მთელი ქალაქი შენს სმარტფონში

მთელი ქალაქი შენს სმარტფონში

ოთხი კონტინენტი, 22 ქვეყანა, $1 მილიარდზე მეტი საბაზრო ღირებულება, 7 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი, 50 000 პარტნიორი კურიერი და 53 000-მდე პარტნიორი ობიექტი – ეს Glovo-ს მთავარი რიცხვებია. ორი წლის წინ საქართველოში შემოსული მიტანის სერვისის ესპანური სტარტაპი ახლა ბაზრის ლიდერია. კომპანიის ამ ქვეყანაში წარმატებული ოპერირების ერთ-ერთი ავტორი გიგა დემეტრაშვილია, რომელიც უკვე გასცდა საქართველოს ფარგლებს და Glovo-ს ოპერაციების ხელმძღვანელად მთლიანად აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონში დაინიშნა. კომპანიის შედეგებზე, გეგმებსა და მოლოდინებზე Forbes Georgia-მ სწორედ მასთან ისაუბრა.

[MAINPICTURE]

ბატონო გიგა, თქვენ ახლახან დაინიშნეთ ახალ პოზიციაზე. რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის და როგორია თქვენი გეგმები?

პირველ რიგში, ამ ცვლილებაში დიდი როლი ითამაშა იმ შედეგებმა, რაც Glovo-მ საქართველომ აჩვენა ამ ორი წლის განმავლობაში. გარდა იმისა, რომ Glovo საქართველოში საკმაოდ აქტიურია და პირველ ადგილს იკავებს მიტანის ბაზარზე, ოპერაციულად საუკეთესო შედეგები გვაქვს ყველა იმ ქვეყანას შორის, სადაც კომპანია ოპერირებს. ეს ნიშნავს იმას, რომ როგორც მიტანის სისწრაფით, ასევე მისი ხარისხით, Glovo-საქართველო ერთ- ერთი საუკეთესოა. ეს შედეგი, რა თქმა უნდა, უფრო მეტ შანსს აძლევს ყველა თანამშრომელს, რომ ძლიერი მხარეები წარმოაჩინოს და კომპანიაშიც წარმატებას მიაღწიოს.

რაც შეეხება უშუალოდ ახალ პოზიციას, იგი საკმაოდ მრავლის მომცველია და მთლიანად Glovo-ს ოპერაციების მართვას ითვალისწინებს 12 ქვეყანაში. ამ ქვეყნების რაოდენობა მზარდია, შესაბამისად, ამ რეგიონებში Glovo კიდევ უფრო ფართოდ იქნება წარმოდგენილი სამომავლოდ.

ჩემი ახალ პოზიციაზე გადასვლა საქართველოსთვის საინტერესოა იმ კუთხით, რომ ჩვენ კი დევ ერთი წარმომადგენელი გვეყოლება ევროპის ერთ-ერთ ყველაზე უმსხვილეს სტარტაპში. რა თქმა უნდა, მე გავაგრძელებ აქამდე აღებულ კურსს, რაც გულისხმობს იმას, რომ ყველა სიახლეს, რაც Glovo-ში დაინერგება, საქართველო ერთ-ერთი პირველი გამოცდის. ასევე რეგიონალური გუნდისგან მივიღებთ მნიშვნელოვან ინფორმაციას, თუ რა ტიპის გაუმჯობესებებია საჭირო ტექნოლოგიურ პროდუქტში.

Glovo 22 ქვეყანაში ოპერირებს. შედარებისთვის, საინტერესოა, რომელი ბაზრები გვგავს ჩვენ და რით არის საქართველო გამორჩეული ამ ბიზნესში?

საქართველოს საინტერესოდ გამორჩეული ადგილი უკავია Glovo-ს ბაზრებზე. საინტერესოა იმით, რომ ერთ-ერთი ყველაზე პატარა ქვეყანაა მოსახლეობის რაოდენობით, მაგრამ წინა რიგებშია მომხმარებლის პენეტრაციით (ერთ სულ მოსახლეზე შეკვეთების რაოდენობით). ეს მიუთითებს იმაზე, რომ ქართველები სიახლეებს საკმაოდ კარგად ვიღებთ და გვაინტერესებს, ვცდით და ვრჩებით კიდევაც აქტიურ მომხმარებლად.

