მილიარდერები საზღვრებს გარეშე

მილიარდერები საზღვრებს გარეშე

გასულ წელს ჯეფ ბეზოსისა და ილონ მასკის ქონებები სტრატოსფეროში გაიჭრნენ. გალაქტიკის უმდიდრესი ადამიანის სტატუსისთვის მებრძოლმა თითოეულმა ამ კოსმონავტმა $150 მილიარდზე მეტი მოაგროვა.

ასეთი წელი აქამდე არ ყოფილა. და პანდემიას არ ვგულისხმობთ. მხედველობაში გვაქვს ცეცხლოვანი სიჩქარის საჯარო შეთავაზებები, მკვეთრად გაზრდილი კრიპტოვალუტები და ცამდე ატყორცნილი სააქციო ფასები. მილიარდერთა რიცხვმა, არც მეტი, არც ნაკლები, იფეთქა. Forbesმა უპრეცედენტო რაოდენობის, 2,755 მილიარდერი აღმოაჩინა მთელ მსოფლიოში, რაც 660-ით მეტია შარშანდელთან შედარებით. მათი უდიდესი ნაწილი – 86% – ახლა უფრო მდიდარია, ვიდრე გასულ წელს. ერთობლივად, მათი ჯამური ქონება $13.1 ტრილიონს შეადგენს, მაშინ როცა 2020-ში ეს მაჩვენებელი $8 ტრილიონს უტოლდებოდა. მათი საშუალო ქონება კი $4.7 მილიარდია – $900 მილიონით მეტი, ვიდრე შარშან. ყველაზე მეტი – 724 – მილიარდერი კვლავ აშშ-დან არის, რომელსაც დიდი ჩინეთი მოჰყვება 698 მილიარდერით. ქონებათა დასათვლელად 2021-ის 5 მარტის აქციათა ფასები და გაცვლითი კურსები გამოვიყენეთ. მსოფლიოს მილიარდერთა რეიტინგისა და ჩვენი მეთოდოლოგიის გასაცნობად, ეწვიეთ ვებგვერდს: forbes.com/billionaires.

უესლი ბედროსიანი FORBES-ისთვის

TOP 50

⚡ – სიის ახალწვეული 📈 – პოზიტიური ცვლილება სიმდიდრეში

ჯეფ ბეზოსი

📈 $177 მლრდ  • წყარო: Amazon • ასაკი: 57 • მოქალაქეობა: აშშ 

ბეზოსის $64-მილიარდიანი ნახტომი მას ჩვენს რეიტინგში ლიდერ პოზიციას ზედიზედ მეოთხე წელია, უნარჩუნებს. 2021-ის მიწურულს Amazonის დამფუძნებელი აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობის დატოვებას გეგმავს. 

ილონ მასკი

📈 $151 მლრდ  • Tesla, SpaceX • ასაკი: 49 • აშშ 

2020-ის მარტიდან მოყოლებული, Tesla-ს აქციათა ფასის მკვეთრ ზრდასთან ერთად, მასკის ქონება მთელი $126 მილიარდით გაიბერა. იანვარში მან ბეზოსსაც გადაასწრო და, მცირე ხნით, მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანად მოგვევლინა. 

ბერნარ არნო და ოჯახი

📈 $150 მლრდ  • LVMH • ასაკი: 72 • საფრანგეთი

ევროპის უმდიდრესმა ადამიანმა რამდენიმე მსხვილი გარიგება მოიყვანა სისრულეში, მათგან ყველაზე აღსანიშნავი LVMH-ის მიერ საკულტო იუვილერის, Tiffany-ს გვარიანად შეფერხებული შესყიდვა გახლავთ იანვარში, ფასდაკლებული $16 მილიარდის სანაცვლოდ.

ბილ გეიტსი

📈 $124 მლრდ  • MICROSOFT • ასაკი: 65 • აშშ

Microsoft-ის თანადამფუძნებელი, რომელმაც ამ პროგრამული უზრუნველყოფის ფირმის საბჭო შარშან დატოვა, ახლა უფრო მდიდარია, ვიდრე ოდესმე, ამის მიზეზი კი, ნაწილობრივ, მისი გიგანტის მკვეთრად გაზრდილი სააქციო ფასია. 

