უახლესი კვლევის თანახმად, მოდის ინდუსტრიის გიგანტებს მცირე პროგრესი აქვთ გარემოზე ზემოქმედების შემცირების მიმართულებით. ჟურნალმა Business of Fashion-მა პირველად მოამზადა მდგრადობის ინდექსი, რომელიც ინდუსტრიის წამყვანი კომპანიების ერთმანეთთან შედარების საშუალებას გვაძლევს. ინდექსზე მუშაობისას კი გამოვლინდა, რომ ინდუსტრიის გიგანტები ვერ ასრულებენ თავიანთ ამბიციურ დაპირებებს გარემოზე ზემოქმედების შემცირების მიმართულებით.
Business of Fashion-მა ინდუსტრიის 15 ლიდერი შეაფასა ექვს კატეგორიაში: გამჭვირვალობა, აირების ემისია, წყალი და ქიმიკატები, მასალები, ნარჩენები და მუშახელის უფლებები.
სამწუხაროდ, ვერც ერთმა ბრენდმა ვერ შეძლო მაქსიმალური 100 ქულიდან 50-ზე მეტის მიღება. მათ შორის, ყველაზე დაბალი შედეგი აჩვენეს შვეიცარიულმა Richemont-მა და ამერიკულმა Under Armor-მა, 14 და 9 ქულებით.
საუკეთესო შედეგი აჩვენა ფრანგულმა ბრენდმა Kering-მა და Nike-მა, რომელთაც შესაბამისად 49 და 47 ქულა მიიღეს.
„მოდის ინდუსტრიის ბევრი დიდი მოთამაშე არ იცნობს ან არ ამხელს მათი პროდუქტების წარმომავლობას. რაც უფრო შორს მივყვებით მიწოდების ჯაჭვს, მით უფრო ბუნდოვანი ხდება ყველაფერი, – აღნიშნულია ანგარიშში. – ეს ქმნის ადამიანთა ექსპლუატაციისა და მათი უფლებების უხეში დარღვევის შესაძლებლობას, ამასთან, შეუძლებელი ხდება გარემოზე ინდუსტრიის ზემოქმედების გაზომვა“.
2019 წლის კვლევამ აჩვენა, რომ მოდის ინდუსტრია წყლის რესურსების მოხმარების მიხედვით მეორეა, ამასთან მეთანის გლობალურ ემისიაში მათი წილი 8-10 პროცენტია – ეს უფრო მეტია, ვიდრე ყველა საერთაშორისო ფრენისა და საზღვაო გადაზიდვების შედეგად წარმოქმნილი აირების ემისია.
„დრო იწურება, მხოლოდ ამბიციური ცვლილებების დაანონსება საკმარისი აღარ არის“, – ვკითხულობთ ანგარიშში.