რომელიმე კონკრეტულ ბაზარს ვერ გამოვყოფდი. მაგალითად, უკრაინასა და ყაზახეთში პოპულარულია ქართული სამზარეულო. ასევე ვართ წარმოდგენილი ხორვატიაში, რომელიც ჩვენნაირად პატარა ქვეყანაა და საოპერაციო კუთხით საკმაოდ თანაბარ მდგომარეობაში ვართ. არის აფრიკის ქვეყნები, მაგალითად, კენია, კოტ- დ’ივუარი, სადაც აპლიკაციის ადაპტაცია და გამოყენება საკმაოდ სწრაფად დაიწყო, ისევე როგორც ჩვენთან და ამ კუთხით აფრიკაში კიდევ უფრო მეტი წინსვლა იქნება მომავალში.

2020 წლის იანვრამდე Glovo თურქეთშიც ოპერირებდა, თუმცა შემდეგ ამ ქვეყანაში შეწყვიტეთ მუშაობა. რატომ? და აქვე გკითხავთ, რამდენად საინტერესოა სომხეთისა და აზერბაიჯანის ბაზრები? გაქვთ თუ არა გეგმები ამ კუთხით, ვინაიდან ამ ორ ქვეყანაში Glovo ჯერ არ არის წარმოდგენილი.

თურქეთს მიტანის სერვისის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, რაც თავისთავად მაღალ კონკურენციას გულისხმობს. ადგილობრივი ბაზარი განვითარებულია ე.წ. marketplace მოთამაშეებით, რაც გულისხმობს იმას, რომ ბევრ რესტორანს საკუთარი კურიერი ჰყავს და მიტანის სერვისის პენეტრაცია უკვე ძალიან მაღალია. ჩვენი სტრატეგია მდგომარეობს იმაში, რომ იმ ქვეყნებში, სადაც ვოპერირებთ, უნდა ვიყოთ წამყვან პოზიციებზე. იმისათვის, რომ თურქეთში დიდი ბაზრის წილი აგვეღო, საკმაოდ მაღალი ინვესტიციების განხორციელება მოგვიწევდა, რასაც შესაძლოა, საბოლოოდ შედეგი არ მოეტანა. ამის საპირისპიროდ გადაწყდა, რომ აღნიშნული ბიუჯეტი ისეთ ქვეყნებზე გაყოფილიყო, სადაც ბაზარზე ლიდერობის დიდი პოტენციალია. ასე მაგალითად, შემდეგი ერთი მილიარდი ინტერნეტმომხმარებელი აფრიკის რეგიონში იქნება. ამიტომაც ამ ბაზრის სწრაფად ათვისება ტექნოლოგიური კომპანიებისთვის, მათ შორის ჩვენთვისაც, სტრატეგიულად მნიშვნელოვანია.

ამ კუთხით, სომხეთსა და აზერბაიჯანსაც აქვს პოტენციალი, გახდნენ Glovo-სთვის საინტერესო ბაზრები. ამიტომ ამ გადაწყვეტილებას არ გამოვრიცხავთ. სულ ახლახან დავიწყეთ ოპერირება მოლდოვაში, ყირგიზეთსა და უგანდაში. ახალი ბაზრების ათვისება კიდევ გაგრძელდება და ამ კუთხით საინტერესო პერიოდი იქნება კომპანიისთვის. ფოკუსი ზუსტად ჩემი რეგიონია: აღმოსავლეთი ევროპა, აფრიკა, აზია.

გამოწერისა და მიტანის სერვისები პანდემიის შედეგად, შეიძლება ითქვას, ზეიმობენ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. როგორ აისახა ეს პერიოდი Glovo-ზე?

