მეგობარი, რომელსაც ყველაფერი ეხერხება

მეგობარი, რომელსაც ყველაფერი ეხერხება
 2022 წელს სანდრო თავხელიძემ მიზნად დაისახა, უნივერსალური პრობლემა გადაეჭრა და ადამიანებისთვის ყოველდღიური საქმეების აუტანელი სიმძიმე შეემსუბუქებინა. მის მიერ შექმნილი პლატფორმის, Wempler-ის ანგარიშზე უკვე 70,000-ზე მეტი შესრულებული დავალებაა, ხოლო ჯამური ინვესტიცია $400,000-ს აღწევს. საქართველოში წარმატებული სტარტის შემდეგ სანდრო შედეგების რეპლიკაციას რეგიონის სხვა ქვეყნებშიც გეგმავს.

Google-ის თანადამფუძნებელ ლარი პეიჯს თავისებური მეთოდი აქვს იმის დასადგენად, თუ რომელი კომპანიები იმსახურებენ მის ყურადღებას. ამ მეთოდს ის “ჯაგრისის ტესტს” უწოდებს. New York Times-ს თუ დავუჯერებთ, როცა პეიჯს რომელიმე კომპანიაში ინვესტირება სურს, ის სვამს კითხვას, არის თუ არა კომპანიის პროდუქტი კბილის ჯაგრისივით — “ანუ რაღაც, რასაც დღეში ერთხელ ან ორჯერ გამოიყენებ”. ქართული სტარტაპი Wempler ჯაგრისის ტესტს წარმატებით აბარებს. თითოეული ჩვენგანი დღეში ერთხელ მაინც ფიქრობს, რა კარგი იქნებოდა, სხვას რომ შეეძლოს ჩვენ ნაცვლად პიკის საათში ქალაქის გადაჭრა, მანქანის გარეცხვა ან ძაღლის გასეირნება. 

70 კატეგორიაზე გადანაწილებული 70,000-ზე მეტი შესრულებული დავალებით Wempler დავალებების დელეგირების პირველი სრულყოფილი პლატფორმაა საქართველოში. მართალია, არსებობს პოპულარული და გამართული აპლიკაციები, რომელთა გამოყენებითაც ყოველდღიურ ცხოვრებაში სხვადასხვა საჭიროებას ვიკმაყოფილებთ (ალბათ, ამის წაკითხვისთანავე, სულ ცოტა, სამი მაინც გაგახსენდათ) მაგრამ თითოეული მათგანი ნიშურია, ჩვენი ცხოვრება კი ბევრად უფრო მეტ ასპექტს მოიცავს, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. სად იპოვით შესაბამის პირს, რომელიც თქვენს თუთიყუშს ლაპარაკს ასწავლის? და მონდომებულ ადამიანს, რომელიც სახელდახელოდ შეკრულ საფეხბურთო გუნდში მეკარედ დაგემატებათ?! ან შეიძლება ვინმე გჭირდებათ, ვინც თქვენ ნაცვლად დაიკავებს რიგს… Wempler-ისთვის უცნაური დავალებები არ არსებობს. არსებობს მხოლოდ საქმე — ერთ მხარეს დამკვეთით, რომელსაც მის შესასრულებლად დრო ან/და ენერგია არა აქვს და მეორე მხარეს შემსრულებლით, რომელსაც საკუთარი დროისა და უნარების გამოყენებით თანხის სწრაფად გამომუშავება სურს. 

“ყველას გვყავს ერთი მეგობარი მაინც, რომელსაც ყველაფერი ეხერხება — ხეზე მუშაობაც რომ გამოსდის, ელექტრობაც რომ იცის და ათას რამეშიც რომ ერკვევა. სწორედ ასეთი მეგობარია Wempler “ყველაფერი ერთში” ტიპი, ოღონდ ისეთი, სულ რომ სცალია შენთვის”, — ამბობს სანდრო თავხელიძე, Wempler-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. პლატფორმის შექმნის იდეა მაშინ მოუვიდა, როცა უნივერსიტეტში მოახლოებული დედლაინის ფონზე დედამ ელიავაზე სარემონტო მასალების მოსატანად წასვლა დაავალა. მეგობრებმა, რომელთაც თხოვნით მიმართა, ზრდილობიანად, მაგრამ უარით გაისტუმრეს და მაშინ მიხვდა, რომ სიამოვნებით გადაიხდიდა ფულს იმაში, რომ ეს მტანჯველი საქმე თავიდან აერიდებინა. როცა გაჩენილი იდეა ანტრეპრენიორობის კურსის ფარგლებში ლექტორსა და თანაკურსელებს გააცნო, მათი გამოხმაურებით დარწმუნდა, რომ ამ წამოწყებას ნამდვილად ჰქონდა მომავალი. 

