მასკის სტარტაპ Neuralink-ის ღირებულება $5 მილიარდს გაუტოლდა

მასკის სტარტაპ Neuralink-ის ღირებულება $5 მილიარდს გაუტოლდა

კერძო საფინანსო ვაჭრობის შედეგად, ილონ მასკის ბიოტექნოლოგიური სტარტაპის, Neuralink-ის ღირებულება, Reuters-ზე დაყრდნობით, $5 მილიარდს გაუტოლდა. საინტერესოა, რომ ინვესტორებისგან შესყიდვების ნაწილი ბოლო თვეებში, მანამდე გაიზარდა, ვიდრე მილიარდერის კომპანია აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტოსგან (FDA) ტვინის იმპლანტის ადამიანებზე გამოცდის უფლებას მიიღებდა.

მიუხედავად ამისა, ექსპერტთა ნაწილი ვარაუდობს, რომ ტვინის იმპლანტების კომერციალიზაციას დამატებით მინიმუმ 10 წელი დასჭირდება. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ მასკის Neuralink-ზე, ცდებისას ცხოველთა კეთილდღეობის შესაძლო დარღვევის ბრალდებით, გასულ წელს ფედერალური გამოძიებაც დაიწყო. თუმცა მაინც, FDA-სგან დამტკიცების მიღების შემდეგ, ინვესტორებისთვის კერძო შეთავაზებებში, Neuralink-ის აქციების საბაზრო ღირებულება ბოლო დღეებია $7 მილიარდადაა შეფასებული, რაც თითო აქციაზე $55-ის ეკვივალენტურია.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დაახლოებით $5 მილიარდის ღირებულების საფონდო ტრანზაქციები უშუალოდ Neuralink-ის აქციონერების, მათ შორის დასაქმებულებისა და კომპანიის ადრეული ინვესტორების მიერ განხორციელდა. შედეგად, ახალი აქციების ინვესტორებისთვის მიყიდვის შემთხვევებს ადგილი ნაკლებად ჰქონდა. ე.წ. მეორეული ვაჭრობა კი კომპანიის ღირებულების ზუსტ საზომად ვერ ჩაითვლება – მათი მოცულობა მცირეა და ვერც ფონდების მოძიების რაუნდისა და საწყისი საჯარო შეთავაზების (IPO) წინაპირობად განიხილება.

ცნობისთვის, Neuralink-ის მიერ ფანდრაიზინგის ბოლო ცნობილი შემთხვევა 2021 წელს დაფიქსირდა. მონაცემთა პროვაიდერ Pitchbook-ის თანახმად, ორი წლის წინ ილონ მასკის ბიოტექნოლოგიურმა სტარტაპმა დაახლოებით $205 მილიონი მოიზიდა და მისი ღირებულება $2 მილიარდამდე გაიზარდა.