ვერ ვიტყოდი, რომ ზეიმობენ. ჩვენი მთავარი პარტნიორები, რესტორნები და სხვადასხვა კვების ობიექტები საკმაოდ დაზარალდნენ, შესაბამისად ეს, რა თქმა უნდა, ბევრ წინაღობას ქმნის განვითარებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მიტანის სერვისი, ფაქტობრივად, არ შეზღუდულა, ბევრი ობიექტი დაიკეტა, ზოგი დროებით, ზოგი სამუდამოდ, რაც მთლიანობაში ნეგატიურ გავლენას ახდენს ინდუსტრიაზე. ახლა იწყება რთული პერიოდი, როდესაც ეკონომიკური პრობლემები ყოველდღიურ მომხმარებელზეც აისახება და, რა თქმა უნ და, მსყიდველობითი უნარი შედარებით კლებულობს.

მიუხედავად ამისა, პანდემიამ მიტანის სერვისის ბევრი სარგებელი წარმოაჩინა და წინა ხაზზე გამოიყვანა ჩვენი პარტნიორი კურიერები, რომლებიც ბევრ ყოველდღიურ პრობლემას უწყვეტენ მოქალაქეებს. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ხალხს უკვე ჩამოუყალიბდა ჩვევა, რომ სახლიდან გაუსვლელად და უფრო კომფორტულად მიიღოს გარკვეული სერვისები, ეს კი მათ დროს უზო გავს. ამავე დროს კვების ობიექტებმა სწორედ ამ პერიოდში გადაწყვიტეს, რომ თავიანთი სამზარეულო მთლიანად მიტანის სერვისზე მოერგოთ, რაც ზოგისთვის საკმაოდ მოგებიანიც აღმოჩნდა. ეს გრძელვადიან პერსპექტივაში პოზიტიურად იმოქმედებს მიტანის სერვისის ინდუსტრიაზე და მას უფრო პოპულარულს გახდის.

საქართველოში Glovo ორი წლისაა. რომ შეაჯამოთ ეს პერიოდი, რა შედეგები აქვს კომპანიას?

როგორც აღვნიშნე, ამ ორი წლის განმავლობაში Glovo- საქართველომ დაამტკიცა, რომ სწრაფად განვითარება და ამავე დროს საუკეთესო საოპერაციო შედეგების ჩვენება შეუძლია. Glovo-ს შემოსვლამ საქართველოს ბაზარზე, შეიძლება ითქვას, ზოგადად მიტანის სერვისის ინდუსტრიის ზრდა გამოიწვია მთელ ქვეყანაში. ოპერირების პირველივე დღიდან გავაფორმეთ შეთანხმება “McDonald’s საქართველოსთან”, როგორც ჩვენს პარტნიორთან. ფაქტობრივად, Glovo-ს შემოსვლამდე McDelivery არც იყო საქართველოში ხელმისაწვდომი. ამის შემდეგ ექვსი თვეც არ იყო გასული, როცა მემილიონე შეკვეთა მივიღეთ.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სუპერმარკეტების მიტანის სერვისი Glovo-ს ბაზარზე შემოსვლამდე არ იყო საქართველოში ხელმისაწვდომი, ისევე როგორც აფთიაქი, მაღაზიები. მოკლედ, უცებ მთელი ქალაქი ტელეფონში გაჩნდა. მალევე დავამატეთ საქართველოს ხუთივე დიდი ქალაქი. გასული ორი წლის განმავლობაში, პარტნიორ კომპანიებთან ერთად, Glovo-მ ძალიან ბევრი, საინტერესო და გამორჩეული პროექტი შესთავაზა ერთგულ მომხმარებლებს. ამ კუთხითაც არაერთხელ ვყოფილვართ პიონერები. Glovo-საქართველოს ინიციატივა, რომელიც ორგანიზაცია CENN-თან თანამშრომლობით განხორციელდა და რომელიც გარემოზე ზრუნვას და, “შეამცირე პლასტმასას“ ფარგლებში, ერთჯერადი ჭურჭლის გამოყენების შემცირებას გულისხმობდა, Glovo-ს 22-ვე ქვეყანაში გამოიყენეს.

“ჩვენი მისიაა, რომ ერთმანეთთან დავაკავშიროთ მაღაზიები, რესტორნები, აფთიაქები, მომხმარებლები და ეს ყველაფერი მოხდეს ღილაკზე თითის ერთი დაჭერით”.  