ამის შემდეგ სანდრომ ჩანაფიქრი საკუთარ ბიძაშვილს გაუზიარა, რომელიც იმ დროს პირველ ნაბიჯებს დგამდა პროგრამირებაში. პროტოტიპის დიზაინი Powerpoint-ში ააწყვეს, პირველი მომხმარებლები კი სტუდენტები იყვნენ. “უნივერსიტეტის ადმინისტრაციას ვთხოვეთ, საინფორმაციო მეილები დაეგზავნათ სტუდენტური პროექტის მხარდასაჭერად. ძალიან მალე მივიღეთ 100-მდე დავალება. არც ველოდებოდით ამდენს და ნახევარზე მეტი ვერც შევასრულეთ”, — იხსენებს სანდრო. ახალბედა სტარტაპერები მარტივ დავალებებს ელოდნენ, რომელთაც საკუთარი ძალებით გაუმკლავდებოდნენ, ამის ნაცვლად კი ისეთი მოთხოვნები შერჩათ ხელში, რომელთა შესრულებასაც სპეციფიკური ცოდნა სჭირდებოდა. “გვეგონა, ჩვენ რა პრობლემებიც გვქონდა, ყველა ამ პრობლემებით მოგვმართავდა“, — სიცილით აღნიშნავს ის. შეუსრულებელი დავალებების მიუხედავად, სატესტო პერიოდი იდეის ვალიდაციისთვის საკმარისი აღმოჩნდა — მოთხოვნა პლატფორმაზე, რომელიც უზომოდ სწრაფ სამყაროში დღიურ გამოწვევებთან გამკლავებას გაამარტივებდა, საკმაოდ დიდი იყო. 

რა თქმა უნდა, წარმატებისკენ სვლა მარტივი არ ყოფილა. სტარტაპებისთვის ჩვეულ სირთულეებს Wempler-ის შემთხვევაში სპეციფიკური გამოწვევაც დაემატა. სანდრო Wempler-ს ბიძაშვილთან, დათუნა ბერძნიშვილთან და დეიდაშვილთან, გიორგი ჯავახიძესთან ერთად მართავს. შესაბამისად, აუცილებელი გახდა ოჯახური ურთიერთობებისა და მათი თანმხლები ემოციების ბიზნესგადაწყვეტილებებთან დაბალანსება. საბოლოოდ იდეის სიყვარულმა შედეგი გამოიღო და უთანხმოებებიც უკან მოიტოვეს. სტარტაპმა პირველ მნიშვნელოვან წარმატებას 2022 წელს მიაღწია, როცა Shark Tank Georgia-ს მეორე სეზონზე დაფინანსება მოიპოვა. ამ ფაქტმა Wempler-ის გუნდს ერთდროულად შესძინა ფინანსური მხარდაჭერა, ახალი პარტნიორები და საჭირო თავდაჯერებულობა. 

ვემპლერს გლობალურ ბაზარზე არსებული კონკურენტებისაგან სიმარტივე და მომხმარებლის კომფორტზე ფოკუსირება განასხვავებს. თუ სხვა პლატფორმები უბრალოდ გაკავშირებენ სერვისის მიმწოდებელთან და იმედოვნებენ, რომ თავად შეთანხმდებით, Wempler-ს სურს. მომხმარებელს ძალისხმევა მაქსიმალურად დაუზოგოს. „დავალებების შექმნა შეგიძლია შენთვის სასურველი ნებისმიერი ფორმით: შეგიძლია დაგვირეკო, ან მოგვწერო, ან თუნდაც ხმოვანი შეტყობინება დაგვიტოვო და მივხედავთ”, — განმარტავს სანდრო. პლატფორმის დახვეწილი ალგორითმი მაქსიმუმ 5 წუთში პოულობს ნებისმიერი ტიპის მოთხოვნისთვის შესაბამის ადამიანს ხელმისაწვდომობის, ლოკაციისა და უნარების მიხედვით. ამის შემდეგ ფასთან დაკავშირებით საქმიან წინადადებას იღებ. თუ ფასი მისაღები არაა, პლატფორმა ალტერნატივებსაც გთავაზობს. ყოველი დავალება დაზღვეულია, რაც მომხმარებლისთვის ხარისხის გარანტიაა. 