მარკ ცუკერბერგი

📈 $97 მლრდ  • FACEBOOK • ასაკი: 36 • აშშ

კონგრესის გამადიდებელ შუშას, კვლავაც რომ Facebook-ზეა მიმართული, ჯერ არ უვნია ცუკერბერგის ქონებისთვის. მისი კომპანიის აქციების ფასი ლამის რეკორდულ ნიშნულზეა. 

უორენ ბაფეტი

📈 $96 მლრდ  • BERKSHIRE HATHAWAY • ასაკი: 90 • აშშ

Berkshire Hathaway-მ ივლისში Dominion Energy-ს ბუნებრივი აირის მილსადენები $8 მილიარდად იყიდა, მაგრამ ომაჰის წინასწარმეტყველის სახელით ცნობილი ბაფეტი, სხვა მხრივ, შედარებით წყნარი იყო პანდემიის დროს. 

ლარი ელისონი 

📈 $93 მლრდ • პროგრამული უზრუნველყოფა • ასაკი: 76 • აშშ

სილიკონ­-­ველის ტიტანი, გავცრელებული ცნობებით, პანდემიის დროს ჰავაიში გადასახლდა. ხოლო მის მიერ 1977-ში თანადაფუძნებულმა Oracle-მა, ამასობაში, სათავო ოფისი ყურის ოლქიდან ტეხასში გადაიტანა. 

ლარი პეიჯი

📈 $91.5 მლრდ  • GOOGLE • ასაკი: 48 • აშშ

სერგეი ბრინი

📈 $89 მლრდ  • GOOGLE • ასაკი: 47 • აშშ

Google-ის თანადამფუძნებლები კვლავაც მსახურობენ Alphabet-ის საბჭოში, მაგრამ, სხვა მხრივ, საჯაროობას ერიდებიან. Google-ს, ამას წინათ, ავსტრალიაში ქარტეხილები დაატყდა თავს, რაც, კრიტიკოსთა თქმით, ამ საძიებო სისტემის როლს უკავშირდება იქაური მედიის შესუსტების საქმეში.

მუკეშ ამბანი

📈 $84.5 მლრდ  • დივერსიფიცირებული • ასაკი: 63 • ინდოეთი

ამბანი იბრუნებს აზიის უმდიდრესი ადამიანის სტატუსს: მისი კონგლომერატის, Reliance Industries-ის, აქციათა ფასების მნიშვნელოვანი ზრდის კვალდაკვალ, მან თითქმის $48 მილიარდი შემატა საკუთარ ქონებას. 

ამანსიო ორტეგა

📈 $77 მლრდ  • ZARA  • ასაკი: 85 • ესპანეთი

Zara-ს სავაჭრო ქსელით განთქმული ტანსაცმლის გიგანტის, Inditex-ის დამფუძნებელი შტორმიდან მშრალი გამოვიდა: 2020-ში გაყიდვები თითქმის 30%-ით შემცირდა, მაგრამ აქციების ფასი 34%-ით გაიზარდა წლის განმავლობაში. 

ფრანსუაზ ბეტანკურ მეიერსი და ოჯახი 

📈 $73.6 მლრდ  • L’ORÉAL  • ასაკი: 67 • საფრანგეთი

კოსმეტიკური საშუალებების გიგანტის, L’Oréal-ის დამფუძნებლის შვილიშვილმა კომპანიის აქციათა ფასის 38%-იანი ნახტომით იხეირა, მიუხედავად იმისა, რომ 2020-ში მოგებები 6%-ით იყო დაცემული. 

ჟონგ შანშანი 

📈 $68.9 მლრდ  • სასმელები • ასაკი: 66 • ჩინეთი

მისი ბოთლის წყლის ფირმა Nongfu Spring-ის 2020-ის სექტემბრის პირველადმა საჯარო შეთავაზებამ მისი ქონება 3,345%-ით გაზარდა, რამაც ის წლის ყველაზე მსხვილი პროცენტის მიმღებად და ჩინეთის ახალ უმდიდრეს ადამიანად აქცია. 