Glovo მიტანის სერვისის ბაზარზე მარტო არ არის. რა არის თქვენი უპირატესობა, რითაც კონკურენციას უწევთ სხვა მსგავს სერვისებს?

პირველ რიგში, ჩვენი უპირატესობა სწრაფი გადაწყვეტილების მიღება და სიახლეების დანერგვაა. მიუხედავად იმისა, რომ არ ვიყავით პირველი ბაზარზე, Glovo-ს შემოსვლა მაინც ყველაზე ხმაურიანი იყო: შევძელით და განვვითარდით საქართველოს ყველა დიდ ქალაქში, და ეს ყველაფერი სულ რაღაც რამდენიმე თვეში. ასევე უკვე ერთი წელია, თბილისში 24 საათის განმავლობაში შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვენი აპლიკაცია; გვაქვს ექსკლუზიური პარტნიორობა McDonald’s-თან და ამით ძალიან ვამაყობთ; ვართ ყველაზე სწრაფი მიტანის სერვისი და ამას უზრუნველვყოფთ იმ ლოკალური საოპერაციო მიდგომებით და ტექნოლოგიური სიახლეებით, რაც უკვე დანერგილი გვაქვს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ, კონკურენტებისგან განსხვავებით ჩვენ ვართ everything app-ი, ანუ არ ვართ მხოლოდ საკვებზე ან სუპერმარკეტებზე ორიენტირებული, Glovo-თი ხელმისაწვდომია მთელი შენი ქალაქი: სუპერმარკეტები, მაღაზიები… რასაც ჩვენი აპლიკაციის მენიუში ვერ იპოვით, “რაც გინდა” ღილაკით შეგიძლიათ მოძებნოთ და შეუკვეთოთ ნებისმიერი სასურველი ნივთი ნებისმიერი მაღაზიიდან; ამას გარდა, ჩვენი პარტნიორი კურიერი საათზე ნაკლებ დროში მოგიტანთ სასურველ პროდუქტს. სწორედ ეს არის ჩვენი მისია, რომ ერთმანეთთან დავაკავშიროთ მაღაზიები, რესტორნები, აფთიაქები, მომხმარებლები და ეს ყველაფერი მოხდეს ღილაკზე თითის ერთი დაჭერით. ამ კუთხით კიდევ მრავალი სიახლე გვაქვს და ამას სულ მა ლე ქართველი მომხმარებლებიც გაიგებენ.

რა არის თქვენი მომხმარებლის მთავარი დაკვეთა? რას ითხოვს ის და შეიცვალა თუ არა მათი მოთხოვნები ბოლო ერთი წლის განმავლობაში?

მომხმარებელი ითხოვს სწრაფ და მარტივ სერვისს. მოლოდინები გაიზარდა და 30-წუთიანი მიტანის დრო სტანდარტია. როდესაც Glovo იწყებდა ოპერირებას, ყველას უკვირდა, როგორ შეიძლებოდა, მიეღო შეკვეთა 20 წუთში, ახლა ამით მომხმარებელს ვეღარ აკვირვებ.

ასევე კოვიდთან ერთად გაიზარდა უსაფრთხოების ზომებსა და ჰიგიენაზე აქცენტირება. ჩვენი მხრიდანაც მნიშვნელოვან დროს ვუთმობთ ჩვენი პარტნიორი კურიერების ტრენინგს და მკაცრად ვუდგებით ყველანაირ დარღვევას.

ამის გარდა, მომხმარებელი შეეჩვია სხვადასხვა კატეგორიის გამოყენებას Glovo-ს საშუალებით. განსხვავებით სხვა აპლიკაციებისგან, Glovo-ზე, ფაქტობრივად, ყველაფერია და ამით აპლიკაციის გამოყენების სიხშირე ერთ მომხმარებელზე საკმაოდ იზრდება.

რას იძახებენ ყველაზე ხშირად საქართველოში?

