საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით, კომერციული ბანკებისათვის საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობის მოთხოვნა ამჟამად დაწესებული 12 მილიონი ლარიდან 50 მილიონ ლარამდე გაიზარდა.
სებ-ში განმარტავენ, რომ აღნიშნული ცვლილების მიზანია დაბალი კაპიტალიზაციის მქონე ბანკებში რისკის გაზრდის მოტივაციის შეზღუდვა და სისტემაში ფინანსურად მდგრადი ინსტიტუტების შემოსვლა, რამაც საბანკო სისტემის ფინანსური სტაბილურობის განამტკიცებას უნდა შეუწყოს ხელი. ამასთან, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დღეს საქართველოში არსებული მინიმალური კაპიტალის მოთხოვნა ერთ-ერთი ყველაზე დაბალია მთელს მსოფლიოში და არ შეესაბამება ქვეყნისა და მისი ფინანსური სექტორის განვითარების დონეს.
ახალი ბრძანების თანახმად, საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მიღებით დაინტერესებული იურიდიული პირების საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობა 50 მილიონ ლარს უნდა შეადგენდეს. ამასთან, ბრძანების გამოცემამდე საქართველოში უკვე ლიცენზირებული კომერციული ბანკებისთვის დაწესდა აღნიშნული მოთხოვნის შესრულების ვადები სამ ეტაპად, რომელთა მიხედვითაც მინიმალური საზედამხედველო კაპიტალი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 30 მილიონ ლარს 2017 წლის 31 დეკემბრისათვის, არანაკლებ 40 მილიონ ლარს 2018 წლის 30 ივნისისათვის და არანაკლებ 50 მილიონ ლარს 2018 წლის 31 დეკემბრისათვის.