სტივ ბალმერი

📈 $68.7 მლრდ  • MICROSOFT • ასაკი: 65 • აშშ

Microsoft-ის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა, რომლის ქონება ამ პროგრამული უზრუნველყოფის ფირმის სააქციო ფასის 67%-იანი ნახტომის შედეგად, $16 მილიარდითაა გაზრდილი შარშანდლის მერე, $54 მილიონი შესწირა კოვიდთან დაკავშირებულ სხვადასხვა ინიციატივას, მათ შორის, ვაქცინათა ცდებსა და ფრონტის წინა ხაზზე მომუშავეთა შვილებზე ზრუნვას. 

მა ჰუატენგი

📈 $65.8 მლრდ  • ინტერნეტმედია • ასაკი: 49 • ჩინეთი

მისი ვებ­-­მედიაგიგანტი, Tencent-ი, რომელიც წილებს ფლობს Tesla-სა და Snap-ში, მორიგ მოგებაზე გავიდა ვიდეოგაზიარების აპლიკაცია Kuaishou-ს თებერვლის საჯარო შეთავაზების წყალობით. ამ ფირმაში Tencent-ი 18%-იანი წილის მფლობელია. 

კარლოს სლიმ ელუ და ოჯახი

📈 $62.8 მლრდ  • ტელეკომუნიკაციები • ასაკი: 81 • მექსიკა

იანვარში ტელეკომუნიკაციების ეს ბობოლა მცირე ხნით საავადმყოფოში მოხვდა კოვიდ­-­19­-ის გამო. მისმა პან­-­ლათინოამერიკულმა უსადენო ფირმა América Móvil-მა 2020 წელი 287 მილიონი გამომწერით დაასრულა, რაც 3%-იანი ზრდაა ერთ წელიწადში. 

ელის უოლტონი

📈 $61.8 მლრდ  • WALMART • ასაკი: 71 • აშშ

ჯიმ უოლტონი

📈 $60.2 მლრდ  • WALMART • ასაკი: 72 • აშშ

რობ უოლტონი 

📈 $59.5 მლრდ  • WALMART • ასაკი: 76 • აშშ

Walmart-ის დამფუძნებლის, სემ უოლტონის შვილები, ოჯახის სხვა წევრებთან ერთად, მსოფლიოს ამ უმსხვილესი მოვაჭრის დაახლოებით ნახევარს ფლობენ. Amazon Prime-ის მსგავსი საწევრო პროგრამის ფარგლებში, Walmart-მა ადგილზე მიტანის უფასო სერვისი ჩაუშვა, რამაც მთელი წლის მანძილზე, იანვრის ჩათვლით, ონლაინგაყიდვების 69%-ით ზრდას შეუწყო ხელი. 

მაიკლ ბლუმბერგი

📈 $59 მლრდ  • BLOOMBERG LP • ასაკი: 79 • აშშ

გასულ წელს მან პოლიტიკური ხარჯვის რეკორდები დაამსხვრია და $1 მილიარდზე მეტი ჩაღვარა საკუთარ საპრეზიდენტო კამპანიაში, $150 მილიონი კი სხვა დემოკრატების მხარდასაჭერად. 

კოლინ ჟენგ ჰუანგი

📈 $55.3 მლრდ  • ელ-ვაჭრობა • ასაკი: 41 • ჩინეთი

ფასდაკლებებზე მომუშავე ონლაინ Pinduoduo-ს დამფუძნებელმა თავმჯდომარის პოზიცია მარტში დატოვა, რათა საკვებისა და სიცოცხლის მეცნიერებათა კვლევებში ჩართულიყო, ხოლო აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან ივლისში წამოვიდა. 

მაქკენზი სკოტი 

📈 $53 მლრდ  • AMAZON • ასაკი: 50 • აშშ

ჯეფ ბეზოსის ყოფილმა ცოლმა (ზემოთ, მარჯვნივ) 2020 წელს ქველმოქმედების სამყარო შეაზანზარა: გრანტების სახით, მან თითქმის $6 მილიარდი გასცა 500 არაკომერციულ ორგანიზაციაზე მთელი აშშ­-ის მასშტაბით, მათ შორის, პუერტო-­რიკოშიც. ამას წინათ ის მეორედ გათხოვდა. 

დენიელ გილბერტი 

📈 $51.9 მლრდ  • QUICKEN LOANS • ასაკი: 59 • აშშ

მისი Rocket Companies-ი – იპოთეკის უმსხვილესი გამსესხებელი ამერიკაში – აგვისტოში საჯარო ბაზარზე გავიდა, რამაც გილბერტის ქონება ერთ დღეში თითქმის $38 მილიარდით გაზარდა.