რაც უნდა უცნაური იყოს, სუპერმარკეტებიდან ყველაზე ხშირად წყალს, ბანანს და კვერცხს იძახებენ; აფთიაქებიდან კონდომს, პამპერსს და ახლა უკვე პირბადეს, ხოლო „რაც გინდა” კატეგორიიდან თამბაქოს ნაწარმს და “ფრეშ” საკვებს. ასევე სხვა ვერტიკალებიდან ხშირად იძახებენ ვარდებს – როგორც ჩანს, საქართველოში ეს ერთ-ერთი პოპულარული საჩუქარია. პანდემიის პერიოდში საგრძნობლად გაიზარდა წიგნების შეკვეთის რიცხვიც. ალკოჰოლიდან კი ყველაზე ხშირად ლუდს იძახებენ.

მიტანის სერვისების მსგავსი ბიზნესების ერთერთი გამოწვევა არის მომხმარებელთა პირადი მონაცემების დაცვა. როგორ უზრუნველყოფს Glovo ამას?

Glovo ყველა ქვეყანაში ემორჩილება GDPR (General Data Protection Regulations) რეგულაციებს, რაც მომხმარებლების მონაცემთა დაცვას მკაცრად აკონტროლებს. ჩვენი პარტნიორი კურიერები მუდმივად გადიან ტრენინგებს. მომხმარებლის პირად მონაცემებს კურიერი მხოლოდ შეკვეთის დასრულებამდე ხედავს.

სარესტორნო ბიზნესმა დიდი ცვლილებები განიცადაგლობალური პანდემიის პირობებში ბევრად პოპულარული გახდა Dark Kitchen-ის კონცეფცია. Glovo-მაც ამ კუთხით ახალი პროექტი Cook Room- შესთავაზა პარტნიორებსა და მომხმარებლებს. რას გულისხმობს ეს სივრცე?

Cook Room-ი Glovo-ს პროექტია, რომელიც გულისხმობს მხოლოდ მიტანის სერვისზე გათვლილ სივრცეს, სადაც გაერთიანებული იქნება Glovo-ს პარტნიორი რესტორნების ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული, სპეციალურად აღჭურვილი სამზარეულოები. ახალი პროექტის საშუალებით, Glovo-ს პარტნიორ ობიექტებს შესაძლებლობა აქვთ, დაამატონ ახალი ლოკაცია ქალაქის სხვადასხვა უბანში, რომელიც მხოლოდ მიტანის სერვისზე არის ორიენტირებული. შესაბამისად, უფრო მეტ ადამიანს აქვს შესაძლებლობა, ისარგებლოს კონკრეტული ობიექტის მომსახურებით, თანაც ისე, რომ შემცირდეს რესტორნის დატვირთულობა და დრო, რომელიც თქვენი საყვარელი კერძის მომზადებას სჭირდება. ამის მიზეზი ისაა, რომ ახალი ლოკაცია მხოლოდ და მხოლოდ მიტანის სერვისსა და მომხმარებლისთვის შეკვეთის დროულ მომზადებაზე არის გათვლილი.

მნიშვნელოვანია, რომ Cook Room-ში ჩართვისთვის პარტნიორ რესტორნებს არ უწევთ დამატებითი რესურსის დათმობა, რადგან Glovo უზრუნველყოფს ყველა საჭირო ინფრასტრუქტურასა და მართვის ნაწილს. პარტნიორებმა სივრცე მხოლოდ მზარეულებით, საჭირო პროდუქციითა და განსაკუთრებული მოსამზადებელი აღჭურვილობით უნდა უზრუნველყონ. Cook Room-მა უკვე ძალიან კარგი შედეგები აჩვენა ოპერაციული კუთხით. საკვები მომხმარებლამდე მიდის იდეალურ მდგომარეობაში და თან სწრაფად, ხოლო პარტნიორი რესტორნების გაყიდვები საგრძნობლად გაიზარდა და ეს ოპერაციული სირთულეების აღმოფხვრის დამსახურებაა.

ბევრი ამბობს, რომ ბიზნესი არ არის მხოლოდ მოგება, ეს არის სოციალური პასუხისმგებლობაც. რას აკეთებს Glovo CSR-ის კუთხით?

