ვენეციის 59-ე საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს პავილიონს მარიამ ნატროშვილის და დეთუ ჯინჭარაძის ნამუშევარს: „მე ვწუხვარ ბაღზე“ პლატფორმა „მდგომარეობებს შორის” წარმოადგენს მისი დამფუძნებლების: ვატო ურუშაძის, ხატია ჭოხონელიძის და გიორგი სპანდერაშვილის კურატორობით. „მდგომარეობებს შორის” – მულტიმედია სახელოვნებო პრაქტიკებზე დაფუძნებული დამოუკიდებელი პლატფორმაა, რომელიც მედია-ხელოვნებას, ტექნოლოგიებს, მეცნიერებას და თანამედროვე კულტურის სხვა სინთეზურ მოცემულობებს აერთიანებს. პლატფორმის ფუნქციონირების მთავარ პრინციპს კომპლექსური კურატორული მიდგომა წარმოადგენს, რომელიც მიზნად ისახავს ახალი გამომსახველობითი და რეპრეზენტაციული ფორმების კვლევას. “მდგომარეობებს შორის” 2018 წელს დაფუძნდა და მას შემდეგ ყოველწლიურად მართავს ფართო მასშტაბის გამოფენებს, რითაც ხელს უწყობს საქართველოში ახალი მედია-ხელოვნების განვითარებისთვის კონტექსტის შექმნას. www.inbetween.media
აღსანიშნავია, რომ წლევანდელ პროექტს კურატორობას უწევს კურატორების ერთობა, პლატფორმა და არა ცალკეული კურატორი, როგორც აქამდე იყო მიღებული პრაქტიკაში.
„მდგომარეობებს შორის“ გუნდის უშუალო ჩართულობის შედეგად 2021 წელს თბილისი შეუერთდა UNESCO-ს შემოქმედებითი ქალაქების ქსელს, UCCN და მიენიჭა მედია ხელოვნების ქალაქის სტატუსი 4 წლით. ფაქტი, რომ საქართველოს ეროვნული პავილიონი წელს ასევე წარსდგება ვენეციის 59-ე ბიენალზე მულტიმედია/VR ნამუშევრით მნიშვნელოვნად აძლიერებს ზოგადად მედია ხელოვნების განვითარებისა და ინტერნაციონალიზაციის პროცესის თანმიმდევრულობას.
2021 წლის 5 ოქტომბერს, საქართველოს კულტურის სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა 2022 წლის ვენეციის ბიენალეზე საქართველოს ეროვნულ პავილიონში წარსადგენი პროექტის შერჩევის მიზნით. გამარჯვებული პროექტი „მე ვწუხვარ ბაღზე“ კონკურსის გზით გამოვლინდა.
საქართველოს ეროვნული პავილიონისთვის საგამოფენო სივრცე (Spazio Punch) კუნძულ ჯუდეკაზე შეირჩა. საქართველოს ეროვნული პავილიონი დამთვალიერებელს 2022 წლის 23 აპრილიდან 27 ნოემბრამდე უმასპინძლებს.
„მე ვწუხვარ ბაღზე“ თბილისში მცხოვრები და მომუშავე მხატვრების, მარიამ ნატროშვილის და დეთუ ჯინჭარაძის ნამუშევარია. ის მოგვითხრობს დასასრულის წინათგრძნობაზე. დიდი ზომის ვიდეო ინსტალაციის და VR გამოცდილების საშულებით მნახველს ანთროპოცენის ეპოქის მაგიურ რეალიზმში იწვევს. ბუნებრივი და კულტურული ლანდშაფტების მოსალოდნელ ცვლილებებს მხატვრები ვირტუალური რეალობის ენაზე თარგმნიან, მედიუმის, რომელშიც ბოლო 3 წლის განმავლობაში მუშაობენ.
VR გამოცდილების ცენტრალური სცენა გადაშენებული მცენარეების ბაღია. ვირტუალური ბაღი – ადამიანის ჩარევის შედეგად გამქრალ მცენარეებს აერთიანებს. აჩრდილების ბაღი, ეკოლოგიური კრიზისი, როგორც დასასრულის ერთ-ერთი ნიშანი. უკანასკნელ 250 წელიწადში დედამიწაზე, სხვადასხვა ადგილებში, 600-მდე მცენარე გაქრა.
ვიდეო ნამუშევარში ვიზუალური რიგითობა წინასწარ განსაზღვრული არ არის და თვითგენერირებადია. ვიდეო-თამაშის პლატფორმაზე აწყობილი VR გამოცდილება ინტერაქციულია. “მე ვწუხვარ ბაღზე” მაყურებელს თხრობის მითო-პოეტური ფორმებით მოდელირებულ იმერსიულ გარემოში აქცევს. ეს არის პოეტური ნაწარმოები, რომელიც ტექნოლოგიური ეპოქით განპირობებული ახალი სიურრეალიზმის ენით დასასრულსა და დასაწყისზე გვესაუბრება.
„მე ვწუხვარ ბაღზე“
მხარდამჭერი: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
კომისარი: მაგდა გურული
მხატვრები: მარიამ ნატროშვილი და დეთუ ჯინჭარაძე
ორგანიზაცია: „მდგომარეობებს შორის”
კურატორები: გიორგი სპანდერაშვილი, ხატია ჭოხონელიძე, ვატო ურუშაძე
ადგილობრივი პარტნიორი: Nuova Icona
პარტნიორი: Spazio Punch
ხმის დიზაინერი/კომპოზიტორი: დავით ხორბალაძე
CTO: ალექს ლაშხი, StormBringer Studios OÜ
გამოფენის დიზაინერი: ლუკა მუროვეკ (ჩ), raumlaborberlin
კონსულტანტ/ბიოლოგი გადაშენების პირას მყოფი მცენარეების საკითხებში: რაფაელ გოვართსი, Head of Plant & Fungal Names, Royal Botanic Gardens, Kew (UK)
ტექსტის რედაქტორი: გაბრიელ ადამსი
ექსპოზიციის დიზაინისა და არქიტექტურის მიმართულებით პროექტის გუნდი თანამშრომლობს კომპანიაა raumlaborberlin-თან, რომელიც მრავალი საერთაშორისო პრიზის, მათ შორის, 2021 წლის ვენეციის არქიტექტურის ბიენალეს ოქროს ლომის მფლობელია.