გაუტამ ადანი და ოჯახი 

📈 $50.5 მლრდ  • ინფრასტრუქტურა, ფართო მოხმარების საქონელი • ასაკი: 58 • ინდოეთი

ეს ინფრასტრუქტურის მაგნატი თითქმის $42 მილიარდით უფრო მდიდარია, ვიდრე შარშან: მის Adani Group-ში შემავალი საჯარო ბაზარზე მბრუნავი ხუთი კომპანიის აქციათა ფასებმა პირადი რეკორდები დაამყარეს. 

ფილ ნაიტი და ოჯახი

📈 $49.9 მლრდ  • NIKE • ასაკი: 83 • აშშ

Nike-ის პენსიაზე გასული დამფუძნებლის უახლესი საქველმოქმედო ინიციატივა ძვირფას, ახლად გარემონტებულ სარბენ სტადიონს წარმოადგენს თავის ალმა მატერში, University of Oregon-ში. 

ჯეკ მა

📈 $48.4 მლრდ  • ელ-ვაჭრობა • ასაკი: 56 • ჩინეთი

Alibaba-ს თანადამფუძნებელი საჯარო თვალს მას მერე ერიდება, რაც ნოემბერში, მისი ფინანსური ტექნოლოგიის გიგანტის, Ant Groupის ორმაგი პირველადი საჯარო შეთავაზება ჩინელმა რეგულატორებმა შეაფერხეს. 

ჩარლზ კოხი

📈 $46.4 მლრდ  • KOCH INDUSTRIES • ასაკი: 85 • აშშ

ჯულია კოხი და ოჯახი 

📈 $46.4 მლრდ  • KOCH INDUSTRIES • ასაკი: 58 • აშშ

Koch Industries-მა, რომლის თავმჯდომარეც ჩარლზი გახლავთ, Cargill-ს გაუსწრო ამერიკის უმსხვილესი კერძო კომპანიის (გაზომილი შემოსავლის მიხედვით) სტატუსისთვის ბრძოლაში. კონგლომერატის გაყიდვებმა 2019-ში $115 მილიარდი შეადგინა. ჩარლზი და მისი უმცროსი ძმის, დევიდის (გარდაიცვალა 2019-ში) ქვრივის, ჯულიას, ოჯახი 42%-42%-ს ფლობენ ბიზნესში. 

მასაიოში სონი

📈 $45.4 მლრდ  • ინტერნეტი, ტელეკომუნიკაციები • ასაკი: 63 • იაპონია

მას მერე, რაც მისმა SoftBank Vision Fund-მა უაღრესად საჯარო დარტყმა განიცადა WeWork-ში უსიამოვნებებით სავსე ინვესტიციის შემდეგ, სონი სცენას ახალი ძალითა და ახალი მონაპოვრებით დაუბრუნდა, რომელთა შორისაცაა პირველადი საჯარო შეთავაზებები საკვების ადგილზე მიტანის აპლიკაცია DoorDash-ისა და კორეული ელ­-­ვაჭრობის კომპანია Coupangისთვის. 

მაიკლ დელი

📈 $45.1 მლრდ  • კომპიუტერები • ასაკი: 56 • აშშ

რეკორდული, $94.2 მილიარდის ტოლფასი გაყიდვების ხელშეწყობით, Dell Technologies-ის აქციათა ფასმა ყველა დროის უმაღლეს ნიშნულს მიაღწია, ამ ყველაფრის ფონზე კი დელის ქონება თითქმის გაორმაგდა. 

ტადაში იანაი და ოჯახი 

📈 $44.1 მლრდ  • მოდის ვაჭრობა • ასაკი: 72 • იაპონია

პანდემიის დროს Uniqlo-ს კომფორტულ, ყოველდღიურ ტანსაცმელსა და სამფენიან ნიღბებზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა, რამაც ტანსაცმლის სფეროს წარმომადგენელი იაპონელი მილიარდერის ქონება, სულ მცირე, გააორმაგა. 

