მოგზაურობისა და ტურიზმის საბჭო მიმდინარე წელსა და მომდევნო ათწლეულში გლობალურ ტურიზმს რეკორდულ ზრდას უწინასწარმეტყველებს. შედეგად, გაიზრდება მისი გავლენაც გლობალურ ეკონომიკაზე. საბჭოს ანგარიშით, 2024 წელს ტურიზმის ინდუსტრია $11.1 ტრილიონს მიაღწევს და გადააჭარბებს 2019 წლის რეკორდს – $10 ტრილიონს.
ექსპერტების ვარაუდით, მომდევნო ათწლეულის განმავლობაში კი ტურიზმი $16-ტრილიონიანი ინდუსტრია გახდება და გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის 11.4%-ს მოიცავს. დღევანდელი მონაცემებით, ტურიზმის სფეროში ყოველი 10-დან ერთი ადამიანია დასაქმებული. 2034 წლისთვის ინდუსტრია გლობალური სამუშაო ადგილების 12.2%-ს შეადგენს.
ახალი ანგარიში მოგზაურობისა და ტურიზმის მსოფლიო საბჭოს (WTTC) მიერ საკონსულტაციო ფირმა Oxford Economics-თან თანამშრომლობით შემუშავდა. ტურიზმის ინდუსტრიის ზრდა ემთხვევა ჯგუფის მიერ გამოქვეყნებულ ადრეულ პროგნოზებსაც. გასულ კვირას, იმავე კვლევით, 2023 წლისთვის სექტორის სავარაუდო შეფასებად $15.5 ტრილიონი განისაზღვრა.
აშშ-ში შემავალი საერთაშორისო ვიზიტორთა ხარჯები პანდემიამდელ მაჩვენებელს 25%-ით ჩამოუვარდება. იგივე მონაცემები ჩინეთში 60%-ით განისაზღვრა, რაც მას, WTTC-ის ანგარიშში, 185 ქვეყნიდან ყველაზე ნაკლებად აღდგენილ ტურისტულ ეკონომიკად აქცევს.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საერთაშორისო მოგზაურობაზე მეტი თანხები შიდა მოგზაურობებისას იხარჯება. ეს მაჩვენებელი წელს $5.4 ტრილიონს აღწევს – 10%-ით მეტს 2019 წელთან შედარებით.
საერთო ჯამში, 185 გამოკითხული ქვეყნიდან წელს 2019 წლის ტურიზმის შედეგებს, სავარაუდოდ, 142 ქვეყანა გადააჭარბებს და ყველა მათგანი მიმდინარე ათწლეულშიც განაგრძობს წლიურ ზრდას.