მოლდოვის ეროვნულმა ბანკმა 2021 წლის 13 მაისს ფორმალურად დაამტკიცა გიორგი შაგიძის კანდიდატურა ქვეყნის უმსხვილესი ბანკის „Moldova Agroindbank“ გენერალური დირექტორის პოზიციაზე. შაგიძე აღნიშნულ პოზიციაზე MAIB-ის სამეთვალყურეო საბჭომ მიმდინარე წლის თებერვალში დაამტკიცა, თუმცა, ადგილობრივი რეგულაციების გათვალისწინებით, მისი კანდიდატურის ფორმალურად დამტკიცება ეროვნული ბანკის პრეროგატივა იყო.
„ჩემთვის დიდი პატივია, მოლდოვის ეროვნული ბანკის დასტურის შემდეგ, ოფიციალურად დავიკავო აღნიშნული პოზიცია, მით უფრო MAIB-ის გუნდისთვის განსაკუთრებულ წელიწადს – ბანკის 30 წლის იუბილეზე ჩვენ ერთად გადავდივართ ახალ ეტაპზე. MAIB კარგად მართული ბანკია, ძლიერი ტრადიციებითა და შესანიშნავი გუნდით. ჩემი მიზანია, განვითარება დავაფუძნო ამ სიძლიერეს და მომხმარებელთა გამოცდილება ახალ საფეხურზე ავიყვანოთ. ასევე, დავეხმარო ბანკს პირველადი საჯარო განთავსების დაგეგმვაში (IPO), რაც ხელს შეუწყობს MAIB-ს მოიძიოს ფინანსირების ახალი წყაროები და წაახალისოს ინვესტიციები მოლდოვაში. მინდა მადლობა გადავუხადო მოლდოვის ეროვნულ ბანკს, MAIB-ის სამეთვალყურეო საბჭოსა და მის აქციონერებს, ამ მნიშვნელოვანი პოზიციის მონდობისათვის“ – ასე ეხმაურება გიორგი შაგიძე მისი კანდიდატურის ოფიციალურ დამტკიცებას.
შაგიძეს საფინანსო სფეროში საქმიანობის 25-წლიანი გამოცდილება აქვს. TBC ბანკში მისი მუშაობის პერიოდში ბანკის ერთ-ერთი დიდი მიღწევა 2014 წელს ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასვლა და აქციათა პირველადი შეთავაზება იყო. ამასთანავე, შაგიძე TBC-ის უზბეკური შვილობილის CEO იყო. წარსულში ის ბრიტანულ Barclays-ში საქმიანობდა.
ცნობისთვის, MAIB მოლდოვის უმსხვილესი ბანკია — მასზე ქვეყნის საბანკო აქტივების დაახლოებით 30% და სესხების დაახლოებით 35% მოდის. ბანკი მოლდოვის მოსახლეობის 20 პროცენტზე მეტს ემსახურება და ქვეყნის უმსხვილეს დამსაქმებელთა რიცხვს მიეკუთვნება. 2018 წლიდან, MAIB- ის უმსხვილესი აქციონერია HEIM Partners Limited, გაერთიანებულ სამეფოში რეგისტრირებული კომპანია, რომელიც წარმოადგენს ინვესტორთა კონსორციუმს, რომელიც შედგება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, Invalda INVL-სა (აქტივების მართვის წამყვანი ჯგუფი ბალტიის ქვეყნებში) და Horizon Capital-სგან (კერძო ფონდი, რომელიც ორიენტირებულია განვითარებად ევროპის ბაზრებზე).