ფრანსუა პინო და ოჯახი 

📈 $42.3 მლრდ  • ფუფუნების საგნები • ასაკი: 84 • საფრანგეთი

ფუფუნების კონგლომერატ Kering-ის დამფუძნებელი, წელს, როგორც იქნა, აამუშავებს თავის ხელოვნების მუზეუმს პარიზში, მე-19 საუკუნის Bourse de Commerce-ის შენობაში, ასე დიდხანს რომ ელოდა გახსნას. 

დევიდ თომსონი და ოჯახი 

📈 $41.8 მლრდ  • მედია • ასაკი: 63 • კანადა

კანადის უმდიდრესი ადამიანი საჯარო ბაზარზე მბრუნავი Thomson Reuters-ის თავმჯდომარეა. ამ მედიაგიგანტის აქციათა ფასი გასულ წელს 16%-ით გაიზარდა. 

ბეატე ჰაისტერი და კარლ ალბრეხტ უმცროსი 

📈 $39.2 მლრდ  • სუპერმარკეტები • გერმანია

ფასადაკლებებზე მომუშავე მოვაჭრე Aldi Sued-ი და-­ძმას მემკვიდრეობით ერგო. პანდემიის დროს ამ მოვაჭრის მაღაზიებმა 3D-სენსორების გამოყენება დაიწყეს, რათა მომხმარებელთა მიმოსვლა გაეზომათ და დაერეგულირებინათ. 

ვანგ ვეი

📈 $39 მლრდ  • ამანათების მიტანა • ასაკი: 50 • ჩინეთი

კოვიდ-19-ით გამოწვეული ჩინური ლოკდაუნებისას ელ-ვაჭრობის ბუმის კვალდაკვალ, ვანგ ვეის S.F. Express-ის – გნებავთ, „ჩინეთის FedEx-ის“ – შემოსავალი 37%-ით გაიზარდა. 

მირიამ ადელსონი

⚡ $38.2 მლრდ  • კაზინოები • ასაკი: 75 • აშშ

შელდონ ადელსონის (გარდაიცვალა 2021-ში) ქვრივი ახლა Las Vegas Sands-ის 56%-ს აკონტროლებს. ეს კაზინო­-ოპერატორი ვეგასურ ინვესტიციებს ანაღდებს, რათა აზიაზე ფოკუსირდეს. 

ჰე ქსიანჯიანი 

📈 $37.7 მლრდ • საყოფაცხოვრებო ტექნიკა • ასაკი: 78 • ჩინეთი

გავრცელებული ცნობებით, ელექტროტექნიკის მწარმოებელ Midea Group-ის თანადამფუძნებელი გასულ ივნისს გატაცებას გადაურჩა, როცა რამდენიმე კაცი ასაფეთქებელი საშუალებებით მის სახლში ეცადა შეჭრას. 

დიტერ შვარცი

📈 $36.9 მლრდ  • საცალო ვაჭრობა • ასაკი: 81 • გერმანია

2021-ის თებერვალს დასრულებული წელიწადის მანძილზე, ფასდაკლებებზე მომუშავე სუპერმარკეტების, Kaufland-ისა და Lidl-ის მფლობელი Schwarz Group-ის გაყიდვები, წესით, 23%-ით, $170 მილიარდამდე გაიზარდა. 

ჟანგ იმინგი

📈 $35.6 მლრდ  • TIKTOK • ასაკი: 37 • ჩინეთი

ჟანგმა ByteDance-ი – პატარა ვიდეოების პოპულარული აპლიკაცია TikTok-ის შემქმნელი – 2012 წელს, ოთხსაძინებლიან ბინაში დააფუძნა. დეკემბრის დაფინანსების რაუნდზე, ეს ე.წ. ზღაპრული მარტორქა $180 მილიარდად იქნა შეფასებული. 

ჯოვანი ფერერო

📈 $35.1 მლრდ  • NUTELLA, შოკოლადები • ასაკი: 56 • იტალია

Nutella-ს, Tic Tac-ისა და Kinder-ის ბრენდებით განთქმული Ferrero Group-ის თავმჯდომარემ თავის ტკბილეულების იმპერიას ბრიტანული Fox’s Biscuit-ის წილი შემატა. 

