2017 წლის ბოლოსათვის საქართველოში სალომბარდო საქმიანობით დაკავებული 875 მოქმედი ორგანიზაცია დაფიქსირდა. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, აქედან, 55,7% თბილისში მდებარეობს, 12,1% – იმერეთის რეგიონში, 9,9% – სამეგრელო-ზემო სვანეთში, 9,7% – აჭარაში, ხოლო დანარჩენი 12,6% სხვა რეგიონებში ფუნქციონირებენ.
ლომბარდების სალაროში არსებული ნაღდი ფულის მოცულობამ, 2017 წლის ბოლოსთვის 23,8 მლნ ლარი შეადგინა. მათ შორის 79,8% გამოსახული იყო ეროვნულ ვალუტაში, ხოლო დანარჩენი 20,2% – უცხოურ ვალუტაში.
ლომბარდების საკუთრებაში არსებული ფიქსირებული და არამატერიალური აქტივების მოცულობამ, 2017 წლის ბოლოსთვის 16,9 მლნ ლარი შეადგინა.
ლომბარდების 2017 წლის საბალანსო მოგებამ (გადასახადების გადახდამდე და გაუთვალისწინებელ ხარჯებამდე) 47,6 მლნ ლარი შეადგინა, აქედან 73,1% თბილისში მოქმედ ლომბარდებზე მოდის, ხოლო დანარჩენი სხვა რეგიონებზე ნაწილდება.
სესხის საშუალოწლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 45,4% შეადგინა. მისი წილი ეროვნულ ვალუტაში 46,2%-ით, ხოლო უცხოურ ვალუტაში 32,7%-ით განისაზღვრა. საშუალოწლიური შეწონილი საპროცენტო განაკვეთის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 73,4% შიდა ქართლის რეგიონში დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე დაბალი – 29,2% სამეგრელო- ზემო სვანეთის რეგიონში.
რეგიონების მიხედვით გაცემული სესხების ყველაზე მაღალი წილით ხასიათდება თბილისი (67,8%), აჭარა (13,0%), იმერეთი (8,3%), სამეგრელო-ზემო სვანეთი (5,7%) და ქვემო ქართლი (3,3%). ანალოგიური ტენდენცია ფიქსირდება რეგიონების მიხედვით აღებული სესხების მთლიან მოცულობაშიც. აღნიშნული მაჩვენებელი ყველაზე მაღალი წილით წარმოდგენილია თბილისში (76,1%), აჭარაში (9,9%), იმერეთში (4,8%), სამეგრელო-ზემო სვანეთსა (4,4%) და ქვემო ქართლში (2,8%).