Glovo-საქართველო ამ კუთხით განსაკუთრებით აქტიურია. ჩვენ ყოველ წელს ვახორციელებთ Glovo Care-ის პროექტს, რაც არაჩვეულებრივი ინიციატივაა და გულისხმობს შემდეგს: Glovo-ს ოფისის თანამშრომლები თავისუფალ დროს კურიერის ამპლუას ირგებენ, ხოლო გამომუშავებული თანხა მთლიანად ერიცხება ადგილობრივ ორგანიზაცია charte.ge-ს, რომელიც უზრუნველყოფს ინტერნეტის ყოველთვიური გადასახადის ან კომპიუტერის დაფინანსებას სოციალურად დაუცველი უფროსკლასელებისთვის. გარდა პროექტის კეთილშობილური მიზნებისა, ჩვენი ე.წ. ბექ-ოფისის ნებისმიერი თანამშრომელი უკეთ ეცნობა იმას, თუ როგორაა შესაძლებელი შეკვეთის მიტანის პროცესის კიდევ უფრო დახვეწა და გამარტივება.

CSR პროექტებიდან საამაყოა ასევე ჩვენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პარტნიორ visa-სთან ერთად განხორციელებული პროექტი, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით კათარზისის ბენეფიციარებს. კარანტინის პირველი დღეებიდან დღემდე ჩვენ კათარზისის 400-მდე ბენეფიციარს ვეხმარებით. ჯამში 8000-ზე მეტჯერ მივიტანეთ მათთან სახლში საკვები უფასოდ.

ჩემთვის, როგორც ოპერაციების ხელმძღვანელისთვის, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პროექტს – “პაჩამას ინიციატივასაც” გამოვყოფდი. პირველივე დღიდან მოყოლებული, მდგრადი განვითარება და ეკომეგობრულობა Glovo-ს დნმ-ის ნაწილია: პროექტის ფარგლებში ჩვენ დავიწყეთ გლოვერების სატრანსპორტო საშუალებების მიერ გამოყოფილი CO-ის 100%-ით კომპენსაცია. ამას ვაკეთებთ ნახშირბადის კრედიტებში ინვესტირებით “პაჩამას” მეშვეობით. ეს არის ტექკომპანია, რომელიც ორიენტირებულია ტყეების აღდგენის პროექტების მონიტორინგზე. ამასთან, ჩვენი მიტანის სერვისი უკვე ნახშირბადისგან ბევრად თავისუფალია, რადგან გლოვერების მესამედი ველოსიპედების მეშვეობით გადაადგილდება. ასევე, მაისში შემოვიღეთ დანა-ჩანგლის არასავალდებულო დამატების ფუნქცია აპლიკაციით, კერძოდ, ყოველი შეკვეთისას, მომხმარებლებს ვეკითხებით, სურთ თუ არა ერთჯერადი დანა- ჩანგლის დამატება.

როგორც უკვე ვისაუბრეთ, მიტანის სერვისის საჭიროება და მნიშვნელობა განსაკუთრებით გამოჩნდა .. ლოკდაუნის პერიოდში. თქვენი ხედვით, როგორია ამ ბიზნესის მომავალი?

მიტანის სერვისი უფრო მეტად იქნება ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი. მაგალითად, შაბათ-კვირას თუ დიდ დროს ვუთმობდით სუპერმარკეტში კვირის სურსათის შეძენას, ახლა ბევრი ვეღარ ხვდება ამ “ტრადიციის“ აუცილებლობას. რატომ უნდა დახარჯო დრო სუპერმარკეტში, როცა შეგიძლია, რამდენიმე ღილაკზე თითის დაჭერით ის მიიღოთ სახლში, რაშიც ორ საათს ხარჯავდით აქამდე. იგივე მოხდება სხვა მიმართულებებითაც: აფთიაქი, საჩუქრები, ყვავილები და ა.შ.

ამის გარდა, ბევრად უფრო ხშირად გამოვიყენებთ საჭმლის მიტანის სერვისს, ამ კუთხით მომხმარებლის პენეტრაცია ჯერ კიდევ საკმაოდ დაბალია. ადამიანი დღეში სამჯერ მიირთმევს საკვებს, რაც ნიშნავს, რომ პოტენციური ბაზარი ძალიან დიდია. მიტანის სერვისი კი ჯერჯერობით ამ ბაზრის 1%-საც ვერ ფარავს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.