ალენ ვერტჰაიმერი

📈 $34.5 მლრდ  • CHANEL • ასაკი: 72 • საფრანგეთი

ჟერარ ვერტჰაიმერი 

📈 $34.5 მლრდ  • CHANEL • ასაკი: 70 • საფრანგეთი

Chanel-ის თანადამფუძნებლის, პიერ ვერტჰაიმერის შვილიშვილები, ძმები ვერტჰაიმერები $17 მილიარდით უფრო მდიდრები არიან (ცალცალკე), ვიდრე გასულ წელს, რაც ფუფუნების სექტორის ფეხზე წამოდგომას უნდა მივაწეროთ. 

ლი კა-შინი

📈 $33.7 მლრდ• დივერსიფიცირებული • ასაკი: 92 • ჰონგ-კონგი 

ჰონგ-კონგის უმდიდრესმა ადამიანმა დამატებით $12 მილიარდი მოიხვეჭა, ეს კი მისი საზღვარგარეთული ჰოლდინგების დამსახურებაა, მათ შორის, წილებისა ვიდეოკონფერენციის ფირმა Zoom-სა და ენერგოსასმელების მწარმოებელ Celsius-ში. 

ცინ ინგლინი და ოჯახი

📈 $33.5 მლრდ  • ღორების მეურნეობა • ასაკი: 55 • ჩინეთი

ცინმა ცოლთან, ციან ინგთან ერთად, ჩინეთში წამყვანი ღორების მწარმოებელი 1992 წელს სულ რაღაც 22 ღორით დააფუძნა. ის კვლავაც თავმჯდომარეა, ცოლი კი საბჭოში მსახურობს. 

უილიამ ლეი დინგი

📈 $33 მლრდ  • ონლაინთამაშები • ასაკი: 49 • ჩინეთი

მისი Nasdaq-ზე მბრუნავი NetEase-ის შემოსავალი 2020-ში 24%-ით გაიზარდა: პანდემიით გამოწვეულმა ლოკდაუნებმა მის ონლაინთამაშებსა და დისტანციური სწავლის პროდუქტებზე მოთხოვნა გაზარდა. 

ლენ ბლავატნიკი

📈 $32 მლრდ  • მუსიკა, ქიმიკატები • ასაკი: 63 • აშშ

2020-ის ივნისში საჯარო ბაზარზე გასვლის შემდეგ, ბლავატნიკის Warner Music-ის ღირებულება თითქმის $18 მილიარდს შეადგენს, ეს კი, სულ მცირე, ხუთჯერ აღემატება იმ თანხას, რაც მაგნატმა მასში 2011 წელს გადაიხადა. 

ლი შაუ კი

📈 $31.7 მლრდ  • უძრავი ქონება • ასაკი: 93 • ჰონგ-კონგი

მისი Henderson Land-ის აქციათა ფასი წარამარა იცვლებოდა პანდემიის დროს, წლის ბოლოსთვის კი დასტაბილურდა, თუმცა თავის რეკორდულ ნიშნულს მაინც ჩამორჩება. 

ჯაკლინ მარსი

📈 $31.3 მლრდ  • ტკბილეული, შინაური ცხოველების საკვები • ასაკი: 81 • აშშ

ჯონ მარსი 

📈 $31.3 მლრდ  • ტკბილეული, შინაური ცხოველების საკვები • ასაკი: 85 • აშშ

და-­ძმა მარსები, გათვლების თანახმად, ტკბილეულის, შინაური ცხოველების მოვლისა და საკვების $40-მილიარდიანი (გაყიდვებით) კომპანიის ორ მესამედს ფლობენ (ცალ-ცალკე). M&M’s-ითა და Skittles-ით განთქმულმა Mars Inc.-მა წასახემსებელი შოკოლადის ფილების მწარმოებელი Kind-ი 2020-ის ნოემბერში შეისყიდა – მცირე წილის დაპატრონებიდან სამი წლის თავზე. 

იან ჰუიანი და ოჯახი 

📈 $29.6 მლრდ  • უძრავი ქონება • ასაკი: 39 • ჩინეთი

Country Garden Holdings-ის მემკვიდრე ამ უძრავი ქონების დეველოპერის უმსხვილესი მეწილეა. ამასთან, ის აშშ-ის ბაზარზე მბრუნავ განათლების ფირმა Bright Scholar Education Holdings-ს თავმჯდომარეობს.

