გასულ წელს Microsoft-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სატია ნადელამ ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის საბჭოს წევრებს განუცხადა, რომ კომპანიის მიზანს ათწლეულის ბოლომდე შემოსავლების $500 მილიარდამდე ზრდა წარმოადგენს. შედეგად, ნადელას ახალი მიზანი ამჟამინდელი მაჩვენებლების გაორმაგებას გულისხმობს.
Microsoft-ის გეგმა, რომელიც კომპანიის შემოსავლების მინიმუმ 10%-იან წლიურ ზრდას ითვალისწინებს, ცნობილი ორშაბათს გასაჯაროებული მემორანდუმიდან გახდა, რომელიც ტექნოლოგიურმა გიგანტმა Activision Blizzard-ის შესყიდვის გამო გამართულ სასამართლო მოსმენისას წარადგინა. კომპანიის CEO-ს განცხადებით, Microsoft-ის 2030 წლის მიზნებს „ზრდაზე ორიენტირებული ევოლუციური სტრატეგიის დანერგვით მიაღწევს, რომელიც კომპანიის უცვლელ მისიასა და კულტურასთან სრულ შესაბამისობაშია“.
თავად ნადელამ კომპანიის მიზანს „20/20“ უწოდა, რომელიც შემოსავლების 20%-იან წლიურ ზრდას და 2022 ფისკალური წლისა და მომდევნო წლებისთვის საოპერაციო შემოსავლის 20%-იან მატებას ითვალისწინებს. ცნობისთვის, 2022 წლისთვის Microsoft-ის წამყვანი ბიზნესის ზრდამ 18% შეადგინა, რის შედეგადაც კომპანიის შემოსავალი $198.27 მილიარდამდე გაიზარდა. გარდა ამისა, იმავე პერიოდში, ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის საოპერაციო შემოსავლის ზრდა 19%-ს გაუტოლდა.
Microsoft-ის აღმასრულებელი დირექტორის ინფორმაციით, ტექნოლოგიური კომპანიის ზრდის მთავარი მამოძრავებელი Microsoft Cloud-ი იქნება – პროდუქციის ფართო სპექტრი, რომელიც კომპანიის კომერციულ კლიენტებზე, მათ შორის Azure-ზე იქნება გათვლილი. მისივე განცხადებით, კომპანიის მთავარ მიზანს ბაზარზე ზრდის შენარჩუნება წარმოადგენს.