვლენის შემთხვევაში კანონი თავისუფლების 30 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს, თუ ისინი ზიანს აყენებენ ირანის უსაფრთხოებას ან დამოუკიდებლობას. აღნიშნულ საქმეებს რევოლუციური სასამართლოები განიხილავენ.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.