გავარდნილები

კაილი ჯენერის ფანტასტიკური ქონება

რეიტინგს შარშანდელი მილიარდერებიდან მხოლოდ 61 გამოაკლდა: მათმა ქონებამ წელს $1 მილიარდს ვერ მიაღწია. ეს 2020-ის ყველა გავარდნილის ერთ მეოთხედს წარმოადგენს და ათი წლის მანძილზე ყველაზე დაბალი რიცხვია. ერთი აღსანიშნავი გავარდნილი კაილი ჯენერია, რომელმაც მას მერე დატოვა რეიტინგი, რაც Coty-ს დოკუმენტებმა გამოააშკარავა, რომ Kylie Cosmetics-ის შემოსავლები იმის ნახევარსაც კი არ შეადგენდა, რასაც მისი გუნდი ამტკიცებდა მისი ქონების გაბერვის მიზნით.

ვინ დატოვა წარუშლელი კვალი?

გასულ წელს ოცდასამი მილიარდერი გარდაიცვალა 15 ქვეყნიდან, მათგან ორი 100 წელს იყო გადაცილებული – ჩანგ იუნი და მარსელ ადამსი.

შელდონ ადელსონი

ასაკი: 87

ამ კაზინოების მაგნატმა და რესპუბლიკური პარტიის მეგადონორმა Las Vegas Sands-ი იმპერიად აქცია, $35 მილიარდის ქონება დააგროვა და თამამი ფსონები დადო, დიდი რეცესიის დროს კოლაფსის პირას მისული კომპანია რომ გადაერჩინა. 

ლი კუნ-ჰი

ასაკი: 78

Samsung Group-ი ლიმ 1987 წელს მამამისისგან, დამფუძნებელ ლი ბიუნ-ჩალისგან მემკვიდრეობით მიიღო და ის სამხრეთ კორეის უმსხვილეს კონგლომერატად აქცია. მილიარდერი, რომელსაც ორჯერ აპატიეს ქრთამის აღებასა და გადასახადებთან დაკავშირებული ქმედებები, 2014 წლიდან კომაში იყო ჩავარდნილი. 

ჯოზეფ საფრა

ასაკი: 82

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ბანკირი, $23 მილიარდის პატრონი საფრა სამ ბანკს ფლობდა სამ კონტიტენტზე, ფლობდა, ასევე, ლონდონის ცათამბჯენ Gherkin-სა და 50%-იან წილს ბანანის მწარმოებელ Chiquita-ში.

ბენჯამინ დე როტშილდი

ასაკი: 57

1953 წელს მამამისის მიერ დაფუძნებული ევროპული ბანკის, Edmond de Rothschildის მემკვიდრე იანვარში გულის შეტევით გარდაიცვალა. მისი ქვრივი, არიან დე როტშილდი 2015 წლიდან ბანკის თავმჯდომარედ მსახურობს.

  • მარსელ ადამსი | ასაკი: 100 • უძრავი ქონება
  • ედმუნდ ანსინი | 84 • ტელევიზია 
  • ჯერონიმო არანგო | 94 • ვაჭრობა 
  • დევიდ ბარკლი | 86 • მედია, ვაჭრობა
  • სტივენ ბექტელი უმცროსი | 95 • მშენებლობა 
  • დმიტრი ბოსოვი | 52 • ქვანახშირის მოპოვება
  • ჩანგ იუნ ჩანგი | 102 • გადაზიდვები 
  • ედუარდო კოჯუანგკო | 85 • საკვები, სასმელი
  • ოლივიე დასო | 69 • დივერსიფიცირებული 
  • ალოიზიო დე ანდრადე ფარია | 99 • საბანკო სფერო 
  • მანუელ ჯოვე | 78 • უძრავი ქონება 
  • სუნა კირაჩი | 79 • დივერსიფიცირებული 
  • მანუელ მორუნი | 93 • ტრანსპორტირება 
  • პარკ იეონ-ჩა | 74 • სპორტული ფეხსაცმელი 
  • სამნერ რედსტოუნი | 97 • მედია 
  • რენდალ როლინსი | 88 • სასოფლო-სამეურნეო მავნებლების კონტროლი
  • შელდონ სოლოუ | 92 • უძრავი ქონება
  • ჰაინც ჰერმან თიელი  | 79 • მუხრუჭები 
  • არნე უილჰელმსენი | 90 • კრუიზის გემები