მედიასააგენტო Nikkei-ის ინფორმაციით, იაპონური ავტომწარმოებელი Mitsubishi Motors-ი Honda Motor-ისა და Nissan Motor-ის ალიანსს შეუერთდება. ავტომწარმოებლების გაერთიანებით კი კომბინირებულად 8 მილიონი ერთეული ავტომობილის გაყიდვა იგეგმება.
ცნობისათვის, Mitsubishi Motors-ის 34%-იან წილს სწორედ Nissan-ი ფლობს. სამი მსხვილი ავტომწარმოებლის სტრატეგიული პარტნიორობა ერთობლივი, სტანდარტიზებული პროგრამული უზრუნველყოფის შექმნას ითვალისწინებს, რომელიც სამივე კომპანიის ავტომობილებს მოერგება.
ფინანსური ანალიტიკოსები აღნიშნულ გადაწყვეტილებას იაპონიის მესამე ყველაზე მსხვილი ავტომწარმოებლის Nissan-ის მიერ ბაზრის წილის შემცირების ტენდენციის გაგრძელებას უკავშირებენ. Nissan-ისთვის ორი ყველაზე მსხვილი ბაზარი აშშ და ჩინეთია. კომპანია აღნიშნულ ბაზრებზე საკუთარი პროდუქციის ნახევარს ყიდის. ახალი პარტნიორობის ჩამოყალიბებით კი საკუთარი პოზიციების დაბრუნება სურს.
შეგახსენებთ, რომ Mitsubishi დიდი ხანია, Nissan-ისა და ფრანგული Renault-ის ალიანსის პარტნიორია. თუმცა გასულ წელს ავტომწარმოებლები პარტნიორობის რესტრუქტურიზაციაზე შეთანხმდნენ. Nissan-ი და Honda კი ელექტრომობილების ნაწილებზე პარტნიორობას უკვე დიდი ხანია, განიხილავენ.
Mitsubishi-ს, Honda-სა და Nissan-ის ახალი ალიანსი იაპონურ ავტომწარმოებლებს ხარჯების შემცირებასა და ელექტრომობილების ბაზრებზე უპირატესობის მოპოვებაში დაეხმარება. განსაკუთრებით კი მსოფლიოს უდიდეს ბაზარზე, ჩინეთში. საინტერესოა, რომ ჩინეთში იაპონური მწარმოებლები დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ. თუმცა ბოლო დროს ადგილობრივი მწარმოებლების მიერ ახალი ელექტრომობილების გამოშვებამ და დაბალბიუჯეტური მოდელების გამოჩენამ, იაპონური ავტომწარმოებლების ბაზრის წილი მნიშვნელოვნად შეამცირა.