გლობალური ბაზრის კვლევის კომპანია Euromonitor International-მა, ყოველწლიურ ანგარიშში 2023 წლის ყველაზე მიმზიდველი მიმართულებები გამოავლინა. „2023 წლის ტოპ-100 მიმართულების ინდექსი“, მონაცემთა ფირმა Lighthouse-თან პარტნიორობით, რამდენიმე ძირითად კრიტერიუმზე დაყრდნობითაა შედგენილი, ესენია: ტურიზმი, მდგრადობა, ეკონომიკური მაჩვენებლები, ჯანდაცვა და უსაფრთხოება.
Euromonitor-ის ანგარიშით, მსოფლიოს ყველაზე მიმზიდველ ქალაქად საფრანგეთის დედაქალაქი პარიზი კიდევ ერთხელ დასახელდა. პირველ ათეულში შვიდი, ხოლო ტოპ-100-ში 63 ქვეყნით, რეგიონებს შორის უპირობო დომინანტი ევროპაა – ათეულში მხოლოდ სამი არაევროპული ქალაქია: დუბაი, ტოკიო და ნიუ-იორკი. სოლიდურადაა წარმოდგენილი რეიტინგში აზიის რეგიონიც, პირველ ოცეულში ვხვდებით სინგაპურს (11), სეულს (14), ოსაკასა (16) და ჰონგ-კონგს (17).
Euromonitor-ის ანგარიში რეიტინგში ევროპის დომინაციას რეგიონის „სწრაფ ურბანიზაციასა და ტექნოლოგიურ განვითარებას“ უკავშირებს. ახლა უკვე მოგზაურებს სჭირდებათ მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი, დაჯავშნისთვის მოქნილი შესაძლებლობები, ადგილები, სადაც დისტანციურად მუშაობას შეძლებენ.
„მდგრადობის, სატრანსპორტო ქსელებისა და სოციალური პროექტების გაუმჯობესება იმ ძირითად კრიტერიუმებს შორისაა, რომელთა განხორციელებაც დღეს ქალაქებს კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად, ტურისტული შესაძლებლობებისა და მომხმარებელთა სამოგზაურო გამოცდილების გასაუმჯობესებლად სჭირდებათ“, – ვკითხულობთ ანგარიშში.
აღსანიშნავია, რომ ყველაზე პოპულარული მიმართულებების ათეულში პირველად მოხვდა იაპონიის დედაქალაქი ტოკიო. მოხსენების თანახმად, სიაში ქალაქის დაწინაურება გაუმჯობესებული ტურისტული ინფრასტრუქტურის, Covid-19-ის გავრცელების შესაკავებლად დაწესებული რეგულაციების შემსუბუქებისა და დასუსტებული ეროვნული ვალუტის დამსახურებაა. ათეულის გარდა კი, გაუმჯობესებული ტურისტული მაჩვენებლებით, ახალწვეულები ჰყავს რეიტინგის ტოპ-ასეულსაც: ვაშინგტონი (48), მონრეალი (68), სანტიაგო (88) და ვილნიუსი (92).
პანდემიის შემდეგ საერთაშორისო მოგზაურობის მაჩვენებლები სწრაფ აღდგენას განაგრძობს. არსებული პროგნოზებით, 2023 წლის ბოლოსთვის მოგზაურობების რიცხვი 1.3 მილიარდს მიაღწევს, რაც გლობალური ტურიზმის ხარჯებში დაახლოებით $1.7 ტრილიონს გამოიმუშავებს.
კატეგორიების მიხედვით, მსოფლიოს ქალაქებმა საუკეთესოთა წოდება შემდეგ ნომინაციებში მოიპოვეს:
- მადრიდი: მდგრადობა – „საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც 100%-ით თავისუფალია ბენზინისგან“.
- ლონდონი: საუკეთესო ტურისტული ინფრასტრუქტურა.
- სინგაპური: ლიდერი ეკონომიკური და ბიზნესის შედეგებისა და პოლიტიკური სტაბილურობის თვალსაზრისით.
- მაკაო: ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები.
- ჰონგ-კონგი: ჯანდაცვისა და სამედიცინო სერვისების ლიდერი.
მსოფლიოს 2023 წლის ყველაზე მიმზიდველი მიმართულებების ტოპ-10 კი ასე გამოიყურება:
- პარიზი, საფრანგეთი
- დუბაი, არაბთა გაერთიანებული საამიროები
- მადრიდი, ესპანეთი
- ტოკიო, იაპონია
- ამსტერდამი, ნიდერლანდები
- ბერლინი, გერმანია
- რომი, იტალია
- ნიუ-იორკი, ამერიკის შეერთებული შტატები
- ბარსელონა, ესპანეთი
- ლონდონი, გაერთიანებული სამეფო