კანადაში ვადამდელი არჩევნები 28 აპრილს გაიმართება

კანადაში ვადამდელი არჩევნები 28 აპრილს გაიმართება

კანადის ახალმა პრემიერმა მარკ კარნიმ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები მიმდინარე წლის 28 აპრილს დანიშნა. კარნის განცხადებით, აშშ-თან გამძაფრებული სავაჭრო ომის პირობებში, რასაც ტრამპის კანადის 51-ე შტატად გადაქცევის მუქარაც ერთვის, პარლამენტისთვის „ძლიერი და პოზიტიური მანდატის“ მოპოვება აუცილებელია.

„პრეზიდენტ ტრამპის გაუმართლებელი სავაჭრო ქმედებებისა და ჩვენი სუვერენიტეტისადმი მუქარის გამო, კანადა ჩვენი ცხოვრების განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი კრიზისის წინაშე დგას. ჩვენი პასუხი ძლიერი ეკონომიკისა და უფრო უსაფრთხო კანადის შექმნა უნდა იყოს. ახალი კანადა ჩვენ, ჩვენთვის უნდა ავაშენოთ“, – განაცხადა კარნიმ კვირას, მიმართვისას.

28 აპრილს დანიშნულ არჩევნებში, ლიბერალური პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში გამარჯვებულ კარნის კანადის კონსერვატიული პარტიის ლიდერი, პიერ პილიევრი დაუპირისპირდება. ამ უკანასკნელმა კამპანია კვირას დაიწყო და კარნის მსგავსად, ტრამპის საწინააღმდეგო განცხადებებით გამოვიდა. მათ შორის ტარიფებისა და აშშ-ის მიერ კანადის ხელში ჩაგდების მცდელობებზე. თუმცა პოლიევრს ტრამპისა და რესპუბლიკური პარტიის მიმართ შედარებით კონსერვატიული შეხედულებები აქვს.

17-20 მარტს, Abacus-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვით, კონსერვატიული პარტია (39%) ლიბერალებს (36%) მხოლოდ მცირედით უსწრებს. ლიბერალური პარტიის მხარდაჭერა განსაკუთრებით ტრამპის ადმინისტრაციაში მოსვლის შემდეგ გაიზარდა, მაშინ როდესაც 2024 წლის ბოლოს ლიბერალები კონსერვატორებს თითქმის 20%-ით ჩამოუვარდებოდნენ.

ცნობისთვის, Goldman Sachs-ის ყოფილი ბანკირი და ცენტრალური ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი მარკ კარნი ლიბერალური პარტიის თავმჯდომარედ მარტის დასაწყისში აირჩიეს. მისმა წინამორბედმა, ჯასტინ ტრიუდომ პოსტის დატოვების შესახებ ჯერ კიდევ იანვარში განაცხადა და ნაადრევი კენჭისყრის დანიშვნა მოითხოვა. ტრიუდოს გადაწყვეტილება ბოლო პერიოდში მისი რეიტინგის ვარდნას უკავშირდებოდა.