სერვისის მიმწოდებლები რამდენიმესაფეხურიან გზას გადიან, სანამ Wempler-ის ბაზას დაემატებიან. ამ მომენტში პლატფორმა 10,000-მდე ვერიფიცირებულ შემსრულებელს აერთიანებს. შერჩევის პროცესი პირისპირ ინტერვიუებს, საცდელ დავალებებსა და კრიმინალური ისტორიის გადამოწმებას მოიცავს. “კონკურენცია საკმაოდ მძაფრია. ათასობით ადამიანი გამოთქვამს მზაობას დავალების შესასრულებლად. სამწუხაროდ, ყოველდღიურად ამდენი დავალებაც არ გვაქვს”, — ამბობს სანდრო. 

პლატფორმა ადამიანებს უნარების მონეტიზაციის ახალ ინსტრუმენტს სთავაზობს, რითაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს გიგ-ეკონომიკის განვითარებაში. Wempler-ის ტიპური მომხმარებელი 23-35 წლისაა, დატვირთული სამუშაო გრაფიკი აქვს და საკუთარი დროის ფასი იცის, რის გამოც მზადაა, დავალებების დელეგირებაში თანხა გადაიხადოს. 

Wempler-ის გუნდი

სტარტაპს ამ ეტაპამდე ჯამურად $400,000 ინვესტიცია აქვს მოზიდული ჩეხური ვენჩურული კაპიტალის ფონდიდან, სამი ანგელოზი ინვესტორისგან და ერთი საგრანტო პროგრამიდან. ამ ინვესტიციების დახმარებით ვემპლერმა ოპერაციების გამართვა, მარკეტინგული კამპანიების განხორციელება და ახალი პროდუქტის, B2B-ის სამართავი პანელის გაშვება შეძლო. “ჩვენი წარმატება იმან განაპირობა, რომ გვქონდა ხედვა, თუ სად გვინდოდა მისვლა და ვიცოდით, რომ იქ მისვლა შესაძლებელი იყო. ეს ვრცელდება როგორც დიდ, ისე პატარ-პატარა მიზნებზე”, — ამბობს სანდრო. 

სანდროს სამომავლო გეგმები Wempler-ის სხვა ქვეყნებში გაფართოებას უკავშირდება. ცხადია, საქართველოს ფარგლებს გარეთაც არსებობენ დაკავებული ადამიანები, რომელთაც სურთ, მარტივად გადააბარონ საქმეები სხვას, თუმცა ექსპანსიას საგულდაგულო მომზადება და ახალი ინვესტიციები სჭირდება. 

სანდროს ფილოსოფია სრულადაა თანხვდენილი თანამედროვე ანტრეპრენიორების სულისკვეთებასთან. მისი სიტყვებით, როცა კონკრეტულ მისაბაძ ფიგურებს უყურებ, უნდა გჯეროდეს, რომ შენც შეგიძლია მათ ადგილას აღმოჩნდე. მისთვის წარუმატებლობაც საფეხურია, რომელზეც უნდა ააბიჯო, რათა მიზანს მიუახლოვდე.”GITA-ს გრანტზე ოთხჯერ გვითხრეს უარი და ყოველ ჯერზე უკეთესი და უკეთესი პროდუქტით გავედით. საბოლოოდ გავიმარჯვეთ და ჟიურიმ ცალკე აღნიშნა, რომ მოკლე პერიოდში განსაკუთრებული ბიზნესშედეგები ვაჩვენეთ”, — აღნიშნავს Wempler-ის დამფუძნებელი. 

სანდრო დარწმუნებულია, რომ წარმატებისთვის აუცილებელი არაა, უნიკალური იდეა გქონდეს: “ყოველთვის უფრო მარტივია, აიღო არსებული და გააუმჯობესო. ფეისბუიც კი არ იყო ორიგინალური იდეა”, — ამბობს ის. ბაზარზე, რომელიც იდეების ნაკლებობას არ განიცდის, Wempler-ის დამფუძნებლებმა ნაცნობი პრობლემების არა ერთადერთი, არამედ ყველაზე მარტივი გადაწყვეტა მოიფიქრეს. 

Wempler-ის გზა საინტერესო მაგალითი შეიძლება იყოს იმ სტარტაპებისთვის, რომლებიც მხოლოდ ახლა იწყებენ განვითარებას. ამ პლატფორმის წარმატება იმის დასტურია, რომ ტექნოლოგიის, მიზანდასახულობისა და ადამიანური კომპონენტების სწორ ნაზავს შეუძლია, ნებისმიერი რთული გამოწვევა შესაძლებლობად გარდაქმნას. 

“ამ ეტაპზე, ალბათ, გზის 50% გვაქვს გავლილი, — ამბობს სანდრო. — მოვახერხეთ, გუნდისთვის გარკვეული სტაბილურობა შეგვექმნა, შევიძინეთ ერთგული მომხმარებლები და ტექნიკურად დავხვეწეთ პროდუქტი, თუმცა მაინც მაქვს შეგრძნება, რომ მთავარი წინ არის”.